ბრძანება N 9956

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.05.2025
№ დოკუმენტი 9956
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9956

19 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 24 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №95248/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 აპრილის №068-3 საგადასახადო მოთხოვნასა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 16 აპრილის №068-906 შეტყობინებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა კონკრეტულად შერჩეული საქონლის მიღება-რეალიზაციით, სადაც თვითღირებულებაში არ აისახა საწვავის ხარჯი, რითაც დაწიეს თვითღირებულება და გაზარდეს ფასნამატი, გამოავლინეს დანაკლისი და აღნიშნულის შედეგად დაერიცხათ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები. გადამხდელი აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული შედეგი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან კომპანია ასეთ მაღალ ფასნამატზე კი არა, რეალურად ზარალზე მუშაობს. აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი იქნა შემოწმების პერიოდში მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება. გადამხდელის მოთხოვნაა გათვალისწინებული იქნას მათი მხრიდან შემოწმების პერიოდში მიწოდებული დოკუმენტები, შეიცვალოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი და დანაკლისი. აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენენ დამატებით ახსნა-განმარტებას და დოკუმენტაციას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2025 წლის 16 აპრილის №068-906 შეტყობინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1636 და 31 მარტის №6105 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 აპრილის №7138 ბრძანება და ამავე თარიღის №068-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 306 545 ლარი, მათ შორის, გადასახადი 181 262 ლარი, ჯარიმა 90 767 ლარი, საურავი 34 514 ლარი.

ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, შპს „-------“ (ს/ნ -------) მიმართ გამოიცა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 16 აპრილის №068-906 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა საპოხი, საცივებელი პროდუქტებით და სხვა საავტომობილო სათბობით. პირი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ძირითადად ახორციელებს თურქეთიდან იმპორტის გზით. შპს „-------" არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აღრიცხავს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს რაოდენობრივ და თანხობრივ ჭრილში, ამასთან, არ ხდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით საწარმოს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, საქონლის ჩამოწერა ხდება ერთიანი ფასნამატით, ხოლო კომპანიის საქმიანობა შესამოწმებელ პერიოდში იყო არამომგებიანი. 2022 წლის მაისსა და ნოემბრის თვეში გადამხდელის მიერ განხორციელდა საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად შეეფარდა შესაბამისი სანქცია. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 თებერვალს შპს „-------" საქმიანობის ფაქტობრივ მისამართზე (-------, -------) ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის მიხედვით გამოვლინდა საქონლის ნაშთი 660 163 ლარის საბაზრო ღირებულებით.

წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პირის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მთლიანი ბრუნვის 67%-ს. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზით დადგენილი ფასნამატი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 136-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე თვეების საანგარიშო პერიოდების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის მდგომარეობით დადგენილ ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილს ნაშთს შორის სხვაობის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. პირს დაერიცხება ჯარიმა 5 101 ლარის ოდენობით.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების მონაცემისა და საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავლების სამსახური 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N5-ის მიხედვით, სალაროს ნაშთი შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზით დადგენილი ფასნამატი (შესამოწმებელ პერიოდში პირის დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მთლიანი ბრუნვის 67%-ს.). შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების მონაცემისა და საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შედეგად, სალაროს ნაშთი შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჰქონდა სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის, მივლინების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტის და საწვავის ხარჯები. მომჩივნის განმარტებით შემოწმებას არ გაუთვალისწინებია აღნიშნული ხარჯები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, საწვავის ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ. ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელის მოთხოვნაა გათვალისწინებული იქნას მათი მხრიდან შემოწმების პერიოდში მიწოდებული დოკუმენტები, შეიცვალოს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი და დანაკლისი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზით დადგენილი ფასნამატი. შედეგად, გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების მონაცემისა და საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შედეგად, სალაროს ნაშთი შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საწვავის ხარჯები განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 101; 154; 238