დასაბეგრი პირები / ეკონომიკური საქმიანობა
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
#assignedTableId-1674199193776 {border: none; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო:
ბულგარეთი
საქმის ნომერი:
C-62/12
მხარეები:
GalinKostov v. Direktor na Direktsia ‘Obzhalvane i upravlenie na izpalnenieto’-grad Varna pri Tsentralno upravlenie na Natsionalna agentsia za prihodite
თარიღი:
13/06/2013
სამართლებრივი საფუძველი:
· 2006წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი
· 2006წლის 28 ნოემბრის დირექტივის 193-ე მუხლი
შესაბამისი ნორმები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:
· 158-ე მუხლის პირველი ნაწილი
· 1652 მუხლის პირველი ნაწილი
დასაბეგრი პირები / ეკონომიკური საქმიანობა
ფაქტობრივი გარემოება
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც წარმოადგენს კერძო აღმასრულებელს, ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა შუამავლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურმა პირმა, როგორც კომპანიის აგენტმა, იკისრა ვალდებულება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოწყობილ აუქციონებზე გაეკეთებინა ფასის შეთავაზება. მას აუქციონის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შეძენილ უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლება უნდა გადაეცა კომპანიისთვის.
თავის მხრივ, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ აანაზღაურებდა ფიზიკური პირის მიერ შეძენილი მიწების ღირებულებას, შეიძენდა აგენტის მიერ მოპოვებულ აღნიშნულ უძრავ ქონებას და მას გადაუხდიდა ანაზღაურებას აუქციონში მონაწილეობისთვის. აღნიშნული ანაზღაურება რჩებოდა ფიზიკურ პირს აუქციონის წარუმატებლობის შემთხვევაშიც.
აგენტის ანაზღაურება გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღესვე. აგენტმა მოიპოვა საკუთრების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებებზე. აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ შუამავლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობები გადასცა სხვა იურიდიულ პირს.
საგადასახადო ორგანომ ფიზიკურ პირს დააკისრა დღგ-ის გადახდის ვალდებულება, მიიჩნია, რა, რომ ფიზიკურმა პირმა ანაზღაურება მიიღო დასაბეგრი ოპერაციის - მომსახურების გაწევის სანაცვლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფიზიკური პირის მიერ. იგი აცხადებდა, რომ მან აღნიშნული მომსახურება გასწია ერთჯერადად და არა იმ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, რომლიდან გამომდინარეც (როგორც თვითდასაქმებული კერძო აღმასრულებელი) რეგისტრირებული იყო დღგ-ის გადამხდელად.
დავამ გადაინაცვლა ევროპის სასამართლოში.
დასმული კითხვა
ფიზიკური პირი, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია მისი, როგორც კერძო აღმასრულებლის, საქმიანობიდან გამომდინარე, განიხილება თუ არა დასაბეგრ პირად დირექტივის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის და ეკისრება თუ არა მას დირექტივის 193-ე მუხლის მიხედვით დღგ-ის გადახდის ვალდებულება ერთჯერადად გაწეული იმ მომსახურებისთვის, რომელიც დაკავშირებული არ არის მისი, როგორც კერძო აღმასრულებლის საქმიანობასთან.
სასამართლოს გადაწყვეტილება
დასმული კითხვა ემსახურება იმის დაზუსტებას, განიხილავს, თუ არა დირექტივის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი დღგ-ის მიზნებისთვის რეგისტრირებულ კერძო აღმასრულებელს დასაბეგრ პირად ნებისმიერი სხვა ეკონომიკური საქმიანობის ერთჯერადად განხორციელების შემთხვევაშიც.
უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს შეფასებით ადგილი აქვს არა მომსახურების გაწევას, არამედ საქონლის მიწოდებას დირექტივის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, თუმცა სასამართლომ მოცემულობად მიიღო ბულგარეთის ეროვნული სასამართლოს მიერ მისდამი მიმართვაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები და კონტექსტი, რომლის მიხედვითაც სამართალურთიერთობა საქონლის მიწოდებად არის დაკვალიფიცირებული.
დირექტივის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დასაბეგრი პირი არის ნებისმიერი პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას ნებისმიერ ადგილას, აღნიშნული საქმიანობის მიზნისა და შედეგის მიუხედავად. ამავე ნაწილის მიხედვით, მწარმოებლების, ვაჭრებისა და სერვისის მიმწოდებლების ნებისმიერი საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად.
დირექტივის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი მხოლოდ ერთჯერადად ახორციელებს ოპერაციას, ის არ განიხილება დასაბეგრ პირად, თუმცა ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ საქმიანობაში ჩართულ დასაბეგრ პირს ერთჯერადად სხვა საქმიანობის განხორციელებისას არ წარმოეშობა დღგ-ის გადახდის ვალდებულება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს დასაბეგრ პირს დღგ-ის მიზნებისთვის მისი, როგორც კერძო აღმასრულებლის საქმიანობიდან გამომდინარე, განხილულ უნდა იქნას დასაბეგრ პირად ასევე ერთჯერადად განხორციელებული სხვა ნებისმიერი აქტივობის მიზნებისთვისაც.