გადაწყვეტილება №18854/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.03.2023
№ დოკუმენტი 18854/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18854/2/2023

23.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 13.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18854/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 11.09.2022 წლის №EL183065 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32553 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 800 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

11.09.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით საქართველო საბაჟო ტერიტორიაზე ---------- ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი. საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელდა მისი შეჩერება და ზეპირი ინტერვიურირება, რა დროსაც დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მოქალაქემ უარი განაცხადა, რის შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების თაობაზე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა „----------“. იგი არ დაემორჩილა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას, ცდილობდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წართმევას, რის შემდგომაც დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მისი კანონიერი მოთხოვნების უგულვებელყოფას, მომჩივნის მიმართ საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგა 11.09.2022 წლის №EL183065 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 800 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.12.2022 წლის №32553 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-6 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილზე, მე-13 მუხლის პირველი ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 177-ე მუხლის პირველი ნაწილზე, დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა, რა დროსაც დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მომჩივანმა უარი განაცხადა. ფიზიკური დათვალიერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა „----------“, რასაც ჯერ დაეთანხმა, თუმცა დათვალიერების ოთახში გადაყვანისას არ დაემორჩილა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას, ცდილობდა პირადობის დამადასატურებელი დოკუმენტის წართმევას, რის შემდგომაც მიუხედავად მისი შეჩერების მცდელობისა, მან დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეზე არსებული ვიდეო ჩაწერებითაც.

შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას, რადგან მის მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებით ვერ განხორცილდა ფიზიკური დათვალიერება.

გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

11.09.2022 წელს დილიდან იმყოფებოდა ---------- ში მეუღლესთან ერთად საკვები პროდუქტების შესაძენად, დაახლოებით 17 საათზე ბრუნდებოდნენ საქართველოში და იმყოფებოდნენ ---------- საზღვარზე. იმ დღეს ძალიან მაღალი სიცხე იყო, შეუძლოდ გახდა მგზავრობის დროს, არტერიული წნევა ჰქონდა მაღალი ამიტომ უკან დაბრუნებისას, გზაში მიიღო წნევის დამწევი საშუალება.

საზღვარზე გადმოსვლის დროს ხელში ეჭირა სასურსათო პროდუქტები და ჩქარობდა, ძალიან გადაღლილი იყო და თან ძალიან უნდოდა საპირფარეშოში (სავარაუდოდ წნევის დამწევის საშუალების გამო). როგორც კი მიუახლოვდა საქართველოს საზღვარს და გაიარა საზღვრის კვეთის კონტროლი მიუახლოვდა სკანერის აპარატს და აპარატზე მოათავსა ხელბარგი, მებაჟემ სთხოვა პირადობა და მიაწოდა, მაგრამ უკვე ძალიან შეუძლოდ იყო და საპირფარეშოში გაიქცა, პირადობა და ხელბარგი დატოვა სკანერზე.

შემდეგ როცა მივიდა ისევ მებაჟესთან მან უთხრა, რომ რადგან არ დაემორჩილა და დათვალიერებაზე არ შევიდა მასთან ერთად უნდა დაეჯარიმებინა 800 ლარით.

არ გადმოჰქონდა არანაირი აკრძალული საქონელი, მოჰქონდა მხოლოდ საკვები პროდუქტები.

შემოსავლების სამსახურის 23.12.2022 წლის №32553 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ, რომ თითქოსდა ცდილობდა საბაჟო ტერიტორიაზე პირადობის წართმევას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ფაქტების დამახინჯების მცდელობას, გაუფრთხილებლად დატოვა საბაჟო ტერიტორია და არც უცდია პირადობის წაღება, რადგან უკან დაბრუნებას და საბაჟო პროცედურების გავლას შემდეგ აპირებდა (ეგონა ამით არაფერი დაშავდებოდა).

აგრეთვე არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი, რომ თითქოსდა უარი განაცხადა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებაზე, როდესაც საბაჟოზე დაბრუნდა საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლის მიზნით მასთან ერთად იყო მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ესაუბრა მებაჟეს და უთხრეს, რომ მომჩივნის ქმედება იმსახურებდა ჯარიმას, მაგრამ მას მისი თანდასწრებით არანაირი ჯარიმა არ შეუდგენია და მითუმეტეს მისთვის არ გადაუცია, რომ მას უარი ეთქვა მის გაცნობაზე.

ამას ისიც ადასტურებს რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 11.09.2022 წელს 21:11 საათზე, მან კი საბაჟო კონტროლის ზონა 18:00 საათისთვის დატოვა. ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტი, რომ 13.09.2022 წლის №---------- წერილით თითქოსდა გამოიგზავნა ზემოაღნიშნული ოქმი, რომელიც დაბრუნდა უკან 2022 წლის 22 სექტემბერს. შემდგომ განმეორებით გაიგზავნა, რომელიც ხელმეორედ დაბრუნდა უკან 2022 წლის 26 სექტემბერს.

მის მისამართზე, ----------, არცერთი წერილი და სამართალდარღვევის ოქმი არ მისვლია, სოფლის სკოლის მასწავლებელია და მის მისამართს ფოსტის წარმომადგენლები ყოველთვის ადვილად პოულობენ, მოკითხვით, ხოლო სამუშაო საათებში მისთვის გზავნილები ფოსტის წარმომადგენლებს სკოლაში მიაქვთ. ამ პერიოდში არანაირი გზავნილი არ მისვლია.

რადგან ფიზიკურად თავს ცუდად გრძნობდა არ უფიქრია, რომ მისი მხრიდან საბაჟო საზღვარზე გამოჩენილი უყურადღებობა ვინმეს შეიძლება დაუმორჩილებლობად ჩაეთვალა, რადგან მისი მიზანი დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, ასე რომ ყოფილიყო და საბაჟო კონტროლის გავლა, რომ არ სდომოდა არც დაალაგებდა კუთვნილ ნივთებს სკანერზე და პირადობასაც არ მიაწვდიდა საკუთარი ნებით მებაჟეს.

მოითხოვს ვიდეო ჩანაწერების განხილვას, რადგან იმ მომენტში იყო ძალიან აღელვებული და ვერ გაერკვია სიტუაციაში, ამასთანავე ჩათვალა, რომ თუ ჯერ საპირფარეშოში შევიდოდა და მერე დაათვალიერებდა მებაჟე ამით არაფერი დაშავდებოდა.

საბაჟო ტერიტორია დატოვა ამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, 47 წლის ასაკში 29 წელია მასწავლებელია, ემსახურება სამშობლოს, ასწავლის ქართულ ენას და ლიტერატურას, იხდის გადასახადს და საბაჟო კანონები თუ კარგად არ იცის ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუგნებელია. რცხვენია, რომ ამდენი თავის მართლება უწევს და ალბათ არის კიდეც ღირსი ამ სანქციისა რადგან დაუდევრად მოიქცა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხვანაირად არ შეეძლო.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ადგილზე არ გაცნობია არანაირი ჯარიმის ოქმს და აინტერესებს როგორ ჩაითვალა ჯარიმის ოქმი "გაცნობილად" 11.09.2022-ში 21.11 საათზე, ოქმის შედგენის მომენტში, როცა არც შედგენის და არც გაცნობის მომენტს პირადად არ ესწრებოდა. აღნიშნულ ოქმს ელექტრონულ გვერდზე გაეცნო 4 ნოემბერს, როცა უკვე დავალიანება დაერიცხა და ინკასო დაედო ანგარიშებს, რეალურად მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ოქმის შესახებ.

ითხოვს გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რადგან მისი მიზანი არ ყოფილა საბაჟო კონტროლის პროცედურებზე დაუმორჩილებლობა. ითხოვს ეპატიოს აღნიშნული სამართალდარღვევა, რადგან მისი დაუდევრობით და კანონმდებლობის არცოდნით არის გამოწვეული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, − იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

საქმეზე წარმდოგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ---------- ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი. საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელდა მისი შეჩერება და ზეპირი ინტერვიურირება, რა დროსაც მოქალაქემ განაცხადა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა, რის შემდგომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების თაობაზე. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა მას. იგი არ დაემორჩილა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას, ცდილობდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წართმევას, რის შემდგომაც დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

საჩივრის ზეპირი განხილვისას საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ინტერვიურების შემდეგ უნდა განეხორციელებინათ პირის ფიზიკური დათვალიერება, რა დროსაც დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, პირადობის მოწმობა რომელიც გამორთმეული ჰქონდა მებაჟე ოფიცერს სცადა, რომ წაერთმია არ დაემორჩილა მის მოთხოვნას, რომ გაყოლოდა ფიზიკური დათვალიერების განსახორციელებლად. მან დატოვა ---------- საბაჟო კონტროლის ზონა. დაცვის სამსახურის თანამშრომლების ჩარევით მოხდა მისი საბაჟო კონტროლის ზონაში დაბრუნება.

მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი დასტურდება სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერით.

საბჭო იზიარებს საბაჟო დეპარტამენტის პოზიციას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივანი არ დაემორჩილა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და ცდილობდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წართმევას, რის შემდგომაც დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დასტურდება მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გაუქმების საფუძველი.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.