გადაწყვეტილება №21067/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 21067/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21067/2/202

30 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-----" (ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 16.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21067/2/2023).

 

დავის საგანი:

1.დღგ-ის ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლის გაუქმება და გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №070-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23765 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 488 039.12 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 185 745

დღგ - 86 613

მიწა - არასასოფლო - 304

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 6

მოგების გადასახადი - 98 822

ჯარიმა - 263 719

საურავი - 38 575.12

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა ღვინის წარმოება.

 

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 15.03.2023 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №070-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23765 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლის გაუქმება და გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

2020 წლის 8 აპრილს ააიპ „----- თან “ მევენახეობის სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების (№"-----") თანახმად, მომჩივანმა ყურძნის მიღება, გადამუშავების და შენახვისთვის საჭირო კონკრეტული სახეობის მოწყობილობების შესაძენად მიიღო თანადაფინანსების თანხა 500 000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საერთო ჯამში 560 000 ლარის მოწყობილობებისა და დანადგარების შეძენას, საიდანაც 500 000 ლარს სააგენტო აფინანსებდა, ხოლო 60 000 ლარს - ბენეფიციარი.

ხელშეკრულების მიხედვით, მომჩივანს ინვენტარი უნდა შეეძინა შპს "------"-სგან , რომელსაც სრულად გადაურიცხა სახელმწიფოსგან ორ ტრანშად მიღებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ასევე, შპს"------"-ზეა გადარიცხული 60 000 ლარი ინვენტარის შესაძენად.

აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით შპს "------"-ის მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ავ-"-----" (60 000 ლარზე) და ავ-"-----"(250 000 ლარზე), საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა - ეა-"-----" (560 000 ლარზე). აღნიშნული ფაქტურებით მომჩივანს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. (მომჩივანს შპს "------"-სგან , ასევე მიღებული აქვს ანგარიშფაქტურები ეა-"-----" – 560 000 ლარზე და ეა-"-----" – 565 000 ლარზე, რომელთა სტატუსი შემოწმების დაწყების თარიღისთვის წაშლილია). შესაბამისად, წაშლილი ანგარიშ-ფაქტურები მონაწილეობას არ იღებს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაანგარიშებაში. თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების თანახმად, აღნიშნული ფაქტურები მომჩივანმა გაუქმებამდე გამოიყენა ააიპ „------ სთვის“ წარსადგენი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურები: 2021 წლის 23 ივნისით დათარიღებული №ეა"-----" (ღირებულებით 565 000 ლარი) და 2021 წლის 21 ივნისით დათარიღებული №ეა-"-----" (ღირებულებით 560 000 ლარი) არის ყალბი.

ასევე, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციაზეა გამოწერილი 2022 წლის 15 აპრილით დათარიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №ეა-"-----" (ღირებულებით 560 000 ლარი) და ამავე ფაქტურაზე მიბმული სასაქონლო ზედნადები №"-----".

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანს გადარიცხული თანხის სანაცვლოდ შპს "------"-სგან არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვენტარი, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის საფუძველზე გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების შესაბამის პერიოდში მოქმედი 50-ე მუხლის პირველი პუნქტით, 280-ე მუხლით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის მარტის თვეში მიღებული აქვს შპს "------"-სგან ცისტერნები (და მასთან დაკავშირებული მასალები) სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 560 000 ლარის ოდენობით, რომელზეც მანამდე ავანსად გადარიცხული თანხების მიხედვით ჩათვლილი აქვს დღგ 2021 წლის მარტი-აპრილის თვეებში. აღნიშნული ოპერაციის ფიქტიურად განხილვა არასწორია, რადგან ამ პერიოდში იმპორტის რეჟიმით რეალურად შემოიტანა შპს "------" აღნიშნული საქონელი, რომელიც შეიძინა მომჩივანმა და ამ აქტივებს დღემდე იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში.

საჩივარში აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, ითხოვს ფიქტიურ ოპერაციად განხილულ თანხებზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების შემცირებას ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების შესაბამის პერიოდში მოქმედი 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება: ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

გამოძიებით დადგენილია, რომ შპს "------"-სგან გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები №ეა-"-----" (ღირებულებით 565 000 ლარი) და №ეა-"-----" (ღირებულებით 560 000 ლარი) არის ყალბი. ხოლო, უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციაზეა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ეა-"-----" (ღირებულებით 560 000 ლარი) და ამავე ფაქტურაზე მიბმული სასაქონლო ზედნადები №"-----".

მომჩივნის განმარტებით, 2022 წლის მარტის თვეში მიღებული აქვს შპს "------"-სგან ცისტერნები (და მასთან დაკავშირებული მასალები) სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე 560 000 ლარის ოდენობით, რომელზეც მანამდე ავანსად გადარიცხული თანხების მიხედვით ჩათვლილი აქვს დღგ 2021 წლის მარტი-აპრილის თვეებში. აღნიშნული ოპერაციის ფიქტიურად განხილვა არასწორია, რადგან ამ პერიოდში იმპორტის რეჟიმით რეალურად შემოიტანა შპს "------" აღნიშნული საქონელი, რომელიც შეიძინა მომჩივანმა და ამ აქტივებს დღემდე იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში. აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, ითხოვს ფიქტიურ ოპერაციად განხილულ თანხებზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების შემცირებას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების და წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების და შესაბამისი სანქციების განსაზღვრის, ასევე გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №070-11 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა ჯარიმა - 263 719 ლარი და საურავი - 38 575.12 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, 275-ე მუხლზე, 280-ე მუხლზე და 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილის მიხედვით:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს ფიქტიურ ოპერაციად განხილულ თანხებზე დარიცხული გადასახადებისა და სანქციების შემცირებას.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას.

2.მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა ყურძნის მიღება, გადამუშავების და შენახვისთვის საჭირო კონკრეტული სახეობის მოწყობილობების შესაძენად მიიღო თანადაფინანსების თანხა.ხელშეკრულების მიხედვით, მომჩივანს ინვენტარი უნდა შეეძინა შპს-სგან,რომელსაც სრულად გადაურიცხა სახელმწიფოსგან ორ ტრანშად მიღებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით შპს-სგან მიერ გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აღნიშნული ფაქტურებით მომჩივანს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.

წაშლილი ანგარიშ-ფაქტურები მონაწილეობას არ იღებს გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის გაანგარიშებაში. თუმცა საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების თანახმად, აღნიშნული ფაქტურები მომჩივანმა გაუქმებამდე გამოიყენა ააიპ-სთვის წარსადგენი ყალბი აუდიტორული დასკვნის მისაღებად. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი.

ასევე, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, უსაქონლო/ფიქტიურ ოპერაციაზეა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ამავე ფაქტურაზე მიბმული სასაქონლო ზედნადები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმები.

გამომდინარე იქიდან, რომ მომჩივანს გადარიცხული თანხის სანაცვლოდ შპს-სგან არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვენტარი,დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმების და შესაბამისი სანქციების განსაზღვრის, ასევე გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. საბჭო მიიჩნევს,რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97,982,174,175,176,178,269(7),280.