ბრძანება N 3678
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3678
21 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის“ (ს/ნ ---------)
(ფაქტ. მის.: --------------------:
იურ. მის.: ----------------------)
2024 წლის 27 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 27 იანვრის №87242/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №043-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. მიუთითებს, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულია ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა სტატუსია „გადაგზავნილი“ და არ არის დადასტურებული მეორე მხარის მიერ. განმარტავს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეცდომით არის გამოწერილი და ექვემდებარება წაშლას, რაც შესაძლებელია დადასტურდეს მეორე მხარის მიერ. ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრას დღგ-ით და მოგების გადასახადით. მიუთითებს, რომ საწარმოს შიდა ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისი ასახულია როგორც მოგების, ასევე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში და დაბეგრილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა წესის დაცვით. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხის შემცირებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში მათი მოთხოვნის მიუხედავად ვერ განხორციელდა ე.წ „შავ ჩანაწერებში“ არსებულ მონაცემთა ელექტრონულ ცხრილებში სისტემატიზაციის სიზუსტის გადამოწმება. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №19074 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 დეკემბრის №33931 ბრძანება და ამავე თარიღის №043-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 172 525 ლარი, მათ შორის, გადასახადი 83 987 ლარი, ჯარიმა 45 964 ლარი, საურავი 42 574 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. საწარმო ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ მიწოდებებს. განხორციელებული მიწოდებები უმეტესად ხორციელდება დოკუმენტურად - სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, რაც აისახება ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში, სადაც ასევე ინდივიდუალურად აღირიცხება მოთხოვნები დებიტორების მიმართ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებთან შედარებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა- №----, ეა- №----, ეა- №---, ეა- №-----), რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, დეკლარირებულ ბრუნვებში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში აღირიცხებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (პროდუქციის) ჩამოწერა მათი კომპენსაციის გარეშე მიწოდების/დანაკლისის გამოვლენის მოტივით. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით აღნიშნული გატარებები ასახული არ არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით. ასევე, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. გადასახადის გადამხდელის შემოწმება დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დადგენილების საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ გადმოგზავნილ იქნა ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი და შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საწარმოდან ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის, საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული სალაროს „შავი ჩანაწერები“. მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ სალაროს ჩანაწერებში აღრიცხული სამეურნეო ოპერაციების ნაწილი ასახულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ელექტრონულ ბუღალტრულ ჩანაწერებში (მათ შორის: სალაროდან თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანის და საქონლის რეალიზაციის ოპერაციები). ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები (აღნიშნული ჩანაწერებით იდენტიფიცირებულია შემოსავლების მიმღები ფიზიკური პირი და ახლავს შესაბამისი ხელმოწერა. საწარმოს დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ნაწილი ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დაქირავებულ პირებს), რომელიც არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და ასევე არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდებები უმეტესად განხორციელებულია დოკუმენტურად - სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, რომელიც აისახება ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამაში. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა- №----, ეა- №----, ეა- №----, ეა- №----- არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, დეკლარირებულ ბრუნვებში.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, შეცდომით გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის გაუქმებული, ასევე აღნიშნულის შესახებ არ იყო ცნობილი არც შემოწმების პროცესში. ამასთან, აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (ეა-№---) გააჩნია „დადასტურებულის“ სტატუსი და ის ჩათვლილია მიმღები მხარის მიერ.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში აღირიცხებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (პროდუქციის) ჩამოწერა მათი კომპენსაციის გარეშე მიწოდების/დანაკლისის გამოვლენის მოტივით. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით აღნიშნული გატარებები ასახული არ არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაბეგრილი დღგით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საწარმოს შიდა ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი სმფ-ის დანაკლისის მოგებისა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში ასახვასა და კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრასთან, დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შიდა ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლენილი და საბუღალტრო პროგრამაში ასახული სმფ-ების დანაკლისი 2020 წლის საანგარიშო პერიოდებში საერთოდ არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით (აღნიშნულ თვეებში მოგების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანია) და მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბეგრილი დღგ-ით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდებში ბუღალტერიაში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისები საერთოდ არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით და მხოლოდ ნაწილობრივ იყო დაბეგრილი დღგ-ით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ისა და მოგების გადასახადში განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურის მიერ გადმოგზავნილი შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საწარმოდან ამოღებული დოკუმენტაციის, მათ შორის, საწარმოს სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული სალაროს ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესწავლით დადგინდა, რომ სალაროს ჩანაწერებში აღრიცხული სამეურნეო ოპერაციების ნაწილი ასახულია საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ელექტრონულ ბუღალტრულ ჩანაწერებში. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები რომლებიც არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და ასევე არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდის წყაროსთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. „შავი ჩანაწერების“ შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები, რომლებიც გაცემულია საწარმოს დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე, არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:
1.შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. ითხოვს დარიცხული თანხის შემცირებას.
2.სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრას დღგ-ით და მოგების გადასახადით. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხის შემცირებას.
3.საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას და დარიცხული თანხის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №19074 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №33931 ბრძანება და №043-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 172 525 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
1.საწარმო ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ მიწოდებებს. განხორციელებული მიწოდებები უმეტესად ხორციელდება დოკუმენტურად - სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებთან შედარებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რომელიც არ არის ასახული საბუღალტრო პროგრამაში და შესაბამისად, დეკლარირებულ ბრუნვებში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო პროგრამაში აღირიცხებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (პროდუქციის) ჩამოწერა მათი კომპენსაციის გარეშე მიწოდების/დანაკლისის გამოვლენის მოტივით. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდების მიხედვით აღნიშნული გატარებები ასახული არ არის მოგების გადასახადის დეკლარაციებში და შესაბამისად, არ არის დაბეგრილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით. ასევე, მხოლოდ ნაწილობრივ არის დაბეგრილი დღგ-ით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3.მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ სალაროს ჩანაწერებში აღრიცხული სამეურნეო ოპერაციების ნაწილი ასახულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილ ელექტრონულ ბუღალტრულ ჩანაწერებში ამასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროდან გაცემული სახელფასო განაცემები,რომელიც არ იყო აღრიცხული საწარმოს ელექტრონულ ბუღალტერიაში და ასევე არ არის დაბეგრილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე მოქმედი საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 983 (2); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“); 163(1,2); 164(1); 180;