პირის მიერ დივიდენდის განაწილება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან და მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა N 2639
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
პირის მიერ დივიდენდის განაწილება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან და მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა N 2639
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“ დაფუძნებულია 2017 წლის 1 იანვრამდე ორი ფიზიკური პირის მიერ. დაფუძნებიდან 2017 წლამდე საანგარიშო პერიოდში შპს „X“-მა მიიღო წმინდა მოგება 200 000 ლარის ოდენობით, რომელიც არ გაუნაწილებია. ამასთან, საგადასახადო მიზნებისთვის საწარმოს მიერ დეკლარირებულმა დასაბეგრმა მოგებამ შეადგინა 300 000 ლარი. დარიცხული მოგების გადასახადი იყო 45 000 ლარი. 2017 წლის განმავლობაში შპს „X“-მა დამატებით მიიღო 100 000 ლარის წმინდა მოგება. ამავე წლის მაისის თვეში საწარმომ დარიცხული მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში გადაიხადა 30 000 ლარი. 2018 წლის აპრილის თვეში შპს „X“ -მა მიიღო გადაწყვეტილება გაუნაწილებელი მოგების 250 000 ლარის ოდენობით განაწილების თაობაზე.
· შპს „X"-ს საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში 2018 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. სსკ-ის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
· სსკ-ის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს საგადასახადო კოდექსის 98 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
· 2018 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდში შპს „X“ ვალდებული იყო მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში აესახა 250 000 ლარი და დაერიცხა მოგების გადასახადი 44 117 ლარის ოდენობით (250 000/0,85*15%). იმის გათვალისწინებით, რომ შპს „X“ -ის მიერ მოგების განაწილება ხდება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან (250 000 ლარის ოდენობის გასანაწილებელი მოგებიდან ითვლება, რომ 200 000 ლარი არის წინა წლებში მიღებული მოგება), სსკ-ის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, საწარმოს უფლება აქვს ჩაითვალოს გადახდილი მოგების გადასახადის თანხა 30 000 ლარის ოდენობით (A-200 000 ლარი, B – 30 000 ლარი, C – 200 000 ლარი, D – 0 ლარი), მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლამდე დარიცხული მოგების გადასახადი ბიუჯეტში გადახდილ იქნა 2017 წლის მაისის თვეში. შპს „X“ -ის მიერ გადასახდელი მოგების გადასახადი შეადგენს 14 117 ლარს.
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით