გადაწყვეტილება №17755/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17755/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17755/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------- 12.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17755/2/2022).

 

დავის საგანი:

სანებართვო მოსაკრებლის თანხის დაბრუნებაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 3.08.2022 წლის №21-11/71614 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22977 ბრძანება.

ზედმეტად გადახდილი თანხა: 200 000 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, 2020 წლის 6 იანვარს გადახდილი 200 000 (ორასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასტური, რათა განხორციელდეს ზედმეტად (უსაფუძვლოდ) გადახდილი თანხის დაბრუნების ოპერაცია.

მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა აღნიშნულ შემთხვევაში თანხის დაბრუნების შესახებ.

გადასახადის გადამხდელმა მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილების გაუქმების და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით 8.08.2022 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22977 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით.

შემოსავლების სამსახური იზიარებს მომსახურების დეპარტამენტის პოზიციას, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დაკმაყოფილდეს მომჩივნის მოთხოვნა და მოხდეს გადახდილი სანებართვო მოსაკრებლების უკან დაბრუნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 3 აგვისტოს №21-11/71614 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ახორციელებდა ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას, რისთვისაც 2020 წლის 6 იანვარს მის მიერ გადახდილი იქნა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაკრებელი 200 000 (ორასი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიწოდება, რამაც ტოტალიზატორის საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის 18 მარტიდან, მოცემული პერიოდისათვის გადამხდელის მიერ 2020 წლის 6 იანვარს უკვე გადახდილი იყო „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად შეჩერებული იქნა ტოტალიზატორის მოწყობის № ----------- ნებართვით დაშვებული საქმიანობა, ობიექტი დაკეტილი იყო 2021 წლის პირველ მარტამდე.

2021 წლის აპრილიდან ტოტალიზატორის მოწყობის №---------- ნებართვით დაშვებული საქმიანობის განახლების შემდგომ, მიმართა შემოსავლების სამსახურს, მის მიერ გადახდილი მოსაკრებლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელში ჩათვლის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა და ამასთან, გადამხდელი დაჯარიმდა სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო 10 000 ლარით.

მოსაკრებელი (200 000 ლარი) გადახდილი აქვს 2020 წლის 6 იანვარს, თუმცა სახელმწიფოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მისი ფინანსური მდგომარეობა და არ განხორციელდა მისი ჩათვლა, გადატანა მომდევნო წლის მოსაკრებელში გადახდილად, რის გამოც დაჯარიმდა მოსაკრებლის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო სოლიდური თანხით, აღნიშნული გარემოება, მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს მის ეკონომიკურ საქმიანობას, რის გამოც იძულებული იქნება შეწყვიტოს ეკონომიკური საქმიანობა.

ვინაიდან საჯარო კანონმდებლობა არ მოიცავს პირდაპირ დანაწესს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გადახდილი მოსაკრებლის გადახდის საფუძვლის გაუქმების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნების წესს, სახელმწიფო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს უპირველეს ყოვლისა, საჯარო სამართალში მოქმედი კანონიერების პრინციპით, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია სახელმწიფომ დაუშვას პირის ქონების ხარჯზე სახელმწიფო ქონების გაზრდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე.

მიაჩნია, რომ მის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი.

აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მის მიერ გადახდილი 200 000 ლარი, რომელიც არ იქნა მიქცეული კანონის შესაბამისად სანებართვო მოსაკრებელში, წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის უსაფუძვლოდ გამდიდრების შემთხვევას. მის მიერ ბიუჯეტში მოსაკრებლის თანხის გადახდის საფუძველი მოგვიანებით გაუქმდა.

შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მისი კუთვნილი ქონებრივი სიკეთე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა მოქცეული სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამართალში მოქმედ კანონიერების პრინციპს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.

აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 1011 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელები უფლებამოსილი არიან, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104 , 105 , 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით, შესაბამისი ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.

საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 მუხლით განისაზღვრა დაშვებული ან შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო აღნიშნავს, რომ პანდემია თავისი არსით წარმოადგენს ფორსმაჟორული გარემოებას, რომელიც პირის მიერ წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას არ იძლევა და სცდება მისი კონტროლის ფარგლებს.

ამასთანავე, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა გამომდინარეობს პანდემიით გამოწვეულ ფორსმაჟორული გარემოებიდან და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ფორსმაჟორულ გარემოებასა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შეზღუდვას შორის. ასევე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან შეუძლებელი იყო გონივრულობის ფარგლებში ფორსმაჟორული გარემოების დადგომის გათვალისწინება და შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22977 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სანებართვო მოსაკრებლის თანხის დაბრუნებაზე უარი.

 

ფაქტობრივი გარემოება

გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, 2020 წლის 6 იანვარს გადახდილი 200 000 (ორასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების თაობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ თანხის დაბრუნებისათვის აუცილებელია შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასტური, რათა განხორციელდეს ზედმეტად (უსაფუძვლოდ) გადახდილი თანხის დაბრუნების ოპერაცია.

მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა აღნიშნულ შემთხვევაში თანხის დაბრუნების შესახებ. გადაწყვეტილების გაუქმების და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით 8.08.2022 წელს გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22977 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304 (1 „ბ“)

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი

საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილება

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილება