ბრძანება N 31398

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.12.2023
№ დოკუმენტი 31398
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31398

13 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 25 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 25 ნოემბრის №85355/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №127-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაუქმებას. მისი პოზიციით, შემოწმების მიერ მექანიკურად იყო შეკრებილი დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რაოდენობა და შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის მოცულობა, რომელიც ჩაითვალა სრულად რეალიზებულად. მისი არგუმენტაციით, შიდა გადაზიდვის ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის მოცულობა ყოველთვის არ ნიშნავს საქონლის რეალიზაციას, რადგან ერთი და იგივე საქონელი რამდენჯერმე შეიძლება მოხვდეს შიდა გადაზიდვის ზედნადებში და შემდგომ მიწოდების სასაქონლო ზედნადებში. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ თავისი შეხედულებით განსაზღვრა საქონლის სარეალიზაციო ფასი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ივნისის №12826 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25600 ბრძანება და ამავე თარიღის №127-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 70 567 ლარი, მათ შორის, გადასახადი 42 630 ლარი, ჯარიმა 17 029 ლარი და საურავი 10 908 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2021-2022 წლებში სარგებლობდა მცირე ბიზნესის სპეციალური შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. აღნიშნულ წლებში გადამხდელის წლიურმა შემოსავალმა თითოეულ წელს გადააჭარბა 500 000 ლარს, 2023 წლის 1 იანვრიდან გადამხდელს მოეხსნა მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის უფლება. ი/მ „----------“ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტების შემოტანა ---------- და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ასევე მცირე რაოდენობით საქონელი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებულია - 2 017 269 ლარის საქონელი, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს - 158 562 ლარის საქონელი დღგ-ს გარეშე. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნაგანმარტების მიხედვით, 2023 წლის 24 ივლისის მდგომარეობით, მას სრულად აქვს რეალიზებული შეძენილი პროდუქცია. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი. პროგრამაში საქონელი სახეობების მიხედვით არ არის ჩამოწერილი, ხოლო წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი წარმოადგენს 14%-ს. გადამხდელს გამოწერილი აქვს შიდა გადაზიდვის ზედნადებები, რომლითაც თავად ახდენს პროდუქციის ტრანსპორტირებას და სხვადასხვა ობიექტებზე საქონლის რეალიზებას. შემოწმების მიერ განისაზღვრა შიდა გადაზიდვით და დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლენილი სხვაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 90-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებით. ასევე, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონელი არ იყო ჩამოწერილი სახეობების მიხედვით, ხოლო წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 14%-ს. შემოწმების მიერ განისაზღვრა შიდა გადაზიდვით და დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე გამოწერილი „შიდა გადაზიდვის“ ზედნადებები საქონლის გადაზიდვის (ტრანსპორტირების) პერიოდის, მისამართების და გადამზიდი ავტომობილების სახელმწიფო ნომრების მიხედვით. ასევე, გათვალისწინებული იქნა უკან დაბრუნებული საქონლის რაოდენობა. შიდა გადაზიდვის და დოკუმენტური რეალიზაციების სასაქონლო ზედნადებებში აღნიშნული ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, შესაბამისი თარიღით არ არის თანხვედრაში და არ იწვევს გაორებას, გამომდინარე აქედან, შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები არ მოიცავს საქონლის „ტრანსპორტირებითა“ და „ტრანსპორტირების გარეშე“ რეალიზაციებს.

საქონლის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით,აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ვინაიდან შიდა გადაზიდვებში ფიქსირდებოდა ისეთი საქონლის გადაზიდვა, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა შეძენილი შესაბამისი დოკუმენტით და ვერ ხდებოდა აღნიშნული საქონლის შეძენის ფასის იდენტიფიცირება, ასეთ საქონელზე გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების სარეალიზაციო ფასები, სხვა დანარჩენ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნა უშუალოდ გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდისა და შემოწმების მიერ საქონლის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება კნონმდებლობის მოთხოვნებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაუქმებას. ასევე, აღნიშნავს, რომ შემოწმებამ თავისი შეხედულებით განსაზღვრა საქონლის სარეალიზაციო ფასი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც საქონელი არ იყო ჩამოწერილი სახეობების მიხედვით, ხოლო წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 14%-ს. შემოწმების მიერ განისაზღვრა შიდა გადაზიდვით და დოკუმენტური რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, რომელიც შეუდარდა გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს და გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე გამოწერილი „შიდა გადაზიდვის“ ზედნადებები საქონლის გადაზიდვის (ტრანსპორტირების) პერიოდის, მისამართების და გადამზიდი ავტომობილების სახელმწიფო ნომრების მიხედვით. ასევე, გათვალისწინებული იქნა უკან დაბრუნებული საქონლის რაოდენობა. შიდა გადაზიდვის და დოკუმენტური რეალიზაციების სასაქონლო ზედნადებებში აღნიშნული ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, შესაბამისი თარიღით არ არის თანხვედრაში და არ იწვევს გაორებას, გამომდინარე აქედან, შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები არ მოიცავს საქონლის „ტრანსპორტირებითა“ და „ტრანსპორტირების გარეშე“ რეალიზაციებს. საქონლის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით,აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ვინაიდან შიდა გადაზიდვებში ფიქსირდებოდა ისეთი საქონლის გადაზიდვა, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა შეძენილი შესაბამისი დოკუმენტით და ვერ ხდებოდა აღნიშნული საქონლის შეძენის ფასის იდენტიფიცირება, ასეთ საქონელზე გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების სარეალიზაციო ფასები, სხვა დანარჩენ შემთხვევებში გათვალისწინებული იქნა უშუალოდ გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდისა და შემოწმების მიერ საქონლის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება კნონმდებლობის მოთხოვნებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 93; 101(1„ა“); 159(1„ა“„ბ“).