გადაწყვეტილება №20000/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.09.2023
№ დოკუმენტი 20000/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20000/2/2023

13 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 19.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20000/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული

ფასნამატი;

2. ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვა;

3. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №052-25 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11989 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 303 621 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 191 454

დღგ - 29 538

მოგების გადასახადი - 112 757

საშემოსავლო გადასახადი - 49 159

ჯარიმა - 91 375

საურავი - 20 792

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ჯინსის შარვლების იმპორტი და რეალიზაცია ლილოს ბაზრობაზე, იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20401 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 9 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №32467 ბრძანება და №052-25 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 31 მაისის №11989 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში კომპანია რეალიზაციას ახდენს როგორც დოკუმენტურად (წილი 7%), ასევე სალარო აპარატით. დეკლარირებული ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 27%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციაში არ ფიქსირდება მონაცემები დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი საქონლის აღრიცხვაზე. ასევე, არ დაფიქსირებულა დაუძლეველი ძალის შედეგად (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები.

შემოწმების პროცესში, საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ადგილას ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც გამოვლინდა სამართალდარღვევა. კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატიდან არ იქნა გაცემული შესაბამისი ქვითარი, რაზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული ფასნამატი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა აუდირებულ ფასნამატს.

შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რპთ-ის გაანგარიშებისას გამოყენებულია საწარმოს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამა „----------“ დაფიქსირებული სმფ-ის საწყისი ნაშთი (445 774 ლარი) 2019 წლის 1 იანვრისთვის, ხოლო საბოლოო ნაშთად მიჩნეულ იქნა ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთს (355 301 ლარი თვითღირებულებით) დამატებული 2022 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 4 აგვისტომდე პერიოდის იმ სმფების მოწოდება (რპთ 11 671 ლარი), რომელთა დეკლარირების ვადაც არ იყო დამდგარი ინვენტარიზაციის მომენტში.

აღნიშნულის შედეგად, დადგინდა 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სმფ-ების ნაშთი 595 515 ლარის ოდენობით, ნაცვლად დეკლარირებული 567 092 ლარისა. ნაშთებს შორის სხვაობა (28 423 ლარი თვითღირებულებით) ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენდა 50%-ს და დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებაში. შედეგად, მომჩივანს დამატებით დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე და 43-ე მუხლებზე.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა აუდირებულ ფასნამატს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს საქმიანობის სფეროა საცალო და საბითუმო ვაჭრობა მზა ტანსაცმლით. სარევიზიო პერიოდია 1.01.2019 - 1.07.2022 წლები. სარევიზიო პერიოდისთვის მთლიანად შეძენილია 484 851 ლარის საქონელი. გადახდილი დღგ - 88 666 ლარი. სულ რეალიზებულია 673 665 ლარის საქონელი. აქედან ზედნადებით რეალიზაციაა 48 560 ლარი. საწყისი სასაქონლო-მატერიალური მარაგი - 445 773 ლარი. სარევიზიო პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგი - 356 191 ლარი. ფასნამატი - 27%.

სასაქონლო ზედნადებით და დოკუმენტალურად, ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, ფასნამატი არის 27%. ეს აუდიტის დეპარტამენტის შეფასებითაც ასეა, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდით გავრცელებულია 50%. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. საქონელი რომ არ იყოს დოკუმენტებით გაყიდული, არ ჰქონდეს ბუღალტერია სწორად ნაწარმოები და არ ხდებოდეს იდენტიფიცირება გაყიდვების, მაშინ შესაძლოა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. აუდიტორის პოზიცია და მიდგომაა გაუგებარი. მომჩივანს რომ ზედნადებით გაყიდულ საქონელზე ფასნამატი ჰქონდეს 80%, დარწმუნებულია ამ 80%-ს გამოიყენებდა არაპირდაპირი მეთოდისთვის სახელმძღვანელოდ. ის რომ ზედნადებით რეალიზებული 25-27% აუდიტისთვის მისაღები არაა, ვინაიდან ნაკლები გამოვიდოდა ჯარიმა, არაა სწორი. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის საფუძვლად გამოყენებულია ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დროს ნაკარნახევი ფასებია მაქსიმალური, სავაჭრო და არა გასაყიდი ფასი, თუმცა არის მეორე და მთავარი მომენტი, მომჩივანს ნაშთები (მარაგები) მოსდევს ძველი წლებიდან, როცა დოლარის კურსი ლართან მიმართებაში იყო 2,40, ხოლო ინვენტარიზაციის მომენტისთვის 2,9289, ინფლაცია 23-24%, რაც ბუნებრივია მოქმედებს კომპანიის გაყიდვის ფასზე. იმპორტიორი უშუალოდ დამოკიდებულია უცხოური ვალუტის კურსზე, გაიზარდა დოლარის კურსი, გაეზარდა საქონლის გასაყიდი ფასიც, თუმცა ძველი ნაშთის თვითღირებულება არ შეცვლილა, რა კურსითაც შეიძინა იგივე ფასი დარჩა ბუღალტრულ ბაზაში. ეს რაც შეეხება არაპირდაპირ მეთოდს.

რაც შეეხება ფულის დაბეგვრას როგორც ხელფასად, ასევე მოგების ნაწილში, საბუღალტრო პროგრამაში ნათლად ჩანს ფულის მოძრაობა, რეალიზაციიდან მიღებული თანხები გაცემულია ხარჯებისთვის. კერძოდ, გადახდილია საქონლის შესაძენად (ცხადია არავინ ჩუქნის ამ საქონელს არც თურქეთში და არც ჩინეთში). მომწოდებლებთან ვალები არ გააჩნია და ამისთვის წარმოდგენილი აქვს ორმხრივი ხელმოწერილი აქტები. სარევიზიო პერიოდის ბოლოს ბუღალტრული ბაზის მიხედვით სალაროს ნაშთი აქვს 10 076 ლარი. გარდა საქონლის შეძენისთვის დახარჯული თანხისა, გადახდილი აქვს ლილო-მოლისთვის საიჯარო გადასახადები, საქართველოს ფოსტისთვის მომსახურეობის თანხები, ხელფასები, გეზის გადასახადები, საბაჟო დღგ და სად ნახა აუდიტორმა დასაბეგრი მოგება ან ფული გაუგებარია. მოგების გადასახადი ნიშნავს, რომ კომპანიამ მიიღო მოგება და მომჩივანს ჯერჯერობით ეს მოგება არც ბუღალტრული ბაზით და არც თუნდაც უხეში გაანგარიშებით არ გააჩნია. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ბრუნვით უწყისში, რომელსაც ურთავს საჩივარს, ნათლად ჩანს საქონლის მოძრაობა, თვითღირებულება და გასაყიდი ფასიც დასახელებებით, იდენტიფიცირებადია საქონელიც და ფასნამატიც. სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის არცერთი პოზიცია არ გაიზიარა. ისედაც ცხადია, კომპანიის გაწირვა ხდება სისხლის სამართლებრივი დანაშაულისთვის. რატომ ასეთი უსამართლობა? მოუწესრიგებელი ბუღალტერია რომ ჰქონდეს, გასაგები იქნებოდა აუდიტორის პოზიცია.

მომჩივანი ითხოვს მთლიანად გაუქმდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები და გადასახადის გადამხდელთან ერთად მოხდეს ხელახალი გადაანგარიშება. ის სურათი, რაც დღეს კომპანიას აქვს, განაჩენია აუდიტის მხრიდან სამუდამოდ საქმიანობის შეწყვეტის, ბიზნესის გაუქმების და სისხლისსამართლებრივი დევნის. მომჩივანი ითხოვს დახმარებას სამართლიანობის დადგენაში, მზად არის ითანამშრომლოს აუდიტორთან, მოხდეს გადაანგარიშება, რათა დადგინდეს რეალური და სამართლიანი გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე): თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, შემოწმებისას ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის დადგენა. შესაბამისად, გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (50%), რაც მომჩივნის საქმიანობის გათვალისწინებით რეალური მაჩვენებელია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებს შორის გამოვლენილი სხვაობა თვეების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, შემოწმების პროცესში წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ დამფუძნებელს შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალში შეტანილი ჰქონდა 110 872 ლარი, ხოლო გატანილი - 113 892 ლარი, ხოლო საწყისი ვალდებულება დამფუძნებლის მიმართ არ გააჩნდა. ამდენად, მიღებული სხვაობა - 3 020 ლარის ოდენობით განხილულ იქნა ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებს შორის გამოვლენილი სხვაობა, ასევე, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში, დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილსა და გატანილ თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები

ვინაიდან საწარმოს მიერ დეკლარირებულსა და არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ შემოსავლებს შორის შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებული პირისთვის გადახდილ ხელფასად, ხოლო დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილსა და გატანილ თანხებს შორის სხვაობა განხილულ იქნა ხელფასად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

3. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგრილი ჰქონდა 567 963 ლარის დანაკლისი (დღგ-ის გარეშე) 25%-იანი ფასნამატით. შემოწმების მხრიდან მოხდა შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშება, რა დროსაც გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი 50%-ის ოდენობით. ამასთან, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2022 წლის აპრილის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის გადამხდელს ასახული არ ჰქონდა აღნიშნული დანაკლისი. შესაბამისად, დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგრილი დანაკლისი დაიბეგრა მოგების გადასახადითაც. შედეგად, მომჩივანს დამატებით დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 286-ე, მე-8, მე-16, 160-ე, 163-ე, 96-ე, 97-ე, 983 , 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს, მის მიერ წარდგენილ 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგრილი ჰქონდა 567 963 ლარის დანაკლისი (დღგ-ის გარეშე) 25%-იანი ფასნამატით. ამასთან, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2022 წლის აპრილის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის გადამხდელს ასახული არ ჰქონდა აღნიშნული დანაკლისი. შემოწმების მხრიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე განხორციელდა ფასნამატის ცვლილება და დაიბეგრა აუდირებული 50%-იანი ფასნამატით. შედეგად, გაიზარდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში. საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგრილი ჰქონდა 567 963 ლარის დანაკლისი (დღგ-ის გარეშე) 25%-იანი ფასნამატით. ამასთან, 2022 წლის აპრილის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში აღნიშნული დანაკლისი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული. საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე განხორციელდა ფასნამატის ცვლილება და დაიბეგრა აუდირებული (50%) ფასნამატით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, მართლზომიერად გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;

2. ნაღდი ფულის ნაშთის ანგარიშვალდებული პირის ხელფასად განხილვა;

3. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგრილი ჰქონდა 567 963 ლარის დანაკლისი (დღგ-ის გარეშე) 25%-იანი ფასნამატით. ამასთან, 2022 წლის აპრილის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში აღნიშნული დანაკლისი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული. საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე განხორციელდა ფასნამატის ცვლილება და დაიბეგრა აუდირებული (50%) ფასნამატით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, მართლზომიერად გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;286(9);8(11);16(1);160(3თ);163(3);96(ა);97(1გ);983(2);