გადაწყვეტილება №20354/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20354/2/2023
17 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023, 16.11.2023 და 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 22.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20354/2/2023).
დავის საგანი:
დეკლარირებული ხარჯის შემცირება და დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30652 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №007-339 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15182 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 32 807.02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 20 171.75
დღგ - 7 790
საშემოსავლო გადასახადი - 12 382
ჯარიმა - 8 783
საურავი - 3 852.27
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადვოკატთა კოლეგიებისა და იურიდიული კონსულტაციების საქმიანობა (კერძო ადვოკატების ჩათვლით).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილისა და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (ძირითადად საკვები პროდუქტები), რომელიც, შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროდან (იურიდიული/საბროკერო მომსახურება) გამომდინარე, არ იყო დაკავშირებული შემოსავლების მიღებასთან.
აღნიშნული და ასევე, სხვა ხარჯები (სესხის პროცენტი, ამორტიზაცია, ძირითადი საშუალებების ხარჯი და სხვა) გადასახადის გადამხდელის მიერ ასახული იყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების გამოსაქვით ხარჯებში. შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები (ასევე, შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით სესხი აღებული იყო პირადი მოხმარებისთვის). შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე (ძირითადად საკვებ პროდუქტებზე) ჩათვლილი ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადი. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 5.12.2022 წლის №30652 ბრძანება და 6.12.2022 წლის №007-339 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 7.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.06.2023 წლის №15182 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომელიც გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯი და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელშიც 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია რომ შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრული იყო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, შესაბამისად, შემოწმებამ შეისწავლა მხოლოდ 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ასახული შედეგები, ხოლო 2022 წლის პერიოდი შესწავლილ იქნა მხოლოდ ყოველთვიური დეკლარაციების ჭრილში. ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტებთან მიმართებით, აღნიშნულია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გახარჯული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები იყო ხანდაზმული პერიოდის. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მითითებულია 2022 წელიც, კერძოდ: 2022 წლის იანვრიდან - 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდი, რაც მიაჩნია, რომ მოცემულ პერიოდზე ჯერ არ იყო დამდგარი წლიური ანგარიშგების ვალდებულება და შესაბამისად 2022 წელი არ ექვემდებარება საგადასახადო შემოწმებას, რაზედაც მოთხოვნილებისამებრ შეუძლია წარმოადგინოს სხვა გადამხდელებთან მიმართებაში მსგავსი პრობლემის აღმოფხვრის საკითხი.
გაუგებარია რევიზორის ჩანაწერი 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომ ყველა საკითხთან მიმართებაში უცნობია გადამხდელის პოზიცია და გადამხდელთან ვერ მოხერხდა დაკავშირება. მთელი შემოწმების პერიოდში შესანიშნავი კომუნიკაცია ჰქონდათ გადამხდელს და რევიზორს, რაც დასტურდება არაერთი აუდიო ჩანაწერებით და გზავნილებით ელექტრონული ფოსტის სახით. თუმცა თუ გადამხდელმა რომელიმე კონკრეტულ ზარს ვერ უპასუხა, ეს არ უნდა გამხდარიყო მიზეზი იმისა, რომ სარევიზიო აქტში ვინმეს ჩაეწერა, რომ გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ასეთი შეფასება კი იმას მიუთითებს, რომ თითქოსდა საერთოდ ვერ მოხერხდა გადამხდელთან კონტაქტი და შთაბეჭდილება რჩება, რომ რა უპასუხისმგებლოა გადამხდელი, რაც ამ შემთხვევაში გადამხდელი - სუბიექტის მიმართ პირდაპირი შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი მოპყრობაა. შეიძლება საბჭომ ეს ფაქტობრივი გარემოება უწყინრად მიიჩნიოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ შემოწმების აქტში მითითებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებული შეფასება არის ტყუილი, რაც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. აღნიშნულის შესახებ სრული მასალა წარდგენილია საჩივართან ერთად.
რაც შეეხება დეკლარირებულ ხარჯებს: აუდიტორი განმარტავს, რომ გადამხდელს არ უფიქსირდება ძირითადი საშუალებები, რაც არის მორიგი სიცრუე, ხოლო სხვა ხარჯები, სესხი/პროცენტი და ასე შემდეგ არ არის საქმიანობასთან კავშირში და შესაბამისად გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯები. პირველ რიგში რატომ არ დაინტერესდა აუდიტორი და რატომ არ განახორციელა ინვენტარიზაცია. გაუგებარია რატომ არაა ძირითადი საშუალებები სამი ცალი პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, სამუშაო მაგიდები, სანათები, საკანცელარიო ნივთები, 4 ცალი კომბინირებული პრინტერები, აქსესუარები, სამუშაო დაფები, სავარძლები, სკამები, ბაინდერები, კარადები, კონდენციონერი, გამათბობელი, ქაღალდისა და კარტრიჯების მარაგი, მაცივარი და სხვა ინვენტარი. მოცემული ძირითადი საშუალებების 80% შეძენილია იურიდიული პირებიდან, ხოლო ნაწილი სოციალური ქსელის მეშვეობით ფიზიკური პირებისგან, რისი დოკუმენტებიც სხვადასხვა წლებში ატვირთულია rs.ge-ზე, ხოლო დანარჩენი კი გაგზავნილია აუდიტორთან.
ამ შემთხვევაში ყოვლად გაუგებარია რა პრინციპით უმატებს და აკლებს რევიზორი ხარჯებს, რით დაადგინა, რომ სესხები ან სხვა ხარჯები პირადი მოხმარებისთვის იყო ან არ იყო? რას ნიშნავს ხარჯების შემცირება გაუგებარია, ნუთუ ადვოკატს არა აქვს უფლება იქირავოს ოფისი და გადაიხადოს იჯარა, ნუთუ ადვოკატს არა აქვს უფლება გადაიხადოს კომუნალურები და ეს გამოქვითოს, ნუთუ ადვოკატს არა აქვს უფლება სესხით შეიძინოს კომპიუტერი, პრინტერი და სხვა ტექნიკა, ნუთუ ადვოკატს არა აქვს უფლება გაარემონტოს სამუშაო ოფისი და ამ მხრივ გაწიოს სხვადასხვა ხარჯები, ნუთუ ადვოკატს და ბროკერს არა აქვს უფლება წავიდეს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასამართლოებში და სასაზღვრო ტერმინალებზე. ნუთუ ადვოკატს არა აქვს უფლება იცოცხლოს - დალიოს ყავა, შეჭამოს საჭმელი, გაწიოს წარმომადგენლობითი ხარჯები და სხვა მრავალი. ნუთუ ადვოკატს არა აქვს უფლება შეიძინოს საკანცელარიო საქონელი და საჭირო ინვენტარი, თუნდაც საკვები პროდუქტები ღონისძიებისთვის, გაუგებარია რას ნიშნავს ყოველივე ეს, ერთი რევიზორი რატო უნდა წყვეტდეს სხვისი საქმიანობის სფეროს და ისე, რომ არ შეისწავლის მიწოდებულ დოკუმენტებს?
საინტერესო და გასაოგნებელია რევიზორის ასეთი ჩანაწერი, რომ გადამხდელს გატანილი აქვს 100 ცალი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის ხარჯვაზეც ინფორმაცია არ აქვს. უკვირს ასეთი დამოკიდებულება, ვინაიდან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების დასკანერებული ვარიანტი გაგზავნილია რევიზორთან.
აგრეთვე საქმეში არაფერი არაა ნათქვამი წინა წლების ზარალზე, რატომ არაა გადმოსული და გამოქვითული წინა წლებიდან გადმოსული ზარალი გაუგებარია.
შემმოწმებელი განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ გამოწერილი ელექტრონული ანგარიშფაქტურებით დადგენილი ბრუნვა ნაკლებია დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალზე. მომჩივანმა დაადეკლარირა მიღებული შემოსავალი, თუმცა შემმოწმებელმა, მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დაადგინა შემოსავალი და იგი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებს არ გაეცნო და ამ შემთხვევაშიც დაწერა ტყუილი.
შემმოწმებელი განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი პროდუქცია, გადამხდელის საქმიანობის სფეროსთან არ არის დაკავშირებული შემოსავლების მიღებასთან. მოცემულ შემთხვევაშიც აუდიტორმა გაიმარტივა საქმე და საერთოდ არანაირი ხარჯი არ დაექვემდებარა გამოქვითვას. სინამდვილეში კი უმჯობესი იქნებოდა დაეწერა, რომ შეძენილი პროდუქციის ნაწილი არ არის დაკავშირებული საქმიანობასთან. შემოწმების აქტის მიხედვით, 2020 და 2021 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებებში, გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლებიდან რევიზორმა ისე, რომ არც ზედნადებებში და ანგარიშ-ფაქტურებში არ ჩაუხედავს დაადგინა 0 (ნული), რაც კიდევ მორიგი ტყუილი გახლავთ შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოადგენს მტკიცებულებებს რაც rs.ge-ზე არის ატვირთული, კერძოდ: 2020 წლის გამოსაქვითმა ხარჯებმა შეადგინა 8 855 ლარი, აგრეთვე 2021 წლის გამოსაქვითმა ხარჯებმა შეადგინა 7 643 ლარი, ხოლო 2021 -2022 წლებში (შესამოწმებელ პერიოდში) წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 7 200 ლარს. მოცემული მტკიცებულებები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ------ სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა გარემოებების გასამყარებლად აქ მოყვანილ ხარჯვით თანხებს ემატება კიდევ სხვა ხარჯები, რომელიც გადაგზავნილია აუდიტორთან, მაგრამ აუდიტორმა არც ამ შემთხვევაში მიაქცია ყურადღება დოკუმენტებს. ეს ხარჯებია შემდეგია მაგალითად როგორიცაა ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური გადასახადი, ქ. --------- და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რაიონულ სასამართლოებში და სტრუქტურებში გამგზავრების დაბინავებისა და გამომგზავრების ხარჯები და ბილეთები, ოფისის კომუნალური ხარჯები და სხვა ხარჯები, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორთან გზავნილების საფოსტო ხარჯები, მობილური კავშირის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, სანოტარო ხარჯები, მთარგმნელობითი ხარჯები და სხვა მრავალი. აგრეთვე, არაფერია აქტში ნათქვამი წინა წლების ზარალზე.
რაც შეეხება სესხს, ამ შემთხვევაში საინტერესოა რა კრიტერიუმით შეაფასა და დაადგინა აუდიტორმა, რომ სესხი აღებულია პირადი მოხმარებისთვის. სწორედ საადვოკატო და საბროკერო საქმიანობას ჭირდება ის ძვირადღირებული ტექნიკა ინვენტარი, რასაც ყოველდღიური შემოსავლით ვერ იყიდდა, თუმცა თუ ეს ასე არ არის, მაშინ მოუწევს მხარეს შემდგომ სასამართლოში ამტკიცოს ის, თუ როგორ დაადგინა სესხის დანიშნულება და მიზნობრიობა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში აუდიტორი აქტში აფიქსირებს, რომ მოცემულ საკითხზე გადამხდელის პოზიცია უცნობია, სწორედ იმიტომაა უცნობი, რომ დღეს ეძლევა საშუალება პოზიციის დაფიქსირების, ხოლო იმ მომენტში მისი პოზიციით არავინ არ დაინტერესებულა.
რევიზორთან გაგზავნილია დაახლოებით 4 000 ერთეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზედაც საერთოდ არ არის ნამსჯელი. აღნიშნული დოკუმენტების უმეტესობა რევიზორის მოთხოვნით გაგზავნილია 29.11.2022 წელს, ხოლო სარევიზიო აქტი გამოცემულია მეორე დღეს 30 ნოემბერს, სრულიად გაუგებარია 4 000-მდე დოკუმენტი როგორ დაამუშავა რევიზორმა და როგორ დაადგინა, რომ ყველა მათგანი არ ექვემდებარება ხარჯებში გაქვითვას??
სრული პასუხისმგებლობით აცხადებს და ნებისმიერი ინსტანციაში მტკიცებულებებით დაადასტურებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან სრულყოფილად არაა შესწავლილი მომჩივნის საქმიანობა, არაა გათვალისწინებული არანაირი ხარჯი და სარევიზიო აქტში მოცემული შეფასება არის სიცრუე, თუნდაც მხოლოდ ერთი გარემოება ადასტურებს რევიზორის უპასუხისმგებლობას იმ ასპექტში, რომ თურმე მას ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით არ გააჩნია ინფორმაცია, როდესაც მიღებული აქვს სკანირებული მასალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კატეგორიულად ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და გადამხდელთან ხელახლა დაინიშნოს საგადასახადო შემოწმება გონივრულ ვადებში, აცილებულ იქნან ყოფილი რევიზორები და შემოწმება დაევალოს ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ პირებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (ძირითადად საკვები პროდუქტები), რომელიც შემოწმების მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროდან (იურიდიული/საბროკერო მომსახურება) გამომდინარე არ იყო დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან. აღნიშნული და ასევე, სხვა ხარჯები (სესხის პროცენტი, ამორტიზაცია, ძირითადი საშუალებების ხარჯი და სხვა.) გადასახადის გადამხდელის მიერ ასახული იყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების გამოსაქვით ხარჯებში. შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები (ასევე, შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით სესხი აღებული იყო პირადი მოხმარებისთვის). შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (ძირითადად საკვებ პროდუქტებზე) საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადი. შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.
2.11.2023 წელს საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შეუძლია წარმოადგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რისი წარმოდგენის საშუალებაც, საბჭოს მიერ, მიეცა მომჩივანს.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტში დოკუმენტების (ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების) მეილით წარდგენის დამადასტურებელი მასალები, 2 ექსელის ცხრილი, სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
1. შემოწმების პერიოდში შესანიშნავი კომუნიკაცია ჰქონდათ გადამხდელს და რევიზორს, რაც დასტურდება არაერთი აუდიო ჩანაწერებით და გზავნილებით ელექტრონული ფოსტის სახით. თუმცა თუ გადამხდელმა რომელიმე კონკრეტულ ზარს ვერ უპასუხა, ეს არ უნდა გამხდარიყო მიზეზი იმისა, რომ სარევიზიო აქტში ჩაწერილიყო, რომ გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შეიძლება საბჭომ ეს ფაქტობრივი გარემოება უწყინრად მიიჩნიოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ შემოწმების აქტში მითითებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებული შეფასება არის ტყუილი, რაც არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. აღნიშნულის შესახებ სრული მასალა წარდგენილია საჩივართან ერთად;
2. რაც შეეხება დეკლარირებულ ხარჯებს გაუგებარია რატომ არაა ძირითადი საშუალებები სამი ცალი პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, სამუშაო მაგიდები, სანათები, საკანცელარიო ნივთები, -------- და სხვა ინვენტარი. მოცემული ძირითადი საშუალებების 80% შეძენილია იურიდიული პირებიდან, ხოლო ნაწილი სოციალური ქსელის მეშვეობით ფიზიკური პირებისგან, რისი დოკუმენტებიც სხვადასხვა წლებში ატვირთულია rs.ge-ზე, ხოლო დანარჩენი კი გადაგზავნილია აუდიტორთან. ნუთუ ადვოკატს არა აქვს უფლება იქირავოს ოფისი და გადაიხადოს იჯარა, გადაიხადოს კომუნალურები და ა.შ.;
3. აქტში არსებულია ჩანაწერი, რომ გადამხდელს გატანილი აქვს 100 ცალი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის ხარჯვაზეც ინფორმაცია არ აქვს. აღსანიშნია, რომ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების დასკანერებული ვარიანტი გაგზავნილია რევიზორთან. აგრეთვე, საქმეში არაფერი არაა ნათქვამი წინა წლების ზარალზე, რატომ არაა გადმოსული და გამოქვითული;
4. წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც rs.ge-ზე არის ატვირთული, კერძოდ: 2020 წლის გამოსაქვითმა ხარჯებმა შეადგინა 8 855 ლარი, აგრეთვე 2021 წლის გამოსაქვითმა ხარჯებმა შეადგინა 7 643 ლარი, ხოლო 2021-2022 წლებში (შესამოწმებელ პერიოდში) წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 7 200 ლარს. მოცემული მტკიცებულებები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს -------- სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა გარემოებების გასამყარებლად აქ მოყვანილ ხარჯვით თანხებს ემატება კიდევ სხვა ხარჯები, რომელიც გაგზავნილია აუდიტორთან. ეს ხარჯებია შემდეგი: ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური გადასახადი, ქ. -------- და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რაიონულ სასამართლოებში და სტრუქტურებში გამგზავრების დაბინავებისა და გამომგზავრების ხარჯები და ბილეთები, ოფისის კომუნალური ხარჯები და სხვა ხარჯები, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორთან გზავნილების საფოსტო ხარჯები, მობილური კავშირის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, სანოტარო ხარჯები, მთარგმნელობითი ხარჯები და სხვა მრავალი;
5. რაც შეეხება სესხს, სწორედ საადვოკატო და საბროკერო საქმიანობას ჭირდება ის ძვირადღირებული ტექნიკა და ინვენტარი, რასაც ყოველდღიური შემოსავლით ვერ იყიდი, მხარეს მოუწევს სასამართლოში ამტკიცოს ის, თუ როგორ დაადგინა სესხის დანიშნულება და მიზნობრიობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, შესასწავლია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ მიზნით, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები უნდა გადაეგზავნოს აუდიტის დეპარტამენტს შესასწავლად და დაევალოს, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაექვემდებაროს ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მომჩივნის საქმიანობიდან გამომდინარე, შემოსავლის მიღებასთან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15182 ბრძანება;
3. დაევალოს საბჭოს აპარატს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გაგზავნა აუდიტის დეპარტამენტისათვის;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის №30652 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №007-339 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15182 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის პროდუქცია (ძირითადად საკვები პროდუქტები), რომელიც შემოწმების მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროდან (იურიდიული/საბროკერო მომსახურება) გამომდინარე არ იყო დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან. შემოწმების მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არ უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები (ასევე, შემოწმების პროცესში წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით სესხი აღებული იყო პირადი მოხმარებისთვის). შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დეკლარირებული ხარჯები. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მიღებული ანგარიშ-ფაქტურების (ძირითადად საკვებ პროდუქტებზე) საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადი. შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა გაუქმებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);105(2);106;121(3);174(1,2)175(1);176(1);