ბრძანება N 24189
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24189
02 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----- - ის “ (ს/ნ "------")
(ფაქტ.მის.: "------")
2023 წლის 29 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 29 მაისის №81323/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 მაისის №001-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში ხელფასად განხილული თანხების დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ საწარმომ ხელფასები და სხვა განაცემი გადაუხადა ფიზიკურ პირებს, მაგრამ გადახდა განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშება განხორციელდა ე.წ.„აგროსვის“ მეთოდით და საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ნაცვლად 20%-ისა, გამოყენებულ იქნა 25%, შესაბამისად, ხელოვნურად გაზრდილ იქნა დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას და აცხადებს, რომ კომპანია ყველა მიღებულ ავანსზე და შესრულებულ სამუშაოებზე ზედმიწევნით შესაბამის ვადებში გამოწერდა ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს და ყველა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა აისახებოდა ყოველთვიურ დღგ-ს დეკლარაციაში. მომჩივანი ითხოვს კომპანიის ავანსის და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შესწავლას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებას.
3. არ ეთანხმება შპს „------ - ის “ მიერ გამოწერილი ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას. აცხადებს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ყალბად ან ფიქტიურ ოპერაციად განხილვა არის უკანონო, ვინაიდან ყველა სამუშაოები შესრულებულია და ჩაბარებულია დამკვეთისათვის და ექსპერტიზის შედეგად ნაკლი გამოვლენილი არ არის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №285 და 27 თებერვლის №3647 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს მომჩივანის (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 4 მაისის №9818 ბრძანება და ამავე თარიღის №001-74 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 8 968 341 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 594 321 ლარი, ჯარიმა 5 835 271 ლარი და საურავი 538 749 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. შესამოწმებელი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელფასის განაცემები შეადგენს 179 910 ლარს, ხოლო გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), წარმოდგენილია ჯამში 47 319 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მომსახურების (ფართის იჯარა, ტექნიკის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქირაობა, სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურებები, ასფალტის დაგების, სარემონტო, კომპიუტერული და სხვა მომსახურებები) მიღება. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი. შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემები განისაზღვრა სულ 657 055 ლარით, ხოლო გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემები (გარდა პროცენტისა) – 477 231 ლარით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 175 101 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გადამხდელის საქმიანობის სახეა გზებისა და ავტობანების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მოგებული აქვს ტენდერები და სამუშაოები შესრულებული აქვს "-----"-ის , "------"-ის , "------"-სა და "-------"-ის მუნიციპალიტეტისთვის. სატენდერო ხელშეკრულებების საგანი ძირითადად არის გზების მოწყობის, მოვლა-შენახვის, ასევე, მეწყერით დაზიანებული სარწყავი არხის სათავე ნაგებობის და სარწყავი ქსელის მოწყობის სამუშაოები. დაკვეთილი სამუშაოების შესრულება ძირითადად ქვეკონტრაქტორების საშუალებით ხდებოდა. საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დღგის დეკლარაციების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვა წარმოდგენილია ჯამში 15 288 723 ლარის ოდენობით. შემოსავლები მიღებული აქვს მხოლოდ 2020-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში.
შემოწმების პროცესში დამუშავდა საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა უწყებებიდან შემოსული ინფორმაცია/მასალა/დოკუმენტაცია. ბრუნვა დათვლილია შესრულებული სამუშაოების მიღება/ჩაბარების აქტების და ჩარიცხული ავანსების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ შესრულებულ სამუშაოებზე და ავანსებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ხშირად გამოწერილი არ არის, თუმცა ოპერაციის განხორციელება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით და ჩარიცხული თანხებით. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა 16 410 039 ლარის ოდენობით, რაც დეკლარირებულზე 1 121 316 ლარით მეტია.
3. შპს „------- - ის“(ს/ნ "------") მიერ მომჩივანის სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული კომპანია მომჩივანის ქვეკონტრაქტორია 2021 წლიდან. გადასახადის გადამხდელს შპს „------- - ის “ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დღგ-ს თანხები, გათვალისწინებული აქვს ჩასათვლელ თანხებში. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები შპს „-------“-ის (ს/ნ "------") მიერ არ განხორციელებულა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები და გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ხოლო ამავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების, საბანკო ამონაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემები განისაზღვრა სულ 657 055 ლარით, ხოლო გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემები (გარდა პროცენტისა) – 477 231 ლარით, რაც დეკლარირებულ მონაცემებზე მეტია. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებები, ხოლო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის დეკლარირება არ ხდებოდა ბიუჯეტში გადასახდელი თანხის უქონლობის გამო. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, კომპანია იყო ვალდებული შეესრულებინა საგადასახადო აგენტის ვალდებულება და დაეკავებინა გადასახადი. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ გადასახდელი თანხა მოიცავდა საშემოსავლო გადასახადსაც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა უწყებებიდან შემოსულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ასევე, შესრულებული სამუშაოების მიღება/ჩაბარების აქტების და ჩარიცხული ავანსების მიხედვით. აღნიშნულის შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება დეკლარირებულ მონაცემს, რაზეც გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოებსა და ავანსებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი არ არის. სამუშაოს შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები და ჩარიცხული ავანსები სრულყოფილად იყო აღრიცხული ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამა „ორისში“. დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შემოწმების პროცესში გაიგზავნა გადასახადის გადამხდელთან, რაც კომპანიის ბუღალტრის მიერ დაკორექტირდა, ხოლო შემოწმების მიერ აღნიშნული კორექტირებები გათვალისწინებულ იქნა დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას. შესაბამისად, ყველა ავანსი განაშთულ იქნა ბრუნვაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ხოლო ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ქვეკონტრაქტორი კომპანიის - შპს „------- - ის “ მიერ მომჩივანის სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს გაუუქმდა მიღებული ჩათვლა და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში ხელფასად განხილული თანხების დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.მომჩივანი ითხოვს კომპანიის ავანსის და საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შესწავლას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გადაანგარიშებას.
3. არ ეთანხმება მეორე კომპანიის მიერ გამოწერილი ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. კომპანიას უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მომსახურების მიღება. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2.შემოწმების პროცესში დამუშავდა საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა უწყებებიდან შემოსული ინფორმაცია/მასალა/დოკუმენტაცია. ბრუნვა დათვლილია შესრულებული სამუშაოების მიღება/ჩაბარების აქტების და ჩარიცხული ავანსების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ შესრულებულ სამუშაოებზე და ავანსებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ხშირად გამოწერილი არ არის, თუმცა ოპერაციის განხორციელება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით და ჩარიცხული თანხებით. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა რაც დეკლარირებულზე მეტია.
3. ერთ-ერთი კომპანიის მიერ მომჩივანის სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
აღნიშნული კომპანია მომჩივანის ქვეკონტრაქტორია 2021 წლიდან.გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული დღგ-ს თანხები, გათვალისწინებული აქვს ჩასათვლელ თანხებში. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები კომპანიის მიერ არ განხორციელებულა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. შედეგად, შგადამხდელის მიერ დეკლარირებული ჩასათვლელი თანხები და გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
100,101,102,154,159,160,161,163,164,173,174,175,176,178,280.