ბრძანება N 21114
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21114
29 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2025 წლის 3 სექტემბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 3 სექტემბრის №97815/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 აგვისტოს №007-207 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ სალაროს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა შემოწმების დასაწყისისთვის არსებული დირექტორის საკრედიტო დავალიანება და შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორული დავალიანების დაფარვები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივნისის №13315 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 6 აგვისტოს №17654 ბრძანება და ამავე თარიღის №007-207 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 351 ლარი, მათ შორის, გადასახადი 101 272 ლარი, ჯარიმა 50 636 ლარი, საურავი 3 443 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით ვაჭრობა. საწარმო ახორციელებს საქონლის იმპორტს (ჩინეთიდან) და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, თუმცა, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის სმფ-ის ნაშთი 2022 წლის პირველ იანვარს შეადგენდა 507 158 ლარს, ხოლო 2025 წლის პირველ ივნისს 315 764 ლარს. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დადგინდა, რომ კომპანიის საშუალო შეწონილი ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 40%-ს.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება გაცემული ხელფასები და დივიდენდები. შემოწმებით საწარმოს სრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლინდა თანხა, რომელიც არ არის სალაროში და საბანკო ანგარიშზე.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ვინაიდან, დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არ დაფიქსირდა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლის სახით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, თუმცა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის სმფ-ის ნაშთი 2022 წლის პირველ იანვარს შეადგენდა 507 158 ლარს, ხოლო 2025 წლის პირველ ივნისს 315 764 ლარს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, დადგინდა, რომ კომპანიის საშუალო შეწონილი ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 40%-ს.
შემოწმებით საწარმოს სრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლინდა თანხა, რომელიც არ არის სალაროსა და საბანკო ანგარიშზე. შედეგად, შემოწმებით მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლის სახით დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მიუთითებს, რომ შემოწმებამ სალაროს ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა შემოწმების დასაწყისისთვის არსებული დირექტორის საკრედიტო დავალიანება და შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორული დავალიანების დაფარვები. ამასთან, განმარტავს, რომ ამჟამად სრულად აქვს აღდგენილი კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერები 2016 წლიდან დღემდე პერიოდზე და შესაბამისად, შეუძლია გადაანგარიშების პროცესში წარმოადგინოს საბუღალტრო ბაზა და პირველადი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა და ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა და ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, თუმცა, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის სმფ-ის ნაშთი 2022 წლის პირველ იანვარს შეადგენდა 507 158 ლარს, ხოლო 2025 წლის პირველ ივნისს 315 764 ლარს. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დადგინდა, რომ კომპანიის საშუალო შეწონილი ფასნამატი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 40%-ს.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება გაცემული ხელფასები და დივიდენდები. შემოწმებით საწარმოს სრული შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლინდა თანხა, რომელიც არ არის სალაროში და საბანკო ანგარიშზე.
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ვინაიდან, დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არ დაფიქსირდა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლის სახით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ბუღალტრული პროგრამა და ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5, 9); 101 (1); 12 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1).