გადაწყვეტილბა №25649/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 25649/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25649/2/2025

16 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ის 14.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---------/2/2025).

 

დავის საგანი:

1. უარი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%-ის ხარჯად გათვალისწინებაზე;

2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №10846 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №249-6 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 29.07.2025 წლის №16859 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 692 928.11 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 390 174.12

მოგების გადასახადი - 205 155.12

საშემოსავლო გადასახადი - 185 019

ჯარიმა - 194 478.10

საურავი - 108 275.89

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა გზებისა სხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში.

აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2025 წლის №2170 და 5.05.2025 №8748 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში არსებული ნაღდი ფულადი საშუალებების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 10.02.2025 წლის ჩათვლით პერიოდი.

შემოწმების შედეგები აისახა 14.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №10846 ბრძანება და ამავე თარიღის №249-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.07.2025 წლის №16859 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უარი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%-ის ხარჯად გათვალისწინებაზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, ბანკის ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, რომელშიც ფიქსირდება კომპანიის სალაროდან თანხების, კერძოდ, დივიდენდის გაცემა. აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ არ არის დეკლარირებული კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 130-ე მუხლების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდი დაიბეგრა როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე, მოგების გადასახადით. კომპანიას დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისში ფიქსირდება კომპანიის სალაროდან დივიდენდის გაცემა, რომელიც კომპანიის მიერ არ არის დეკლარირებული კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდი შემოწმების მიერ დაიბეგრა როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე, მოგების გადასახადით.

გადამხდელის არგუმენტთან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით გაანგარიშებულია კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, რაც შესაბამისობაშია კომპანიის მიერ აღრიცხულთან. ამასთან, შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯთან დაკავშირებით მოგების გადასახადში დარიცხვა არ განხორციელებულა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯები, მ.შ. მასალა-ნედლეულისა და დამხმარე მასალების დანახარჯები,რომელზეც კომპანიას არ გააჩნდა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. საგადასახადო ორგანომ აღნიშნული დანახარჯები, დოკუმენტური დაუსაბუთებულობის საფუძვლით, საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღო, აღნიშნული დანახარჯები მიიჩნია კომპანიის მიერ მის პარტნიორებზე გაცემულ დივიდენდად და დაუქვემდებარა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოების გამო:

ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია და უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომპანიას გააჩნდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთი დანახარჯები, რომლის დოკუმენტური დასაბუთება კომპანიის მიერ შემოწმების ფარგლებში ვერ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახურის ინსტრუქციებითა და დავების განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით დაუსაბუთებელი ხარჯი ექვემდებარებოდა ხარჯებში გათვალისწინებას მისი 75%-ის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

მომჩივანი განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია და უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კომპანიას გააჩნდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ისეთი დანახარჯები, რომლის დოკუმენტური დასაბუთება კომპანიის მიერ შემოწმების ფარგლებში ვერ განხორციელდა. შემოსავლების სამსახურის ინსტრუქციებითა და დავების განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით დაუსაბუთებელი ხარჯი ექვემდებარებოდა ხარჯებში გათვალისწინებას მისი 75%-ის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგად გაანგარიშებულია კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, რაც შესაბამისობაშია კომპანიის მიერ აღრიცხულთან. ამასთან, შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯთან დაკავშირებით მოგების გადასახადში დარიცხვა არ განხორციელებულა.

აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2025 წლის №-----21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. დამატებით საგადასახადო ვალდებულებები კი გამოვლინდა შემდეგი მიზეზებით, კერძოდ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკური პირებზე, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან და შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდი დაიბეგრა, როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე მოგების გადასახადით. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ საკითხს, როგორც აღინიშნა შემოწმების შედეგად შესწავლილია როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, ასევე გასს-ისა და სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული მონაცემები, აღნიშნულის მიხედვით, კანონმდებლობის შესაბამისად, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, რაც შესაბამისობაშია კომპანიის მიერ აღრიცხულ ბუღალტრულ პროგრამასთან. შემოწმების შედეგად აღნიშნული საკითხში (როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი) არ განხორციელებულა მოგების გადასახადში დარიცხვა. კომპანიის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებულია ფულადი თანხების დივიდენდად გაცემა, რაც შემოწმების შედეგად დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით (აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელი შემოწმების მიმდინარეობისას ინფორმირებული იქნა და აღნიშნულ საკითხს დაეთანხმა).

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, დაეკისრა ჯარიმა 194 479 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის №249-6 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 108 276 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ის საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის მომენტამდე დაჯარიმებული არ ყოფილა და მის წინააღმდეგ რაიმე სახის სამართალდარღვევის ოქმი ან/და საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული არ არის. კომპანია სრულად და დროულად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს.

მიაჩნია, რომ დავების განმხილველმა ორგანომ კომპანია უნდა გაათავისუფლოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო სანქციის (ჯარიმა, საურავი) თანხებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. უარი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%-ის ხარჯად გათვალისწინებაზე.

2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №2170 და №8748 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში არსებული ნაღდი ფულადი საშუალებების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 10.02.2025 წლის ჩათვლით პერიოდი.შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №10846 ბრძანება და №249-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 692 928 ლარი, მათ შორის, გადასახადი 390 174 ლარი, ჯარიმა 194 478 ლარი, საურავი 108 275 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ბანკის ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ორისი, რომელშიც ფიქსირდება კომპანიის სალაროდან თანხების, კერძოდ, დივიდენდის გაცემა. აღნიშნული თანხები კომპანიის მიერ არ არის დეკლარირებული კანონმდებლობის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 130-ე მუხლების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდი დაიბეგრა როგორც საშემოსავლო გადასახადით, ასევე, მოგების გადასახადით. საწარმოს დაერცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. ასევე, ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №10846 ბრძანება და №249-6 საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №16859 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%-ის ხარჯად გათვალისწინებაზე უარის თქმის ნაწილში საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ხოლო,დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების ნაწილში საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105(2); 269(7);