გადაწყვეტილება №20871/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20871/2/2023
12 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20871/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №081-27 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21442 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 782 142,56 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 426 372
დღგ - 201 965
საშემოსავლო გადასახადი - 224 407
ჯარიმა - 168 305,5
საურავი - 187 465,06
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია უძრავი ქონების (ქ. ----------) რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 13.03.2008 წლიდან ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლინდა შემდეგი გარემოება: მომჩივანმა 4.12.2020 წელს 400 000 აშშ დოლარად მიყიდა თავის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი (ს/კ ----------) შპს „----------“, რომლის დამფუძნებელი არის -----------. 2020 წლის სექტემბერისა და ნოემბრის თვეებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება რეალიზაციის შედეგად ავანსად მიღებული თანხა ჯამურად 720 800 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული კომერციული ფართი ---------- თვითონ ააშენა თავისივე კუთვნილ მიწაზე. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს ვერ წარმოუდგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, შედეგად ფ/პ ---------- მიერ მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, განხორციელებული ოპერაციები ექვემდებარება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვებში გათვალისწინებას, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 9.09.2020 წელს. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №081-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დასაბეგრი შემოსავლის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადამხდელის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო კომერციული ფართის ასაშენებლად გაწეული დანახარჯების ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საკითხი დამატებით შესწავლა/გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.03.2023 წლის
№081-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21442 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრების დანართად წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადამხდელმა კაპიტალური რემონტის და მასზე გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის 25.01.2023 წლის წერილიდან ირკვევა, რომ ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) მიერ ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საკითხზე ვერ მოხდა საექსპერტო დასკვნის შედგენა და გადამხდელის განცხადება დარჩა შეუსრულებელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანების გამოცემისთანავე, 21.09.2022 წელს და შემდეგ დაზუსტებული 1.11.2022 წლის განცხადებით იქნა მიმართული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ------- ექსპერტიზის დეპარტამენტისადმი განესაზღვრა უძრავი ქონების, მდებარე ---------- №----------), ფართი: სართული I – 247 მ 2 , ანტრესოლი - 140,1 მ 2 , აშენების, კაპიტალური რემონტისა და მასზე გაწეული სხვა ხარჯების ოდენობა (შენობა-ნაგებობის თვითღირებულება) ექსპლუატაციაში შესვლის თარიღის ანუ 2016 წლის მდგომარეობით.
სამწუხაროდ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულმა ექსპერტიზამ საექსპერტო კვლევისთვის მოითხოვა იმ ტიპის დოკუმენტაცია (შესრულებული კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების კონსტრუქციული პროექტი, შეძენილი მასალების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შრომითი ხელშეკრულებები სამუშაოების შემსრულებელ პირებთან და საავტომობილო მომსახურებაზე), რომელთა წარდგენა შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოებისას მათი ფიზიკურად არ წარმოებისა და არარსებობის გამო, ვინაიდან უძრავი ქონება შენდებოდა პირადი საკუთრებისთვის, მას არ ჰქონდა კომერციული დანიშნულება, რის გამოც სამშენებლო-საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება იმთავითვე არ ხდებოდა.
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონულმა ექსპერტიზამ საექსპერტო კვლევაზე უარი განაცხადა, ასევე უარი თქვეს მსგავსი საექსპერტო დასკვნისთვის კერძო საექსპერტო ლიცენზირებულმა პირებმაც.
ამის პარალელურად, მაშინ, როცა აუდიტის დეპარტამენტში 22.09.2022 წლის №172189/21-11 განცხადებით წარდგენილი იყო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტთან 21.09.2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულება საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტი არც კი დაელოდა გადამხდელის პასუხს (ექსპერტის დასკვნას ან ინფორმირებას მისი გაუცემლობის შესახებ. ასევე, ერთხელაც კი არ შეგვხმიანებია აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით) ანუ შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 გადაწყვეტილებაში მითითებული „დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების“ წარდგენას, რაც აუცილებელი წინაპირობა უნდა ყოფილიყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისათვის. 22.03.2022 წლის №7210 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ---------- ჩატარებული საგადასახადო შემოწმების მთავარი და ერთადერთი თემა იყო უძრავი ქონების (ფართი ს/კ ----------) რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრა. შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით კი აუდიტის დეპარტამენტი მხოლოდ მაშინ იყო უფლებამოსილი.
უდავოა, რომ შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 გადაწყვეტილება პირობადადებული სამართლებრივი აქტია და მისი შესრულების წინაპირობა ჯაჭვურ კავშირშია მოდავე მხარის მიერ ამავე გადაწყვეტილებაში შეთავაზებული პირობის შესრულებასთან „დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების“ წარდგენასთან მეორე მხარის მიერ, რომლის შემთხვევაშიც აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნებოდა მოეხდინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული შემდგომი ქმედება (შემოწმების შედეგების გადაანგარიშება).
ობიექტური მიზეზების გამო კი შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 გადაწყვეტილებაში მითითებული მტკიცებულებების მოპოვება და წარდგენა არ/ვერ განხორციელდა, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული შემოწმების შედეგების გადაანგარიშება.
თავისივე ქმედებით აუდიტის დეპარტამენტი წინააღმდეგობაში მოდის აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობასთან, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა;
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი წარდგენის კონკრეტული საფუძვლით პირს წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა.
აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გარეშე აკრძალულია პირის საქმიანობის უკვე შემოწმებული საკითხის იმავე პერიოდის ხელახალი შემოწმება, გარდა იმ საკითხებისა, რომელთა მიხედვითაც პირი უკვე შემოწმებულ პერიოდზე შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს.
უდავოა, რომ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ერთი კონკრეტული საფუძველი (საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლი) არსებობდა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის სხვა საფუძველს საგადასახადო კანონმდებლობა არ იცნობს, რითაც ვდგებით შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობის წინაშე: საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ერთ კონკრეტულ საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილია 2 საგადასახადო მოთხოვნა, რასაც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა იმპერატიულად გამორიცხავს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საყურადღებოა აღნიშნულ საქმეზე (მიმდინარე დავა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 16.03.2023 წლის №17952/2/2022 გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნა (საგადასახადო ორგანოს მიერ ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებით) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების საკითხი და გამოსაქვითი თანხის ოდენობა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურმა ისე მიიღო ამჟამად გასაჩივრებული 31.08.2023 წლის №21442 ბრძანება, რომ საჩივარში დასმულ არცერთ საკითხზე უმსჯელია. ამდენად, ზემოთ მოყვანილი არგუმენტები და გარემოებანი მოწმობს, რომ შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21442 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის №385 დასკვნა, 2.03.2023 წლის №4061 ბრძანება და 6.03.2023 წლის №081-27 საგადასახადო მოთხოვნა, მიღებულია საქმის კანონიერი საფუძვლის გარეშე, არ არსებობდა მისი მიღების ფორმალური საფუძველიც კი, რის გამოც აღნიშნული აქტები ბათილად უნდა იქნან ცნობილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადამხდელის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო კომერციული ფართის ასაშენებლად გაწეული დანახარჯების ოდენობა. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23683 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო კომერციული ფართის ასაშენებლად გაწეული დანახარჯების ოდენობა. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;80(1);81(1);100(3);102(1);105(1,2)