ბრძანება N 3759
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3759
28.02.2023
ამხანაგობა „--------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: ქ. -------------------)
2023 წლის 18 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა ამხანაგობა „--------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი №8548/21, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-585 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული, შემოწმებით გამოვლენილი თანხების ამხანაგობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმებისას აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში მიიღო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით რეალიზებული ბინებიდან მიღებული შემოსავლები, რასაც შეუპირისპირა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით ნაჩვენები დაბეგრილი განაცემები. განმარტავს, რომ ამხანაგობა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს. მის მიერ გაწეულია დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომელიც არაა გათვალისწინებული დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების დროს. მათ შორის, არ არის გათვალისწინებული მიღებული სასაქონლო ზედნადებების თანხა, რომელიც აჭარბებს 927 000 ლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას. ფაქტობრივი გარემოებები: საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის №6760 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ამხანაგობა „--------------“-ის (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 დეკემბრის №32206 ბრძანება და №006-585 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 559 295 ლარი, მათ შორის გადასახადი 294 292 ლარი, ჯარიმა 147 146 ლარი და საურავი 117 857 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ამხანაგობა „------------“-ის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ბინების რეალიზაცია. კომპანია ქალაქ ------------ს მერიის მიერ შეყვანილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ობიექტთა ნუსხაში. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტერიას. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მყიდველებზე ნასყიდობის ხელშეკრულების და ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გადამხდელს სრულად არ აქვს ნაჩვენები რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებში. გადამხდელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბინები რეალიზებულია 2019 წლამდე პერიოდში, ხოლო საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2019, 2020 და 2021 წლებში. შემოწმებამ იხელმძღვანელა მხოლოდ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით განხილული იქნა ამხანაგობის ხელმძღვანელ პირზე, გაცემულ ხელფასად. გადამხდელს საჯარო რეესტრში ბინების რეგისტრაციის პერიოდების მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;
ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება; გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მყიდველებზე ნასყიდობის ხელშეკრულების და ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გადამხდელს სრულად არ აქვს ნაჩვენები რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოწმებამ მიღებულ შემოსავალს შეუპირისპირა არამხოლოდ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით ნაჩვენები დაბეგრილი განაცემები, რომლებიც შეადგენს 244 651 ლარს, არამედ სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯიც, რომელიც შეადგენს დაახლოებით 1 200 000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვაობის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, განხილული იქნა ამხანაგობის ხელმძღვანელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ გამოვლენილ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული, შემოწმებით გამოვლენილი თანხების ამხანაგობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მყიდველებზე ნასყიდობის ხელშეკრულების და ამხანაგობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გადამხდელს სრულად არ აქვს ნაჩვენები რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შემოწმებამ მიღებულ შემოსავალს შეუპირისპირა არამხოლოდ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციებით ნაჩვენები დაბეგრილი განაცემები, არამედ სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაწეული ხარჯიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვაობის თანხა განხილული იქნა ამხანაგობის ხელმძღვანელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახდით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ გამოვლენილ და გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49 (1); 61 (3); 73 (4); 101; 136 (3); 154.