მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა N 2554
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის მიერ საკუთარი წევრებისთვის
დადგენილი საწევროების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა N 2554
ფაქტობრივი გარემოებები
- მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია (შემდგომ - მგვ-ის ორგანიზაცია) უზრუნველყოფს პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენას (მათ შორის, რეციკლირებას) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსებას. მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციაში გადაიხადოს რეციკლირების წინასწარი შენატანი, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის წილის შესაბამისად. თავის მხრივ, რეციკლირების წინასწარი შენატანი არის წილობრივი შენატანი, რომელსაც მგვ-ის ორგანიზაციის წევრი უხდის მგვ-ის ორგანიზაციას, მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვისთვის.
- მგვ-ის ორგანიზაციას, წინამდებარე სიტუაციური სახელმძღვანელოს დამტკიცებამდე, მიღებული რეციკლირების წინასწარი შენატანები დაბეგრილი აქვს დღგ-ით და კუთვნილი დღგ-ის თანხა გადახდილია ბიუჯეტში, ხოლო ორგანიზაციის წევრს, საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, სრულად აქვს ჩათვლილი გადახდილი დღგ-ის თანხა.
შეფასება
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ) 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, რეციკლირების წინასწარი შენატანის სანაცვლოდ მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მართვა წარმოადგენს ორგანიზაციის საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე მისი წევრისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას, რომელიც, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე.
- სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე სიტუაციური სახელმძღვანელოს დამტკიცებამდე პერიოდებში მგვ ორგანიზაციის მიერ განსახილველ ოპერაციებზე დარიცხული და წევრის მიერ ჩათვლილი შესაბამისი დღგ-ის თანხა არ დაექვემდებარება გაუქმებას, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათის გამოუყენებლობას არსებითი ეკონომიკური გავლენა არ აქვს.
ღონისძიებები
წინამდებარე სიტუაციური სახელმძღვანელოს დამტკიცებამდე პერიოდებში მგვ-ის ორგანიზაციის მიერ განსახილველ ოპერაციებზე დარიცხული და წევრის მიერ ჩათვლილი შესაბამისი დღგ-ის თანხა არ დაექვემდებარება გაუქმებას. შესაბამისად, ამ ნაწილში, პირებს დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრებათ.
შენიშვნა: წინამდებარე სიტუაციური სახელმძღვანელო არ აწესრიგებს მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეძენილ იმ საქონელზე/ მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლას, რომელიც გამოიყენება სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციებში. აღნიშნული დღგ-ის ჩათვლა უნდა განხორციელდეს სსკ-ის 174-ე - 177-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად.