ბრძანება N 21852
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21852
15 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.:---) 2025 წლის 31 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის 2025 წლის 24 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 31 ივლისის №97251/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №024-43 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, საწარმოს ანგარიშიდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა კომპანიის დირექტორის მიერ გაცემულია ავანსად მიწის შესაძენად (მშენებლობისათვის) ფ/პ ----ზე ორ ტრანშად, რაზეც შედგენილია ნაღდი ფულის გადაცემის აქტები (27.06.2024წ -105800 ლარი და 02.07.2024წ - 80000 ლარი). თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოლაპარაკება ჩაიშალა გამყიდველის მიერ და მის მიერ ავანსად მიღებული თანხა დაბრუნებულია კომპანიის დირექტორზე, რომლის მიერაც თანხა დაბრუნებული იქნა კომპანიის ანგარიშზე სს ---- ბანკში. შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიაჩნია აღნიშნული თანხის კომპანიის დირექტორზე უპროცენტო სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
განმარტავს, რომ შპს „---“-ს მიწოდებულ კვების პროდუქტებზე დღგ-ის ჩათვლები არ განუხორციელებია. ამასთან, საწარმოს მიერ ვერ ხდება იდენტიფიცირება რომელი თანამშრომელი რა რაოდენობის კვების პროდუქტს იყენებს. შესაბამისად, შეუძლებელია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის სწორად წარდგენა. ითხოვს თანამშრომლებზე მიწოდებული კვების პროდუქტების ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №4524 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 23 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15121 ბრძანება და ამავე თარიღის №024-43 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 825 ლარი, მათ შორის გადასახადი 43 224 ლარი, ჯარიმა 19 778 ლარი და საურავი 5 823 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები: საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამა სუპერფინის ასლი, ცემენტის წარმოების კალკულაცია, ახსნაგანმარტებები, შედარების აქტები, სხვადასხვა ხელშეკრულებები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. ბუღალტრული პროგრამა სუპერფინის მიხედვით, ასევე ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ 2024 წლის 26 ივნისს და 2024 წლის პირველ ივლისს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ, --- ბანკიდან გატანილია თანხები, სულ 188 500 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წლის 5 მაისს განხორციელდა აღნიშნული თანხის დაბრუნება --- ბანკის ანგარიშზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დირექტორზე გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა მასზე გაცემულ სესხებად, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. დარიცხული საპროცენტო სარგებელი კი განხილულ იქნა უსასყიდლო მომსახურების გაწევად. ზემოაღნიშნულის შედეგად, მოგების გადასახადი გაიზარდა 33 265 ლარით. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოწმებით დირექტორზე გაცემული თანხა, პერიოდების მიხედვით, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ სესხად, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლის, ასევე ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების გათვალისწინებით, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 28 130 ლარის ოდენობით, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. კომპანიის მიერ, 2024 წლის იანვრის თვიდან 2025 წლის იანვრის თვის ჩათვლით, მიწოდებულია საკვები პროდუქტები დაქირავებულ პირთათვის სულ 17 335.5 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. საწარმოს აღნიშნულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არ განუხორციელებია. შემოწმებამ ზემოაღნიშნული თანხა განიხილა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებლად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ბუღალტრული პროგრამა სუპერფინის, ასევე ფულის მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის 26 ივნისს და 2024 წლის პირველ ივლისს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ, --- ბანკიდან გატანილი იყო თანხები 188 500 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წლის 5 მაისს განხორციელებულ იქნა აღნიშნული თანხის დაბრუნება --- ბანკის ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დირექტორზე გაცემულ სესხად კვალიფიკაცია, ხოლო დარიცხული პროცენტის მიღებულ სარგებლად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად; პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას, სარგებლის ღირებულებად ითვლება ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა.
ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;
ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაციები წარმოადგენენ გამონაკლისს ამავე მუხლის პირველი ნაწილისგან, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი განიხილება ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მსგავსი სარგებელი შეიძლება არ იქნას განხილული ფიზიკური პირის შემოსავლად, თუ დაქირავებულთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის ეკონომიკური საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და დაქირავებულთა კვებით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიის მიერ 2024 წლის იანვრის თვიდან 2025 წლის იანვრის თვის ჩათვლით, დაქირავებულ პირებზე გაწეული კვების ხარჯი შეადგენს 17 335.5 ლარს დღგ-ის ჩათვლით. საწარმოს აღნიშნულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არ განუხორციელებია, რაც შემოწმებით განხილულ იქნა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ კომპანიას მიწოდებულ კვების პროდუქტებზე დღგ-ის ჩათვლები არ განუხორციელებია, ამასთან, საწარმოს მიერ ვერ ხდება იდენტიფიცირება რომელი თანამშრომელი რა რაოდენობის კვების პროდუქტს იყენებს. შესაბამისად, შეუძლებელია გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციის სწორად წარდგენა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შპს „---“-ის მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დაქირავებულების მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, აღნიშნული ხორციელდება კომპანიის საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს კომპანიის მიერ დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით მომსახურების უსასყიდლოდ გაწევას. განსახილველ შემთხვევაში, შპს „---“-ის მიერ დაქირავებული პირების კვებით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევას და, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არ წარმოეშობა საგადასახადო აგენტის ვალდებულება.
ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, კომპანიის მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, საწარმოს ანგარიშიდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება,სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს თანამშრომლებისთვის კვების მომსახურების დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებლად განხილვას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, დირექტორზე გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა მასზე გაცემულ სესხებად, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული საპროცენტო სარგებელი კი განხილულ იქნა უსასყიდლო მომსახურების გაწევად. ზემოაღნიშნულის შედეგად, მოგების გადასახადი გაიზარდა 33 265 ლარით.
ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოწმებით დირექტორზე გაცემული თანხა, პერიოდების მიხედვით, მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ სესხად, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლის, ასევე ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების გათვალისწინებით, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 28 130 ლარის ოდენობით, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
კომპანიის მიერ, 2024 წლის იანვრის თვიდან 2025 წლის იანვრის თვის ჩათვლით, მიწოდებულია საკვები პროდუქტები დაქირავებულ პირთათვის სულ 17 335.5 ლარის ოდენობით დღგ-ის ჩათვლით. საწარმოს აღნიშნულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა არ განუხორციელებია. შემოწმებამ ზემოაღნიშნული თანხა განიხილა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ სარგებლად.
გადაწყვეტილება
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს მიერ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9, ბ); 982; 101 (1,2,3,4); 154 (1); 12.