ბრძანება N 21547
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21547
01 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ ------)
(მის.: -----------)
2022 წლის 29 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის №18544/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „------“-ის (ს/ნ ------) 2022 წლის 29 ივლისის №73188/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივნისის №005-82 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ძირითადად ტენდერების მეშვეობით. კომპანია მწვანე ნარგავების შეძენას ახორციელებს ფიზიკური პირებისგან, ხოლო აღნიშნული ნარგავებით შესრულებულია სამუშაოები, რომლებიც ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვინაიდან საწარმოს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით. გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტის გადაანგარიშებას და დარიცხული თანხის შემცირებას;
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები, რომლებიც საწარმოს არ ჰქონდა ატვირთული შესაბამისი თვის დეკლარაციებზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 მაისის №11330 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 ივნისის №16689 ბრძანება და ამავე თარიღის №005-82 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 431 914 ლარი, მათ შორის, გადასახადი 230 493 ლარი, ჯარიმა 118 265 ლარი, საურავი 83 156 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. ამავე სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30573 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მე-2 სადავო საკითხთან, კერძოდ, დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30573 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 თებერვლის №18544/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30573 ბრძანება და საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხების გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მომჩივნის მონაწილეობით, მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30573 ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა 603 351 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
2. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა საგადასახადო დოკუმენტები, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებული იქნა ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. ------ის მერიის მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს სულ 370 790 ლარს (დღგ-ის გარეშე). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი, რომლის შედეგად საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა 603 351 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
საჩივარში მითითებულია, რომ ფიზიკური პირებისაგან შეძენილი მწვანე ნარგავებით შესრულებული სამუშაოები ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებებზე, ხოლო მწვანე ნარგავების შეძენა წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს სამუშაოების შესასრულებლად. აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ვინაიდან საწარმოს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს, მაგრამ შესრულებული სამუშაოები ეჭვს არ იწვევს (ჩაბარებულია სახელმწიფო უწყებისთვის).
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ტენდერის ფარგლებში ქ. -----ის მერიისთვის აქვს შესრულებული გამწვანების სამუშაოები. ხარჯი, რაც ფიქსირდებოდა დოკუმენტურად, ეს იყო გაზონის დასარგავად თესლი, მიწა და ა.შ., ხოლო კონკრეტულად ნარგავები არ ფიქსირდება მიღება-ჩაბარების და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციაში, მითითებულია მხოლოდ გამწვანების (გაზონის) კვადრატული ოდენობა (თუ რამდენი დაიგო).
საჩივრის განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეუძლია წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან ამოღებული და დამუშავებული ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი, ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს სულ 370 790 ლარს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც საწარმოს არ ჰქონდა ატვირთული შესაბამისი თვის დეკლარაციებზე. ასევე, არასწორად აქვს გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელის მოთხოვნაა აღნიშნული საკითხის საწარმოს წარმომადგენელთან ერთად შესწავლა, გაანალიზება და დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 5 დეკემბრის №30573 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების ჩასათვლელ დღგ-ის თანხაში, რის შედეგადაც განხორციელდა შემოწმებით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება) 7 057 ლარის ოდენობით.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას.
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაუფიქსირდა 603 351 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რომლის ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
2. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ჰიდროთესვა და გაზონური ბალახის დაგებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 873 218 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს სულ 370 790 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა').
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 171(1), 173(1)(2), 174(1"ა").