გადაწყვტილება №26306/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26306/2/2025
26 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 11.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26306/2/2025).
დავის საგანი:
მომჩივნის, როგორც ცრუმაგიერი პირის მიმართ განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 25.09.2025 წლის №011-2025-151660 ბრძანება, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 9.12.2025 წლის №27104 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 8.04.2022 წლის (საქმე №3/8082-21) ბრძანებით მომჩივანი, სხვა პირებთან (-----) ერთად აღიარებულ იქნენ შპს „---ს“ (ს/ნ ----) ცრუმაგიერ პირებად. სასამართლომ ბრძანებაში აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 5.03.2020 წლის განაჩენის (საქმე №1/3967-19) 1.1.4 პუნქტით დადგენილია, რომ ---მ შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ----ის და გამოძიებით დაუდგენელი პირების მონაწილეობით და ხელმძღვანელობდა დანაშაულის განხორციელებას, კერძოდ ---ის ხელმძღვანელობით ----მ, ---მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა განიზრახეს სხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებთან ერთად შპს „---ს“ სახელით ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით დღგ-ის ჩათვლის უკანონოდ მიღება, რითაც მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანს მიაყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს. მითითებული განაჩენის 1.1.5. პუნქტის მიხედვით ზემოხსენებული კომპანიების სახელით ორგანიზებული ჯგუფის ---ის, ---ის, ---ს და გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.
ამასთან ---მ განმარტა, რომ ---ის თხოვნით დააფუძნა შპს „---“, რომლის საქმიანობასაც წარმართავდა ---. განაჩენში მითითებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით შპს „----ს“ (ს/ნ ---) სახელით შპს „---ზე“ (ს/ნ ---) გამოწერილი 166 ერთეულ ანგარიშფაქტურაში, თითოეულში საქონლის (მომსახურების) დასახელებაში მითითებულია - „ავანსი (საწვავის, ბენზინის) შესყიდვა 16.02.2018 ხელშეკრულების თანახმად“, მიწოდებული საქონლის რაოდენობად ერთი ლიტრი, საქონლის (მომსახურების) ღირებულებად დღგ-ის და აქციზის ჩათვლით - 500 000 ლარი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 76 271.19 ლარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ---ის მითითებით ---მ დაარსა შპს „---“, რომლის მართვაში მონაწილეობდნენ ასევე --- და ---.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დაფუძნებულ კომპანია შპს „---ს“ არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, რომელმაც ყალბად შექმნილი ჩასათვლელი თანხების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხაზე, რომლითაც შემდგომში მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხორციელდა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, კერძოდ ---მ (---ის სიმამრის, ----ის დეიდაშვილი) შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება ----(მხედველობაშია მისაღები, რომ შუამდგომლობაში მითითებული მოწინააღმდეგე მხარეთა ნათესაური თუ მეგობრული კავშირების არსებობა მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 8.04.2022 წლის ბრძანება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 7.12.2022 წლის ბრძანებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 7.12.2022 წლის ბრძანების საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 25.09.2025 წელს გამოიცა №011-2025-151660 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები ----ს საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.12.2025 წლის №27104 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 243-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებზე, 246-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2024 წლის (საქმე №3ბ/259-24) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად: ---ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.2023 წლის ბრძანება და მიღებულ იქნა ახალი ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „---ს“ (ს/ნ ---) ცრუმაგიერი პირის ----ის (პ/ნ ----) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა შპს „---ს“ (ს/ნ---) 3 ცრუმაგიერი პირის ----ის (პ/ნ ----) ავტოსატრანსპორტო საშუალება --- (სახელმწიფო ნომრით ---); დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის (საქმე №3ბ/259-24) ბრძანება (დავის საგანი - დაყადაღებული ქონების რეალიზაცია) შეეხება შპს „---ს“ (ს/ნ ---) ცრუმაგიერი პირის ---ის (პ/ნ ---) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2023 წლის განჩინება და არ გააუქმა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 25.09.2025 წლის №011-2025-151650 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის ჩამოწერების შესახებ. აღნიშნული განჩინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „---ს“ ცრუმაგიერად ცნობილი სამი პირის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანების განმარტების თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის ბრძანების მე-2 პუნქტი განმარტებული იქნა შემდეგნაირად: „შპს „---ს“ ცრუმაგიერ პირებად მიჩნეული პირების პასუხისმგებლობა გადასახადის გადამხდელის (შპს „---“) საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე ვრცელდება მხოლოდ მათ მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში“.
მიაჩნია, რომ აღნიშნული განმარტება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მიმართ ცრუმაგიერი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებზე, უნდა გავრცელდეს მასზეც და ვინაიდან ცრუმაგიერად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა ავტომანქანა --- უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ ამ ოპერაციის ფარგლებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.2024 წლის (საქმე №3ბ/259-24) ბრძანებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.2023 წლის ბრძანება და მიღებულ იქნა ახალი ბრძანება, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „---ს“ (ს/ნ ----) ცრუმაგიერი პირის ----ის (პ/----) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ღია აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნა შპს „----ის“ ცრუმაგიერი პირის ----ის ავტოსატრანსპორტო საშუალება ----, დანარჩენ ნაწილში (უძრავი ქონება) შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა. დავალიანების დაფარვის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ უნდა მოხდეს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალება ----(სახელმწიფო ნომერი ----) რეალიზაცია ღია აუქციონის წესით და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ უნდა განხორციელდეს. არ უნდა დასდებოდა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალება, თანაც მთლიან სახელფასო თანხაზე, რის გამოც არ რჩება არცერთი თეთრი არსებობისათვის, რითიც ირღვევა მისი უფლებები და შრომის კოდექსი. ითხოვს სადავო აქტების ბათილობას და საინკასო დავალებით ჩამოჭრილი თანხების დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
საქმეში წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის №114666-21-17 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7.12.2022 წლის №330350021005352135 (3ბ/2615-22წ.) ბრძანების საფუძველზე, 25.09.2025 წელს გამოიცა №011-2025-151660 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (50 448 323.24 ლარზე).
საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილია 13 305.50 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №3/8082-21) ბრძანებით (გვ. 23) სასამართლომ მიიჩნია, რომ დაფუძნებულ კომპანია შპს „---ს“ არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, რომლმაც ყალბად შექმნილი ჩასათვლელი თანხების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხაზე, რომლითაც შემდგომში მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხორციელდა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, კერძოდ ---ემ (----ის სიმამრის, ---ის დეიდაშვილი) შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება ----. ასევე საჩივარს ახლავს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.10.2024 წლის (საქმე №330311223007927259; საქმე №3ბ/259-24) ბრძანება რომლითაც ---ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.12.2023 წლის ბრძანება და მიღებულ იქნა ახალი ბრძანება - ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნეს შპს „---ის“ (ს/ნ ----) ცრუმაგიერი პირის ----ს (პ/ნ ----) ავტოსატრანსპორტო საშუალება --- (სახელმწიფო ნომრით ----), დანარჩენ ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, შპს „----ს“ (ს/ნ ----) ცრუმაგიერი პირის ----ის (პ/ნ ----) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო პირის ცრუმაგიერობის სტატუსი და ასევე დადგენილი იყო ქონება, რომლის შეძენაც მოხდა ცრუმაგიერი პირის მიერ ამ სტატუსით მიღებული შემოსავლებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების პირის მთელს ქონებაზე გავრცელების სამართლებრივი საფუძველი.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას მოითხოვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 8.04.2022 წლის (საქმე №3/8082-21) ბრძანებით განსაზღვრული ქონების გარდა, ---ის (პ/ნ ----), როგორც შპს „---ს“ (ს/ნ ----) ცრუმაგიერი პირის, სახელზე რეგისტრირებული ქონებების მიმართ, მათ შორის შემდგომში შეძენილ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 9.12.2025 წლის №27104 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.12.2025 წლის №27104 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივნის, როგორც ცრუმაგიერი პირის მიმართ განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები.
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით მომჩივანი, სხვა პირებთან ერთად აღიარებულ იქნენ შპს „---ს“ ცრუმაგიერ პირებად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბრძანების საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 25.09.2025 წელს გამოიცა ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.12.2025 წლის №27104 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას მოითხოვს სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბრძანებით განსაზღვრული ქონების გარდა, მომჩივნის როგორც შპს „---ს“ ცრუმაგიერი პირის, სახელზე რეგისტრირებული ქონებების მიმართ, მათ შორის შემდგომში შეძენილ ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 9.12.2025 წლის №27104 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 246 (5); 243 (1,4).