გადაწყვეტილება №18718/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18718/2/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 და 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 25.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18718/2/2023).
დავის საგანი:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის ხელფასად განხილვა;
2. ფართების რეალიზაციის შედეგად დარიცხული დღგ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2022 წლის №006-341 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №257 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 562 470 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 317 696
დღგ - 128 397
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 668
საშემოსავლო გადასახადი - 213 312
ქონების გადასახადი - (-24 681)
ჯარიმა - 199 046
საურავი - 45 728
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2022 წლის №19915 ბრძანება და ამავე თარიღის №006-341 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2022 წლის 10 და 23 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.01.2023 წლის №257 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმებით ირკვევა, რომ კომპანია შენობების მშენებლობას ახორციელებს თავად, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს ასრულებინებს ფიზიკურ პირებს, რომლებიც საწარმოს დირექტორის და ბუღალტრის განმარტებით არიან რეგისტრირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ ძირითად შემთხვევებში აღნიშნული პირები წარმოადგენენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს. სავარაუდოდ რეგისტრირდებოდნენ შპს „-------------“ განსახორციელებელი სამუშაოების დაწყებამდე, ხოლო მათ მიერ დეკლარირებული მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ ძირითადად დეკლარირებულია მხოლოდ შპს „----------“ მიღებული შემოსავლები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით ასევე დგინდება, რომ მოცემულ პირებს სხვადასხვა კომპანიებიდან მიღებული აქვთ ხელფასები და მომსახურების ანაზღაურებები, რაც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში, აღნიშნული პირები შპს „----------“ სამუშაოების დამთავრებისთანავე აუქმებდნენ მცირე ბიზნესის სტატუსს ან/და წარადგენდნენ განცხადებებს საქმიანობის შეჩერების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, მიიჩნია, რომ შინაარსობრივად, აღნიშნული პირები შპს „------------“ ახორციელებდნენ დაქირავებით მუშაობას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად მათთვის გადახდილი ანაზღაურებები ექვემდებარებოდა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. შედეგად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია რომ მომჩივანს არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით კომპანიას მომსახურების ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული ინდივიდუალურ მეწარმეებთან, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ მცირე მეწარმის სტატუსი. მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ მცირე მეწარმეებზე კომპანიას გადარიცხული აქვს მათთვის კუთვნილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 822 039 ლარი, რისი უფლებაც კომპანიას ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ვინაიდან მცირე მეწარმე არის გადასახადის გადამხდელი იგი ვალდებულია თავის შემოსავალი თვითონ დაბეგროს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. გამომდინარე აღნიშნულიდან, კომპანიას დამატებით საშემოსავლო გადასახადი არ უნდა დაერიცხოს.
ამასთან, სახეზე არაა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, კერძოდ უტყუარად დადგენილია და თავად შემმოწმებელი აქტში მიუთითებს, რომ მცირე მეწარმეებს სხვადასხვა კომპანიებისგან მიღებული აქვთ ხელფასის სახით განაცემები და ასევე მომსახურების სახით ანაზღაურებები. აქედან გამომდინარე, კომპანიის დაქირავებით მომუშავე პირებს ისინი არ წარმოადგენენ. მათ არ ეკრძალებათ სხვა სახის მომსახურების გაწვა, კომპანიის ინტერესს არ წარმოადგენდა დაქირავებით ამ პირების აყვანა, რადგან მშენებლობის სპეციფიკაციის გათვალისწინებით და არსებული პანდემიიდან გამომდინარე ოპტიმალურად მიიჩნევდა მცირე მეწარმეების მხრიდან მომსახურების მიღებას. რაც შეეხება სტატუსის გაუქმებას, კომპანიას არ გააჩნია არც დროის და არც ადამიანური რესურსი აწარმოოს მასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომუშავე პირების შესახებ ინფორმაცია მათთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ.
მომჩივანი ითხოვს, აუდიტის დეპარატამენტის მიერ არასწორად დარიცხული (ყოველგვარ საფუძველს მოკლებული) საშემოსავლო გადასახადის მოხსნას გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ, რომელიც შეადგენს 205 509.75 ლარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი მცირე სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც შესამოწმებელ პერიოდში ორი კორპუსი აქვს აშენებული. კომპანია მშენებლობის მიმდინარეობისას უპირატესობას ანიჭებდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ვინაიდან თავად ბეგრავდნენ მიღებულ შემოსავალს. თუმცა, რა თქმა უნდა კომპანიას ჰყავდა დაქირავებული პირებიც. აღსანიშნია, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, დაახლოებით 6-7 პირი, მანამდე კომპანიაში არ მუშაობდა, მათი დაქირავება მოხდა კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად და სამუშაოს მოცულობა, მისი შინაარსი, ადგილი და დრო განისაზღვრებოდა კომპანიის მიერ. ასევე, საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის ბუღალტერი, მცირე მეწარმეებს დამატებითი საზღაურის გარეშე ეხმარებოდა საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებაში.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ პირები რომლებიც კომპანიას უწევდნენ სამშენებლო მომსახურებას წარმოადგენდნენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს. აღნიშნული პირების შეფასება (მცირე მეწარმედ ან დაქირავებულ თანამშრომლად) მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: კერძოდ, პირველი კრიტერიუმი - პირები მომჩივანთან სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების დასრულების შემდეგომ სხვა კომპანიებსაც უწევდნენ თუ არა სამშენებლო მომსახურებას იგივე სტატუსით; მე-2 კრიტერიუმი - ფიქსირდებოდა თუ არა აღნიშნული პირების მიერ სხვა ორგანიზაციებისგან სახელფასო და სხვა შემოსავლის მიღება, რომელიც დაბეგრილი იყო გადახდის წყაროსთან; მე-3 კრიტერიუმი - აღნიშნული პირების მიერ სტატუსის მისაღებად რეგისტრაციისას მითითებული წარმომადგენელი, საკონტაქტო პირი (მოცემულ შემთხვევაში კომპანიის ბუღალტერი); მე-4 კრიტერიუმი - პირები საქმიანობის შესრულების შემდეგ აუქმებდნენ ან სტატუსის შეჩერებაზე მიმართავდნენ თუ არა საგადასახადო ორგანოს და შესაბამისად, მათი მიზანი იყო თუ არა აღნიშნული სტატუსით განეხორციელებინათ საქმიანობა.
აღსანიშნია, რომ რიგი ფიზიკური პირები, რომლებიც სამუშაოების შესრულებამდე კომპანიისგან იღებდნენ ხელფასს, სამუშაოების დაწყებისას დარეგისტრირდნენ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებად. ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმებით გამოვლენილ პირებთან მიმართებით ჩაითვალა, რომ ხდებოდა გადასახადის შემცირება და შემოსავლის დაბეგვრა 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთისა. ამასთან, ანაზღაურება ხდებოდა ყოველთვიურად, განსხვავებული ოდენობით, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ მიჩნეულია, რომ აღნიშნული ურთიერთობა წარმოადგენდა დაქირავებული პირის მიერ შესრულებულ საქმიანობას და აღნიშნულ პირებზე გაცემული ანაზღაურება მიჩნეულია ხელფასის სახით გაცემულად.
საბჭო განმარტავს, რომ პირის მიერ მომსახურების გაწევასა და დაქირავებული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას შორის ერთერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშნას წარმოადგენს დამოუკიდებლობა. ამრიგად, თუ პირის მიერ საქმიანობის განხორციელების დრო, ადგილი, მოცულობა და შინაარსი არ არის მასზე დამოკიდებული, პირის მიერ შესრულებული სამუშაო მიიჩნევა, როგორც დაქირავებული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ფართების რეალიზაციის შედეგად დარიცხული დღგ
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას მიმდინარე ეტაპზე აშენებული აქვს ორი საცხოვრებელი კორპუსი შემდეგ მისამართებზე: ---------------შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს საბანკო ამონაწერების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და შემოწმებისთვის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მ/შ ჩგდ) ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არასწორად ან/და არასრულად ხდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება, მათ შორის როგორც რეალიზებული ფართების, ასევე მიწის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემული ქონების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს საბანკო ამონაწერების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით და შემოწმებისთვის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მ.შ. ჩგდ) ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არასწორად ან/და არასრულად ხდებოდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება, მათ შორის როგორც რეალიზებული ფართების, ასევე მიწის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემული ქონების შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს კონკრეტული არგუმენტაცია, თუ რა ნაწილშია დარიცხვა არამართლზომიერი.
საკითხის ზეპირი მოსმენისას გადამხდელის მიერ, ასევე, არ იქნა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო გადამხდელმა აღნიშნა, რომ გარკვეულ შემთხვევებში არასრული დეკლარირება გამოწვეული იყო შეცდომით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება მშენებლობის პერიოდში მიწოდებული ფართების დღგ-ით დაბეგვრას შემდეგ გარემოებათა გამო მიწის ნაკვეთი კომპანიას მიღებული აქვს აღნაგობით და მიწის მიწოდებას ადგილი ვერ ექნებოდა. ფართების რეგისტრაცია მართალია ხორციელდებოდა, თუმცა მშენებლობა მიმდინარეობდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე მისული რა თქმა უნდა არ იყო. ასევე კომპანია შეცდომით (არცოდნით) ავანსის თანხებს ბეგრავდა როგორც მიწოდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების და მე-8 ნაწილის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის თანხის მიღების მომენტში.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი კომპანიას მიღებული აქვს აღნაგობით და მიწის მიწოდებას ადგილი ვერ ექნებოდა. ფართების რეგისტრაცია მართალია ხორციელდებოდა, თუმცა მშენებლობა მიმდინარეობდა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე მისული რა თქმა უნდა არ იყო. ასევე, კომპანია შეცდომით (არცოდნით) ავანსის თანხებს ბეგრავდა როგორც მიწოდებას.
დადგენილია, რომ მომჩივანი არასწორად/არასრულად ახდენდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირებას, მათ შორის, როგორც რეალიზებული ფართების, ასევე, მიწის სანაცვლოდ მიწის მესაკუთრეებისთვის გადაცემული ქონების.
საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.