გადაწყვეტილება №19100/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19100/2/2023
6.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" - ის 14.03.2023 და 15.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №19100/2/2023; №19103/2/2023).
დავის საგანი:
საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №083-47 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3849 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 25 013 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 9 772
ჯარიმა - 9 772
საურავი - 5 469
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ყვავილების და სხვა მცენარეების იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია.
საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33250 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის სახელზე, №"------" საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება
აღნიშნული დეკლარაციებით მომჩივანმა განახორციელა 54 096,32 ლარის საბაჟო ღირებულების ყვავილის იმპორტი კენიიდან. მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში და მათ თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელებიც სავარაუდოდ შესაძლებელია სრულად არ ასახავდეს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს, რაც წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა საქონლის გადამზიდავი უსფ (წარმომადგენლობა) „------“ (ს/ნ "------").
მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა დეკლარირებული, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად, იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) და დაეკისრა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №ა244-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33288 ბრძანება და ამავე თარიღის №083-47 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 3.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2023 წლის №3849 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1.12.2019 წლიდან პირს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. საქმიანობის პერიოდში, ყოველთვიურად ხდებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ბიუჯეტში კუთვნილი გადასახადების გადახდა. ამ წლების განმავლობაში კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება ან მათი შემცირება და ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება. წლებია ახორციელებს ყვავილების იმპორტს. მომწოდებელ კომპანიებთან აქვს მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც ისინი თავად უზრუნველყოფენ საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირებას. საქონლის მომწოდებლები ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირებთან თავად თანამშრომლობენ და საფასურზეც მისგან დამოუკიდებლად თანხმდებიან და უხდიან თანხებს. ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირებთან საფასურის არც განსაზღვრაში და არც გადახდაში მონაწილეობას არ ღებულობს. საქონლის მომწოდებელს უხდის თანხას, რომელზეც მოლაპარაკებულია და რაც ფიქსირდება ინვოისში და რაც დასტურდება საბანკო გადარიცხვებით. გარდა ამისა, აღსანიშნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საბაჟო დეკლარაციებში არსებული საქონლის შესყიდვა ხდებოდა სულ 5 მომწოდებლისგან, რომლებთანაც შეძენების შესაბამისად ხდებოდა გადახდები საბანკო გადარიცხვებით, უნაღდო ანგარიშსწორებით.
გარდა ამისა არ მომხდარა მის მიერ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდან გასვლა, რაც თანხის ხელზე გადახდას გამორიცხავს. შემოწმების აქტის მიხედვით ტრანსპორტირების საფასურის გაზრდა მოხდა მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის საფუძველზე, რაც უსამართლო და რეალობას მოკლებულია. ყველა მოლაპარაკება ინდივიდუალურია და არ იცის მომწოდებელ კომპანიებს რა მოლაპარაკება აქვთ „"------"-ის ფილიალთან საქართველოში“ და რაც უნდა იყოს მათი მოლაპარაკების საფასური, იგი ამაში არ ერევა და არც ფლობს ინფორმაციას. საქონლის მომწოდებლებს უხდის თანხებს, რომლებსაც უწესებს და არანაირი გადაკვეთის წერტილი არ აქვს ტრანსპორტირების განმახორციელებელ „"------"-ის ფილიალთან საქართველოში“. შესაბამისად მათი ფასების გავრცელება უსამართლო და უსაფუძვლოა.
ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია და მასთან დაკავშირებული დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია
7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე. მომჩივანი მიუთითებს, რომ საქონლის მომწოდებლები ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირებთან თავად თანამშრომლობენ და საფასურზეც მისგან დამოუკიდებლად თანხმდებიან. შესაბამისად, ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირებთან საფასურის არც განსაზღვრაში და არც გადახდაში მონაწილეობას არ ღებულობს. თავად საქონლის მომწოდებელს უხდის თანხას, რომელზეც მოლაპარაკებულია და რაც ფიქსირდება ინვოისში და რაც დასტურდება საბანკო გადარიცხვებით. ყველა მოლაპარაკება ინდივიდუალურია და არ იცის მომწოდებელ კომპანიებს რა მოლაპარაკება აქვთ "------"-ის ფილიალთან საქართველოში“ და რაც უნდა იყოს მათი მოლაპარაკების საფასური, იგი ამაში არ ერევა და არც ფლობს ინფორმაციას.
დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა დეკლარირებული ზემოხსენებულ დეკლარაციებში. აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) "------"-ის ფილიალის საქართველოშის“ მიერ სატრანსპორტო ზედნადებების (Air Waybill) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად დეკლარირებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.