გადაწყვეტილება №20208/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.10.2023
№ დოკუმენტი 20208/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20208/2/2023

06 10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 9.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20208/2/2023).

 

დავის საგანი:

დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხების დივიდენდად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №002-66 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14324 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 555 317,34 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 303 898

მოგების გადასახადი - 283 913

საშემოსავლო გადასახადი - 19 985

ჯარიმა - 161 426

საურავი - 89 993,34

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 28.03.2018 წელს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომპიუტერული დაპროგრამება. კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2.04.2018 წლიდან. საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო საქართველოს რეზიდენტი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ ჰყავს არც დასაქმებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი პირი და საქმიანობას დამფუძნებელი თვითონ ახორციელებს. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორიცაა: მომსახურების მიღებამიწოდების ინვოისები, საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიის დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის მიზნობრიობაც შემოწმების მონაცემებით არ ირკვევა და რომლებიც არ არის დაბეგრილი გადასახადებით. შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის სახით დეკლარირებულია 1 208 940 ლარი საშემოსავლო გადასახადში. ვინაიდან კომპანიას არ ჰყავს დაქირავებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი და ამასთანავე, დამფუძნებელი პირი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი საქართველოში შექმნილად ვერ ჩაითვლება და შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგების გადასახადისგან გათავისუფლება არ შეეხება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან თანხების გატანა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დივიდენდად და შესაბამისად დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით (საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული დივიდენდის გათვალისწინებით). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.05.2023 წლის №002-66 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14324 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე6 მუხლზე, მე-8 მუხლის 35-ე ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და ახდენს საქართველოში შემუშავებული პროდუქტის მიწოდებას საქართველოს ფარგლებს გარეთ. პროდუქტი შექმნილია კომპანიის დირექტორისა და ამავდროულად დამფუძნებლის მიერ საქართველოში, კომპანიაში მუშაობის დროს, 2018 წელს. აღნიშნულ პიროვნებას საქართველოში კომპანიის საქმიანობის განხორციელებისას, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების პროცესში, მიღებული ჰქონდა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ჩამოსულ და მცხოვრებ პირებზე. აცხადებს, რომ მოგების გადასახადით სარგებლობის მიზნებისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ მოითხოვს კომპანიის დირექტორი ან დამფუძნებელი იყოს საქართველოს რეზიდენტი და კომპანიას ჰყავდეს თანამშრომლები ან მომსახურების მიმწოდებლები, ასევე არ მოითხოვს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების/პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს, რომ თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია დარეგისტრირდა 28.03.2018 წელს. საქმიანობის სფეროა კომპიუტერული პროგრამირება. კომპანიას ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა 4.02.2018 წლიდან.

საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი აქვს ფორმალური საუნივერსიტეტო განათლება კომპიუტერულ პროგრამირებაში და აქვს IT ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

კომპანიის მფლობელი საქართველოში 3.09.2018 წელს გადავიდა საცხოვრებლად. 10.04.2018 წელს მან მიიღო სამუშაო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის მიზნით ჩამოსულ და მცხოვრებ პირებზე (№------) და ბინადრობის მოწმობა (№------). 2018 წელს საქართველოში ცხოვრებისას დამფუძნებელი/დირექტორი მუშაობდა კომპანიაში და შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც კომპანია ლიცენზირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

კომპანიის მიერ განაწილებული მთელი მოგება განაწილდა დივიდენდების სახით და იბეგრებოდა საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაკავების გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და გათავისუფლებული იყო ყოველგვარი დამატებითი გადასახადისგან.

3.05.2023 წელს დასრულებული აუდიტის დროს შემოსავლების სამსახურმა არასწორად მოითხოვა კომპანიისთვის დამატებითი გადასახადის, ჯარიმის და პროცენტების გადახდა.

საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლი და საქართველოს კანონი „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ (№4064 და №5969) ცალსახად განსაზღვრავს, რომ მოგების გადასახადის გათავისუფლება ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიწოდებით მიღებულ ყველა მოგებაზე, რომელიც შემუშავებულია ვირტუალური ზონის იურიდიული პირი.

ის ფაქტი, რომ კომპანია მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია, კომპანიის დამფუძნებელს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 2018 და 2021 წლებში შემოსავლების სამსახურის ოფისში ვიზიტების დროს დაუდასტურეს.

მაგალითში №5, რომელიც გამოქვეყნდა 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებაში, არის ანალოგიური სიტუაცია, როდესაც ვირტუალური ზონის კომპანია ახორციელებს ლიცენზირებას, მის პროგრამულ უზრუნველყოფას და შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ასეთი კომპანიის მოგება გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან.

უნდა გაუქმდეს საგადასახადო შემოწმების არასწორი შედეგები, ასევე გადასახადის, ჯარიმის და საურავის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე და 36-ე ნაწილების თანახმად:

35. ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

36. საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2.04.2018 წლიდან. საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო საქართველოს რეზიდენტი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ ჰყავს არც დასაქმებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი პირი და საქმიანობას დამფუძნებელი თვითონ ახორციელებს. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მომსახურების მიღება-მიწოდების ინვოისები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტებები. კომპანიის დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის მიზნობრიობაც არ ირკვევა და რომლებიც არ არის დაბეგრილი. შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის სახით დეკლარირებულია 1 208 940 ლარი საშემოსავლო გადასახადში.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14324 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან გატანილი თანხების დივიდენდად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია,კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წელს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომპიუტერული დაპროგრამება. კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2018 წლიდან. საზოგადოების დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი შესამოწმებელ პერიოდში არ იყო საქართველოს რეზიდენტი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ ჰყავს არც დასაქმებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი პირი და საქმიანობას დამფუძნებელი თვითონ ახორციელებს. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, როგორიცაა: მომსახურების მიღებამიწოდების ინვოისები, საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ახსნა-განმარტებები.

აღნიშნული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიის დამფუძნებელს სხვადასხვა პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხები, რომლის მიზნობრიობაც შემოწმების მონაცემებით არ ირკვევა და რომლებიც არ არის დაბეგრილი გადასახადებით. შესამოწმებელ პერიოდში დივიდენდის სახით დეკლარირებულია 1 208 940 ლარი საშემოსავლო გადასახადში.

ვინაიდან კომპანიას არ ჰყავს დაქირავებული პირი, არც ქვეკონტრაქტორი და ამასთანავე, დამფუძნებელი პირი არ არის საქართველოს რეზიდენტი, ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი საქართველოში შექმნილად ვერ ჩაითვლება და შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგების გადასახადისგან გათავისუფლება არ შეეხება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის დამფუძნებლის მიერ კომპანიიდან თანხების გატანა შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დივიდენდად და შესაბამისად დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით (საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული დივიდენდის გათვალისწინებით). მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(5); 8 (35, 36); 97(1 „ა“); 99(1 „ჟ“) ; 275;

შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითება;

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი;

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;