გადაწყვეტილება №22474/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22474/2/2024
10 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ის 5.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22474/2/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.12.2023 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2024 წლის №006-62 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 151 655,19 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 82 489
ჯარიმა - 41 245
საურავი - 27 921,19
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის ძირითადი საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.02.2011 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 19.05.2011 წელს. კომპანიას ქ. "-------"-ის ცენტრალურ უბანში იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაცემული აქვს ქვეიჯარით.
აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის სომხეთის რეზიდენტი ფიზიკური პირი "------" ("------").
შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი კონტროლირებული ოპერაცია: შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი.
გადასახადის გადამხდელმა კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით წარმოადგინა ხელშეკრულებები, რეპორტები ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან და სხვა დოკუმენტაცია, ასევე, სატრანსფერო დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონტროლირებული ოპერაცია საბაზრო პრინციპთან შესაბამისობაშია.
შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სატრანსფერო დასკვნა, თუმცა, ის არ ჩაითვალა საკმარისად სანდო დოკუმენტად შემდეგი მიზეზების გამო:
შემმოწმებლის მიერ „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის №423 ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა კომპანიის კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის დასადგენად მოძიებული შედარებადი დამოუკიდებელი კომპანიების და სესხების/ობლიგაციების (სესხების დეტალებთან ერთად, როგორიცაა: საპროცენტო განაკვეთი, ვადიანობა, ვალუტა, სესხის ტიპი და სხვა) ნუსხა. ასევე, მოთხოვნილ იქნა სესხების საპროცენტო განაკვეთების სრული ან/და ინტერკვარტილური დიაპაზონი, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, არის თუ არა კომპანიის მიერ აღებული სესხის პროცენტი საბაზრო პრინციპთან შესაბამისი. გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ წარმოადგინა, მისი წარმომადგენლის პოზიციით, წარმოდგენილ დასკვნაში სესხის საპროცენტო განაკვეთის საბაზრო პრინციპის შესაბამისობასთან დასადგენად გამოყენებულ იქნა პროგრამა, რომელიც ავტომატურად ადგენს ე.წ. მრუდს, სადაც ჩანს, შეესაბამება თუ არა მოცემული სესხის პროცენტი გაშლილი ხელის პრინციპს.
ზემოაღნიშნული მეთოდით მიღებული შედეგი შემმოწმებლისთვის წარმოადგენს არასაკმარის ინფორმაციას, რადგან ვერ ხერხდება აღნიშნული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება. მომჩივანს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული აქვს სესხი.
მიღებულ სესხზე ქრონოლოგია შემდეგნაირია: მომჩივანმა 26.04.2011 წელს აიღო სესხი 615 060 აშშ დოლარის ოდენობით სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „------ LLC“-დან. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილმოწყობა. ამავე წლის 12 დეკემბერს სესხის მოთხოვნა გადავიდა ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „"------" Inc“-ზე. სესხის ძირი, პროცენტი და სხვა პირობები დარჩა უცვლელი. სესხის ძირის დაფარვა განხორციელდა 2014 წელს, ხოლო 2015 წლის სექტემბერში „"------" Inc“-მა სესხის პროცენტზე მოთხოვნა გადასცა სომხეთის რეზიდენტ ფიზიკურ პირ "------"-ს (რომელიც შესამოწმებელ პერიოდში არის შპს „-------“ -ის 100%-იანი წილის მფლობელი). 2021 წელს კომპანიამ დაფარა ზემოაღნიშნული სესხის პროცენტი სრულად.
შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 ნაწილებზე.
„შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების მიხედვით, ოფშორულ/შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ფიქსირდება ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი წარმოადგენს კონტროლირებულ ოპერაციას. მიღებული სესხის პირობები შემდეგია:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1728644186851 {margin-left: 67pt; margin: 0 auto !important; }პირობები
სესხი
სესხის გაცემის თარიღი
12.12.2011 წელი
სესხის ძირის დაფარვისთარიღი
2014 წელი
სესხის ოდენობა
615 060
სესხის საპროცენტოგანაკვეთი
17,5%
ვალუტა
აშშ დოლარი
უზრუნველყოფა
არა
სესხის დაფარვისბოლო ვადა
12.2021 წელი
მოცემულ შემთხვევაში, სესხის საბაზრო ფასის შეფასებისთვის საგადასახადო შემოწმების მიერ შეირჩა შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი გარე შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების გამოყენებით.
შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი - აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ანალოგიური პროდუქციის ფასზე, რომლის რეალიზაცია უკონტროლო ტრანზაქციის ფარგლებში განხორციელდა ანალოგიურ ან თითქმის ანალოგიურ პირობებში. შესადარებელი უკონტროლო ფასის დადგენა შეიძლება შიდა და გარე მონაცემების მეშვეობით. ყველაზე საიმედო იქნებოდა ამ მეთოდის გამოყენება, როდესაც ინფორმაცია მოიპოვება იმავე კომპანიის მიერ იმავე პროდუქციის არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შესყიდვასთან ან არაურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციასთან დაკავშირებით (შიდა შესადარებელი).
ამასთან, „OECD“-ის ტრანსფერფრაისინგის სახელმძღვანელოს მიხედვით, შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი შეფასებულია ყველაზე საიმედო მეთოდად ფინანსურ ტრანზაქციებში. მომჩივანს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული აქვს სესხი.
კონტროლირებული სესხის გაშლილი ხელის პრინციპით საბაზრო ფასის დასადგენად შემოწმების მიერ საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზა Bloomberg-ში მოძიებულ იქნა მსესხებლის - მომჩივანის საკრედიტო რეიტინგი DRSK მოდულის გამოყენებით. საკრედიტო რეიტინგის პერიოდად განსაზღვრულ იქნა 2011 წელი, როცა კრედიტორი გახდა "------" Inc. აღნიშნული DRSK მოდულით მიღებული საკრედიტო რეიტინგია DS2, რომელიც სარეიტინგო სააგენტოების Moody’s-ის, S&P-ის და Fitch-ის რეიტინგში შეესაბამება Caa2, CCC და CCC რეიტინგებს.
აღნიშნული კონტროლირებული სესხის გაშლილი ხელის პრინციპით საბაზრო ფასის დასადგენად კვლევა ჩატარდა საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზა Bloomberg-ში. მიღებულ სესხზე კვლევა ჩატარდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- შესარჩევი ობლიგაციების არეალიდან გამორიცხულ იქნა სახელმწიფოს და საბანკო სექტორის მიერ გამოშვებული ობლიგაციები;
- გამოშვების თარიღი - 1.01.2012 წლამდე გამოშვებული ობლიგაციები;
- ვადიანობა - 1.01.2021 წელზე მეტი ვადიანობის ობლიგაციები;
- ვალუტა - აშშ დოლარი; - ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ფიქსირებული;
- საკრედიტო რეიტინგების დიაპაზონი: 1. Standard & Poor’s – „BB“-დან „CC“-ის ჩათვლით, ან 2. Fitch – „BB“-დან „CC“-ის ჩათვლით, ან 3. Moody’s – „Ba3“-დან „Ca“-ის ჩათვლით. შედეგად მოძიებულ იქნა ფუნქციონირებადი კომპანიების 7 მონაცემი. მოძიებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი (YTM) შედარდა მომჩივანის მიერ მიღებული სესხის საპროცენტო განაკვეთთან.
მიღებული დიაპაზონი შემდეგნაირად გამოიყურება:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1728644277148 {margin-left: 60.5pt; margin: 0 auto !important; }
საბაზრო განაკვეთი
შპს "------"-ის მიღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი
მინიმალური განაკვეთი
6,51
17,5
პირველი კვარტილი
7,9
მედიანა
8,69
მესამე კვარტილი
14,28
მაქსიმალური განაკვეთი
14,97
აშშ დოლარში მიღებული სესხისთვის მიღებულ იქნა საბაზრო დიაპაზონი 7,9%-დან 14,28%-მდე, ხოლო მედიანა - 8,69%.
მომჩივანს "------" Inc-იდან აღებული აქვს სესხი 17,5 პროცენტად, საპროცენტო განაკვეთი ინტერკვარტილურ დიაპაზონში არ ხვდება, შესაბამისად, კომპანიის მიერ მიღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს. აღსანიშნავია, რომ სესხის პროცენტი იფარება 2021 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან გადასახადის გადამხდელის მიერ.
შემმოწმებელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის პროცენტის ფაქტობრივ და საბაზრო განაკვეთს შორის სხვაობა დაიბეგრება მოგების გადასახადით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-635 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 8.12.2023 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საბაზრო დიაპაზონის შესწორების საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 8.12.2023 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა მისთვის განსაზღვრულ ვადაში წარადგინა დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების სფეროში მოქმედი 4 კომპანიის მიერ მოზიდული სახსრების შესახებ ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელს იმ ნაწილში, რომ შემოწმების მიერ მოძიებული კომპანიებიდან არცერთი არ საქმიანობს უძრავი ქონების ბაზარზე. შემოწმების ეტაპზე აუდიტორების მიერ აღნიშნული არ ყოფილა გასათვალისწინებელი ფაქტორი, რადგან შემოწმების მიერ კონტროლირებული ოპერაციის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი, რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის №423 ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის თანახმად, თუ მეთოდების გამოყენება შესაძლებელია ერთიდაიმავე სანდოობით, უპირატესია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი სხვა მეთოდებთან შედარებით. ამ მეთოდის გამოყენების დროს საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს. ანუ მოცემულ შემთხვევაში შეფასებისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მიღებული სესხის პირობები, როგორიცაა, სესხის ვადა, სესხის ვალუტა, სესხის განაკვეთის ტიპი, მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი და ა.შ. და არა კომპანიის საქმიანობის სფერო. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნული ფაქტორი იმთავითვე არ იყო გათვალისწინებული. ასევე, გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის შესადარისი კომპანიის მიერ მიღებულ სესხის პირობებთან, რადგან წარმოდგენილი ინფორმაციით პოტენციურად შესადარის კომპანიებს სესხები აღებული აქვთ განსხვავებულ პერიოდებში, კერძოდ 2015, 2016, 2017, 2019, 2021 და 2022 წლებში, ხოლო გადასახადის გადამხდელს სესხი აღებული აქვს 2011 წელს.
გარდა ამისა, 26.01.2024 წელს შედგენილი დასკვნით შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სადავო საკითხზე განხორციელდა კვალიფიკაციის შეცვლა და აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება აღარ არის რელევანტური, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №23776 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შესწავლილი იქნა სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე. ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული შეფასებისა (სესხზე პროცენტის ფაქტობრივ და საბაზრო განაკვეთს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო პროცენტის გადახდა წყაროსთან დაბეგრილი იყო 5%-ით გადამხდელის მიერ, რაც შემოწმებით დარჩა უცვლელი), საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნით მოცემულ სესხზე განაცემები დაიბეგრა წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 131-ე და 134-ე მუხლების შესაბამისად 15%-ით, ხოლო მოგების გადასახადში არსებული დარიცხვა დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №20946/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 26.02.2024 წელს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების შედეგები წინა დასკვნის შედეგების გათვალისწინებით კორექტირებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.03.2024 წლის №006-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი (ს/ნ. "-------" ) წარმოადგენს 2011 წელს რეგისტრირებულ კომპანიას. კომპანიას "-------"-ის ცენტრალურ უბანში იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაარემონტა და შემდგომ გასცემს ქვეიჯარით რამდენიმე პირზე. საქმიანობის პერიოდში კომპანიას აღებული აქვს სესხები, რომელიც საჭირო იყო როგორც უძრავი ქონების რემონტისთვის, ასევე გარკვეული საოპერაციო ხარჯებისთვის. 2011 წლის აპრილის თვეში მომჩივანი არაურთიერთდამოკიდებული, არარეზიდენტი პირისგან („ლანდფრო“, სომხეთის რეზიდენტი) აღებული აქვს სესხი 615,060 აშშ დოლარის ოდენობით 17.50% პროცენტში. ამავე წლის ბოლოს, აღნიშნულ სესხზე მოთხოვნა სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში (მომჩივანი, ლანდფრო, "------") გადაეცა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიას"------"-ს. პირობები არ შეცვლილა. გაცემის თარიღიდან სესხის სრულ დაფარვამდე პერიოდში (2014 წელს სრულად იქნა გადახდილი სესხის ძირითადი თანხა) მას დაერიცხა პროცენტი 291,482 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული პროცენტის დაფარვა განხორციელდა 2021 წელს.
შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმდა 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი გადასახადის გადამხდელის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების (ტრანსფერფრაისინგის) და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების კუთხით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ მომზადებულ იქნა საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების შეფასების დასკვნა.
შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გაზიარებული გადამხდელის პოზიცია და შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში (№2119, 23.12.2022), რომელიც, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანებასთან (№32893, 26.12.2022) და საგადასახადო მოთხოვნასთან (№006-635, 26.12.2022) ერთად გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 26.12.2022 წელს. ასევე, დამატებით მოწოდებულ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის დანართიც, რომელშიც ასახულია აუდიტორის არგუმენტაცია საბაზრო პრინციპთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ: მოგების გადასახადი - 84,687 ლარი, ჯარიმა 42,344 ლარი, საურავი 14,311 ლარი. სულ ჯამურად დამატებითმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 141,342 ლარი.
საგადასახადო ორგანოს მიერ უსაფუძვლოდ და არამართლზომიერად მოხდა კომპანიისთვის გადასახადების დარიცხვა, რადგან აუდიტის დეპარტამენტმა სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები და გამოსცა კანონთან შეუსაბამო/დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტები. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით (№23776, 28.09.2023) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება. აღნიშნული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 28.09.2023 წელს. გადასახადის გადამხდელისთვის გაუგებარი დარჩა საკითხი რას ნიშნავს „კვალიფიკაციის ცვლილების საკითხის შესწავლა“ ასეთი რამე არც საჩივრით იყო მოთხოვნილი და არც აუდიტორს უხსენებია თავის აქტში. ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროში და ასევე დამატებით გადამხდელის მიერ მოთხოვნილ იქნა გადაწყვეტილების განმარტება. აუდიტორთან კომუნიკაციაზე იყო და მანაც აღნიშნა,რომ გაუგებარი და ორაზროვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. მას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომჩივანმა მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება. თუმცა, არ დაელოდა ამ განმარტებას და გამოსცა გადაწყვეტილების აღსრულებასთან შეუსაბამო აქტი (დასკვნა გადაანგარიშების თაობაზე 52/1, 26.01.2024, საგადასახადო მოთხოვნა 7.02.2024, №006-34). მანამდე, იდავა ფინანსთა სამინისტროშიც. სადაც, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს წარმომადგენელმა ზეპირად განუმარტა რასაც ნიშნავდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, განმარტება იყო ასეთი, რომ შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა საკითხი ურთიერთდამოკიდებულების შესწავლასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ კომუნიკაცია ჰქონდა აუდიტორთან თუმცა, მისი განმარტება და გაგება ამ გადაწყვეტილების აბსოლუტურად განსხვავდება ფინანსთა სამინისტროს დავებში მოსმენილი პოზიციისგან.
ამასთან ერთად, მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.01.2024 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილება (№ 03/6419). თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ, თავდაპირველად აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და აღნიშნა:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით, სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საბაზრო დიაპაზონის შესწორების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“
შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ ძალაში დატოვა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, კერძოდ კი იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს საკითხის კვალიფიკაციის ცვლილების შესწავლასთან დაკავშირებით.
ფინანსთა სამინისტროდანაც მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება, თუმცა საკითხის განხილვამდე მოხდა გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად განმარტებაც აღარ მოხდა. გადამხდელს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები ჩაბარდა ამა წლის 4 მარტს, კერძოდ გადამხდელმა მიიღო დასკვნა საგადასახადო შედეგების გადაანგარიშების თაობაზე 26.02.2024, №152 თანდართულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად 01.03.2024, №006-62. დასკვნაში აღნიშნულია სრულიად უსაფუძვლო მსჯელობა მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით და ასევე წარმოდგენილია კვალიფიკაციის ცვლილების შედეგიც, რომელიც მათ შორის შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოადგენს საჩივარს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნასთან მიმართებით.
მომჩივანი იწყებდა რა საქმიანობას საქართველოს ბაზარზე მოახდინა ინვესტიციების მობილიზება, კერძოდ, აიღო სესხები სხვადასხვა არარეზიდენტი პირებისგან. ეს პირები არ არიან ურთიერთდამოკიდებული მხარეები, მათ შორის საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მიზნებისთვის. საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლი განმარტავს ტრანსფერფრაისინგის მიზნებისთვის რომელი პირები წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირებს, ამასთან, ამავე მუხლი მე4 და მე-5 ნაწილების მიხედვით:
„4. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.
5. დამოუკიდებელ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია დამოუკიდებელია.“
საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით:
„1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევებზედაც, როდესაც საქართველოს საწარმო შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტთან ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ურთიერთდამოკიდებული პირები. ამასთანავე, ოპერაცია, რომლის ერთ-ერთი მხარე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტია, ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად.“
ზემოაღნიშნული ჩანაწერებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების შეფასება მოითხოვება და შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში თუ ოპერაცია განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ (ან შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული) პირთან. შემოსავლების სამსახურის მიერ მხედველობაში არ არის მიღებული ის ფაქტი, რომ თავდაპირველად სესხი გაცემულია სომხეთის რეზიდენტი კომპანიის მიერ „ლანდფრო“, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოს კომპანიისთვის ურთიერთდამოკიდებულ პირს. „ლანდფრო“-ს დამფუძნებლების და ბენეფიციარი მფლობელობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია და შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია რაიმე არგუმენტაცია მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობის შესახებ. არ არის მართლზომიერი, ტრანსფერფრაისინგის წესების გავრცელება განხორციელდეს ყველა არარეზიდენტ პირზე, როდესაც სახეზე არ გვაქვს ურთიერთდამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ აღნიშნულ ფაქტს, აღმოჩნდება, რომ თავდაპირველად სესხი გაცემულია არაურთიერთდამოკიდებული პირის მიერ და საპროცენტო განაკვეთიც განსაზღვრულია ისეთ პირობებში, რომ ურთიერთდამოკიდებულებას ფასზე გავლენა არ მოუხდენია.
შესაბამისად, სესხის საპროცენტო განაკვეთი საბაზროა სესხის მოთხოვნის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიისთვის გადაცემის შემთხვევაშიც. ასევე, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების იჯარით გაცემა. "-------"-ის ცენტრალურ უბანში იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაარემონტა და შემდგომ გასცემს ქვეიჯარით რამდენიმე პირზე. საქმიანობის პერიოდში კომპანიას აღებული აქვს სესხები, რომელიც საჭირო იყო როგორც უძრავი ქონების რემონტისთვის, ასევე გარკვეული საოპერაციო ხარჯებისთვის. კომპანია დაფუძნდა 2011 წელს და ამავე პერიოდში მას სხვადასხვა პირებისგან მიღებული აქვს სესხები.
გადამხდელი შემოწმების პროცესში ასევე გაეცნო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ შესადარებელ კომპანიებს და შეიძლება ითქვას რომ შერჩეული შესადარებლებიდან არც ერთი არ საქმიანობს უძრავი ქონების ბაზარზე. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ბაზების ინფორმაცია აცდენილია რეალობას და ამის ნათელსაყოფად მოვიძიეთ საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანიების მიერ მოზიდული სახსრების შესახებ ინფორმაცია.
კერძოდ, საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში განთავსებულია რამდენიმე დეველოპერული კომპანიის ობლიგაციები დოლარში. ობლიგაციები გამოშვებულია სხვადასხვა პერიოდებში 2015, 2016, 2018, 2019 და შემდგომ წლებში. ობლიგაციები განთავსებულია ისეთი კომპანიების მიერ როგორიცაა ლისი ლეიქ დეველოპმენტი, m2 და ა.შ. საპროცენტო განაკვეთი მერყეობს არის სხვადასხვა 6,5%-დან - 9,5%-მდე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომჩივანის მიერ აღებული სესხი გაცემულია 2011 წელს. ეროვნული ბანკის სტატისტიკით 2011 წელს უცხოურ ვალუტაში, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 13-14%-ს, ხოლო 2015 – 2022 წლებში საშუალო განაკვეთი 8%-ია. მაგ. 2015 ში 10.5%, 2016 ში 9.6% და ა.შ. გვაქვს კლების ტენდენცია. 2015 წლიდან არსებული საბაზრო პროცენტი ასევე შესაბამისობაშია საფონდო ბირჟის მონაცემებთან. შემოწმების მიერ ჩატარებული კვლევით (ბენჩმარკით) მედიანა განისაზღვრა როგორც 8.69%. ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციით ნათლად ჩანს რამდენად შეუსაბამოა აღნიშნული კვლევით მიღებული მონაცემი საქართველოში რეალურად არსებულ სიტუაციასთან და საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების ავტორიტეტი, ბრენდი, რეიტინგი თუ ზოგადად ის ფაქტი, რომ ობლიგაციების განთავსება მოხდა საფონდო ბირჟაზე, ეს ყველაფერი ინვესტორისთვის უკვე ქმნის მეტად უსაფრთხო გარემოს თანხის განთავსებისთვის. საფონდო ბირჟაზე განთავსებული მონაცემებით, უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანიები ობლიგაციების გამოშვებით 2015-2020 წლის პერიოდში საშუალოდ 8%-იან საპროცენტო განაკვეთს იყენებდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით 2011 წლიდან 2015 და შემდგომ პერიოდებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი კლების ტენდენციის გათვალისწინებით, 2015 წლის და შემდგომ პერიოდებში ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საშუალოდ 8%-ს, იმის მტკიცება, რომ 2011 წელს, სტარტაფ ფაზაში მყოფი კომპანია, რომელსაც, არ აქვს ბრენდინგი, ცნობადობა და ა.შ. აქვს ერთი ფართი იჯარით აღებული, არემონტებს მას და აპირებს შემდგომ ქვე-იჯარით გაცემას, მის მიერ მოზიდულ სახსრებზე 8,69% ის საბაზრო განაკვეთად მიჩნევა არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.
აქედან გამომდინარე, ბენჩმარკის მონაცემები არ არის სამართლიანი, გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ბაზარზე არსებული ინფორმაცია (რომელიც წარმოდგენილი იქნება დამატებით), რის შედეგადაც (მათ შორის ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით) სრულად უნდა გაუქმდეს ამ ნაწილში დარიცხვა.
ფინანსთა სამინისტროსთან დავის შემდგომ აუდიტორს წარედგინა დეტალური ინფორმაცია საფონდო ბირჟის მონაცემებთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ანალიზი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ჩანს აღნიშნულ არგუმენტებს აუდიტორმა „ზედ არ შეხედა“ და გამოსცა რეალობასთან სრულიად შეუსაბამო დასკვნა.
ამასთან, აუდიტორის მსჯელობა სრულიად აცდენილია ლოგიკურ მსჯელობას. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტი არ ითვალისწინებდა ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილებას და არც სარჩელით იყო მოთხოვნილი ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი.
საჩივრით მოთხოვნილი იყო რომ აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა შესწავლილი ურთიერთდამოკიდებულების საკითხი და ასევე მოთხოვნა იყო, რომ თავად კონტროლირებული ოპერაციის შეფასებაც მომხდარიყო საქართველოს ბაზარზე (მათ შორის ეროვნული ბანკის და საფონდო ბირჟის მონაცემებით) არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. მომჩივანმა ისე გაიგო, რომ თუ აუდიტის დეპარტამენტი ვერ ადასტურებს ურთიერთდამოკიდებულებას მათ შორის შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპით მაშინ აქ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების საკითხიც არ დგას. შესაბამისად თუ ფორმა, რომ ურთიერთდამოკიდებულება სამართლებრივად არ ვლინდება, შეესაბამება მის შინაარსს მაშინ აღსრულების დროს მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ზეპირსიტყვიერად იგივე იქნა განმარტებული ფინანსთა სამინისტროში დავების შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლების მიერ. თუმცა, აუდიტორთან ზეპირი კომუნიკაციის შედეგად განემარტა შემდეგი, რომ კვალიფიკაციის ცვლილებით შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ აუდიტის დეპარტამენტს დაავალა პროცენტების გადახდა ჩაითვალოს ოფშორზე გადახდილად და არა სომხეთის რეზიდენტ ფიზიკურ პირზე გადახდად და შესაბამისად ამის გათვალისწინებით უნდა დაიბეგროს წყაროსთან.
ეს პოზიცია საერთოდ გაუგებარია სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველი მიზეზი ისაა, რომ აქამდე არ შემოტანილა კვალიფიკაციის ცვლილების საკითხი და დავების დროს დავის საკითხში არ დავრჩით და გამოდის რომ ახალი თემა შემოაქვს აუდიტორს. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ თავისი პირველადი აქტით აუდიტორმა დაადასტურა წყაროსთან დაკავებული გადასახადის მართლზომიერება და დატოვა 5% იანი დაბეგვრა, როგორც ეს გადამხდელს აქვს დაბეგრილი და სადავო გახადა პროცენტის სატრანსფერო ფასი. აქედან გამომდინარე, დავის ეტაპზე თემატური ცვლილების შემოტანა არ არის სამართლებრივად სწორი. ერთის მხრივ, ერთი საგადასახადო შემოწმების აქტით ამბობ რომ 5%-იანი წყაროს დაბეგვრა უნდა გქონდეს და მეორე აქტით, რომელიც მხოლოდ დროში განსხვავდება ერთმანეთისგან უცბად 15% იანი ხდება დაბეგვრა. ამასთან, ეს ხომ არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, ეს ყველაფერი ცნობილი იყო აუდიტისთვის თავიდანვე. მეორე, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდაო, რომ აღნიშნავს შემოსავლების სამსახური დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი და არა აუდიტის დეპარტამენტის. შესაბამისად, გადამხდელის არგუმენტებიდან რომელიღაც საკითხი დაკმაყოფილდა. გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა ორი საკითხი, პროცენტის საბაზროსთან შესაბამისობა და ურთიერთდამოკიდებულება. თუ აუდიტორის ზეპირი განმარტებით მოწოდებული ინფორმაცია სიმართლესთან არის ახლოს მაშინ რა დაკმაყოფილდა გაუგებარია, მომჩივანს არ მოუთხოვია კვალიფიკაციის ცვლილება და რა დაუკმაყოფილა საბჭომ? ამას ემატება ის, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოზე ზეპირსიტყვიერად განმარტეს, რომ ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა დაავალა შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს. მაშინ გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია როგორც მან მოახდინა სარჩელის აღსრულება.
თავის მხრივ, თუნდაც დავუშვათ ის ფაქტი, რომ კვალიფიკაციის ცვლილების საკითხი მოიცავს იმას რაზეც აუდიტორი ამახვილებს ყურადღებას. ამ ნაწილშიც კი საერთოდ დაუსაბუთებელია აუდიტორის მსჯელობა, კერძოდ, არსად არის მსჯელობა, დასაბუთება კვალიფიკაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, რამდენად მართლზომიერია, ამასთან გამოკვლეული აქვს თუ არა გადაწყვეტილებაში ნახსენები უზენაესი სასამართლოს განმარტება კვალიფიკაციის ცვლილებასთან დაკავშირებით და ამ განმარტებასთან მისი ქმედების შესაბამისობა. დასკვნაში არ არის მოცემული არანაირი არგუმენტი, არანაირი საფუძველი იმისა, თუ რატომ ჩაითვალა სომხეთის რეზიდენტზე გადახდილი თანხები ოფშორულ კომპანიაზე გადახდილად.
ამასთან, ისევ გაუგებარია შემოსავლების სამსახურის თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რა ნაწილში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებითი მოკვლევა, რა კვალიფიკაციის ცვლილებაზეა საუბარი.
მეორეს მხრივ, აქტში მსჯელობაა წარმოდგენილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციასთან დაკავშირებით. ყველა დეტალზე რაც აუდიტორს თითქოსდა ახსნილი აქვს თავის დასკვნაში მოცემული იყო ინფორმაცია მომჩივანის მიერ მიწოდებული მეილით, მაგრამ რატომღაც ამ ინფორმაციის იგნორირება ხდება და აუდიტორი ისე წარმოადგენს ინფორმაციას თითქოს ჩინური სამშენებლო კომპანიის მიერ გამოშვებული ბონდი უფრო შესადარისია ქართულ ბაზართან ვიდრე რეალური ქართული დეველოპერული კომპანიების მიერ გამოშვებული ბონდები, რაც სხვა თუ არაფერი უბრალოდ არალოგიკურია. სამართლებრივ საფუძველზე რომ არაფერი ვთქვათ. პერიოდებს შორის ცვლილების კორექტირების საკმაოდ მყარი საფუძველია წარმოდგენილი და ყველაფერი ჯამში ადასტურებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ბენჩმარკი საერთოდ აცდენილია ქართულ რეალობას.
შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალისწინებული ქართული საფონდო ბირჟის მონაცემები, რომელიც ცალსახად უფრო შესადარისია ვიდრე მის მიერ მოძებნილი სხვადასხვა ტიპის კომპანიები, რომელთა შესადარისობაზე დიდი კითხვის ნიშანია დასმული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა სათანადოდ და არც აუდიტორს გამოუკვლევია დამატებით რამე საკითხი.
შესაბამისად ახლად გამოცემული დასკვნა უნდა გაუქმდეს თანდართული დოკუმენტაციით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს ქმედება არამართლზომიერია და სრულად უნდა გაუქმდეს დამატებით დარიცხული გადასახადების გადახდის ვალდებულება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით.
საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ: ა) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში; ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.
4. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.
საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:
ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;
ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
6. კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო ფასად ჩაითვლება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივნის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება. კომპანიას ქ. "-------"-ის ცენტრალურ უბანში იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, რომელიც გაცემული აქვს ქვეიჯარით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის სომხეთის რეზიდენტი ფიზიკური პირი "------" ("------"). გამოიკვეთა კონტროლირებული ოპერაცია: შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი. გადასახადის გადამხდელმა კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით წარადგინა ხელშეკრულებები, რეპორტები ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამიდან და სხვა დოკუმენტაცია, ასევე, სატრანსფერო დასკვნა, რომლის მიხედვითაც კონტროლირებული ოპერაცია საბაზრო პრინციპთან შესაბამისობაშია. შემოწმების მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სატრანსფერო დასკვნა, თუმცა, ის არ ჩაითვალა საკმარისად სანდო დოკუმენტად. მომჩივანმა 26.04.2011 წელს აიღო სესხი 615 060 აშშ დოლარის ოდენობით სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „"------" LLC“-დან. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა უძრავი ქონების კეთილმოწყობა. ამავე წლის 12 დეკემბერს სესხის მოთხოვნა გადავიდა ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „"------" Inc“-ზე. სესხის ძირი, პროცენტი და სხვა პირობები დარჩა უცვლელი. სესხის ძირის დაფარვა განხორციელდა 2014 წელს, ხოლო 2015 წლის სექტემბერში „"------" Inc“-მა სესხის პროცენტზე მოთხოვნა გადასცა სომხეთის რეზიდენტ ფიზიკურ პირ"------"-ს (რომელიც შესამოწმებელ პერიოდში არის მომჩივანის 100%-იანი წილის მფლობელი). 2021 წელს კომპანიამ დაფარა ზემოაღნიშნული სესხის პროცენტი სრულად.
"შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 29.12.2016 წლის №615 დადგენილების მიხედვით, ოფშორულ/შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ფიქსირდება ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიიდან აღებული სესხი წარმოადგენს კონტროლირებულ ოპერაციას. სესხის საბაზრო ფასის შეფასებისთვის საგადასახადო შემოწმების მიერ შეირჩა შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი გარე შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების გამოყენებით.მომჩივანს "------"=-იდან აღებული აქვს სესხი 17,5 პროცენტად, საპროცენტო განაკვეთი ინტერკვარტილურ დიაპაზონში არ ხვდება, შესაბამისად, კომპანიის მიერ მიღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი არ შეესაბამება გაშლილი ხელის პრინციპს.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23776 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
საბჭოს 8.12.2023 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საბაზრო დიაპაზონის შესწორების საკითხი შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 8.12.2023 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2024 წლის დასკვნით შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხზე განხორციელდა კვალიფიკაციის შეცვლა და აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის გამოყენება აღარ არის რელევანტური, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №23776 ბრძანების აღსრულების მიზნით, დამატებით შესწავლილი იქნა სადავო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული შეფასებისა (სესხზე პროცენტის ფაქტობრივ და საბაზრო განაკვეთს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო პროცენტის გადახდა წყაროსთან დაბეგრილი იყო 5%-ით გადამხდელის მიერ, რაც შემოწმებით დარჩა უცვლელი), საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნით მოცემულ სესხზე განაცემები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 131-ე და 134-ე მუხლების შესაბამისად 15%-ით, ხოლო მოგების გადასახადში არსებული დარიცხვა დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №20946/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 26.02.2024 წელს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემოწმების შედეგები წინა დასკვნის შედეგების გათვალისწინებით კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 8.12.2023 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თვლის,რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალისწინებული ქართული საფონდო ბირჟის მონაცემები, რომელიც ცალსახად უფრო შესადარისია ვიდრე მის მიერ მოძებნილი სხვადასხვა ტიპის კომპანიები, რომელთა შესადარისობაზე დიდი კითხვის ნიშანია დასმული.. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა სათანადოდ და არც აუდიტორს გამოუკვლევია დამატებით რამე საკითხი. ახლად გამოცემული დასკვნა უნდა გაუქმდეს თანდართული დოკუმენტაციით.მომჩივანს ასევე მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს ქმედება არამართლზომიერია და სრულად უნდა გაუქმდეს დამატებით დარიცხული გადასახადების გადახდის ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 1.03.2024 წლის №006-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 8.12.2023 წლის №20946/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),126(4),127.