ბრძანება N 29779-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 01.10.2020
№ დოკუმენტი 29779-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 29779

01/10/2020

სს ---------------

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა სს ----- ს 2020 წლის 18 იანვრის №48727/1/2020 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 24 დეკემბრის №094-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

არ ეთანხმება დაგირავებული ოქროს რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას და აცხადებს, რომ კომპანიის ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენდა სალომბარდე სესხების გაცემა, რომლის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელი აგირავებდა და გამსესხებელს მფლობელობაში გადასცემდა გირავნობის საგანს - ოქროს. მისი განმარტებით, კომპანია არ იყენებდა უფლებამოსილებას, დაესაკუთრებინა უზრუნველყოფის საგანი, რაც გაწერილი იყო სასესხო (გირავნობის) ხელშეკრულებაში, შესაბამისად, გირავნობა არცერთ შემთხვევაში არ იყო დარეგისტრირებული. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლზე და აცხადებს, რომ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ოქროს, როგორც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია არ უნდა დაიბეგროს დამატებული ღირებულების გადასახადით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 ივლისის №23174 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ----- ს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 27 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 17 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 24 დეკემბერს გამოსცა №45747 ბრძანება და ამავე თარიღის №094-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 251 820 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 045 ლარი, ჯარიმა 69 781 ლარი და საურავი 37 994 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უძრავ ქონებასთან ერთად დასაკუთრებული აქვს ოქროს ნივთები, რომლის ნაწილის შესყიდვას ახორციელებდნენ ყოფილი მესაკუთრეები და ასევე ხდებოდა მათი გაყიდვა ოქროს ბირჟაზე. სს ----- ს დღგ-ის გადასახადის დეკლარაციების შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს არ განუხორციელებია ოქროს ნივთების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა. გირაოში ჩადებული და დასაკუთრებული ოქრო ბალანსზე ასახულია დასაკუთრებული აქტივის სახით, საგადასახადო შემოწმების შედეგად განხორციელდა რეალიზებული ოქროს დღგ-ით დაბეგვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. რომელიც ასევე ასახულია აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, როგორც საკუთრებაში გადასული აქტივი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო აგენტად ითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება:

ა) საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;

ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;

გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეალიზაცია;

დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2601 მუხლის თანახმად, დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანამხად,1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უძრავ ქონებასთან ერთად დასაკუთრებული აქვს ოქროს ნივთები, რომლის ნაწილის შესყიდვას ახორციელებდნენ ყოფილი მესაკუთრეები და ასევე ხდებოდა მათი გაყიდვა ოქროს ბირჟაზე. სს ----- ს დღგ-ის დეკლარაციების შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს არ განუხორციელებია ოქროს ნივთების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებები შინაარსით არ გულისხმობდა ოქროს დასაკუთრებასა და პირის ბალანსზე გადასვლას, გირაოში ჩადებული და დასაკუთრებული ოქრო ბალანსზე ასახულია დასაკუთრებული აქტივის სახით, რომელიც ასევე ასახულია აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, როგორც საკუთრებაში გადასული აქტივი, შესაბამისად, ვინაიდან კომპანიას ბალანსზე აქვს ასახული დასაკუთრებული ოქრო, შემოწმებით განხორციელდა მისი, როგორც დასაკუთრებული აქტივის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა სასესხო ხელშეკრულებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამოქალაქო კოდექსთან. ასევე, შემდგომი სამართლებრივი ურთიერთობებიც ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ვითარდება, რაც აუდიტორებს შესწავლილი აქვთ დოკუმენტურად. მისი განმარტებით, კომპანია არ იყენებდა უფლებამოსილებას, დაესაკუთრებინა უზრუნველყოფის საგანი, რაც გაწერილი იყო სასესხო (გირავნობის) ხელშეკრულებაში, შესაბამისად, გირავნობა არცერთ შემთხვევაში არ იყო დარეგისტრირებული. ამ მოცემულობით კომპანიას ჰქონდა მხოლოდ იმის საშუალება, რომ დაეკმაყოფილებინა მხოლოდ ვადადამდგარი და გადაუხდელი მოთხოვნა დამგირავებლის კუთვნილი უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტორებს შესწავლილი აქვთ კომპანიის მიერ ინდივიდუალური მეწარმეების საკუთრებაში არსებული ოქროს რეალიზაციის საკითხი და ეთანხმება ამ ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელი აგირავებდა და გამსესხებლის მფლობელობაში გადასცემდა გირავნობის საგანს - ოქროს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ უზრუნველყოფის საგანი კომპანიის საკუთრებაში არ გადადიოდა, ხელშეკრულებები შინაარსით არ გულისხმობდა ოქროს დასაკუთრებასა და პირის ბალანსზე გადასვლას. გამსესხებელს ჰქონდა უფლება, რომ ვადადამდგარი და გადაუხდელი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა დამგირავებლის საკუთრებაში არსებული უზრუნველყოფის საგნის ამავე პირის სახელით რეალიზაციით. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებებითა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით არ დასტურდება სესხის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებული ნივთის სს ----- ს საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ ფაქტობრივად განხორციელდა ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული და დასაბუთებული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით მისი კვალიფიკაციის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ სესხის უზრუნველყოფის საგნის - ოქროს დასაკუთრებულ ნივთად მიჩნევის საფუძვლით გადასახადის გადამხდელის მიერ დამგირავებლის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) კუთვნილი ოქროს რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია და ამ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს ----- ს 2020 წლის 18 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ დამგირავებლის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) კუთვნილი ოქროს დასაკუთრებულ ნივთად მიჩნევის და მისი რეალიზაციის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16), ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება დაგირავებული ოქროს რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას და აცხადებს, რომ კომპანია არ იყენებდა უფლებამოსილებას, დაესაკუთრებინა უზრუნველყოფის საგანი, შესაბამისად, გირავნობა არ იყო დარეგისტრირებული. მომჩივანი სსკ-ს 1761 მუხლზე მითითებით აცხადებს, რომ არ ეთანხმება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ოქროს, როგორც უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის და დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გადამხდელს დასაკუთრებული აქვს სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ოქროს ნივთები, რომლის ნაწილის შესყიდვას ახორციელებდნენ ყოფილი მესაკუთრეები. დადგინდა, რომ გადამხდელს არ განუხორციელებია დასაკუთრებული ოქროს ნივთების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა. საგადასახადო შემოწმების შედეგად რეალიზებული ოქრო დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრა სსკ-ს 161-ე და 168-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სესხის უზრუნველყოფის საგნის ოქროს დასაკუთრებულ ნივთად მიჩნევის საფუძვლით გადამხდელის მიერ დამგირავებლის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) კუთვნილი ოქროს რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია და ამ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161; 168; 176(1,,ბ“); 1761(1)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი