გადაწყვეტილება №17639/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17639/2/2022
01.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 1.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 26.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17639/2/2022).
დავის საგანი:
საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №17011 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22022 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
11.04.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“-ს გავლით №„----------“ კონტეინერით სხვა საქონელთან ერთად საქართველოში შემოტანილ იქნა და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში განთავსდა 1 ერთეული მოწყობილობა (წონით 425 კგ).
აღნიშნული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რაზეც, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ს 10.06.2022 წლის №EL168296 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს (№„----------“ კონტეინერის მიმღებს საზღვაო ხაზის №„----------“ კონოსამენტის მიხედვით) დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს გაეგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“-ს 10.06.2022 წლის №21-10-19/52475 წერილით და ეცნობა, რომ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების მიზნით საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა 10 დღე ამ წერილის ჩაბარებიდან. ამასთან, მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის მიმართ განხორციელდებოდა საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საქონლის განკარგვის ღონისძიებები.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემების მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტის 10.06.2022 წლის №21-10-19/52475 შეტყობინებას მომჩივანი გაეცნო 13.06.2022 წელს, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის მეშვეობით და საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჩაითვალა ადრესატისთვის ჩაბარებულად.
ვინაიდან შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში მომჩივნის კუთვნილი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა ან საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №17011 ბრძანება, მომჩივნის კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №17011 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.08.2022 წლის №22022 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საბაჟო დეპარტამენტის შეტყობინებას ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების თაობაზე გაეცნო 13.06.2022 წელს, თუმცა მისი მხრიდან საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი საბაჟო პროცედურის განსაზღვრა ან საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა. შესაბამისად, სადავო ბრძანება, მომჩივნის კუთვნილი საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ მართლზომიერია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აღნიშნული მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, და განმარტავს, რომ სადავო აქტების მომზადების და გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტები უსაფუძვლოა, არ ემყარება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არღვევს არა მხოლოდ მოქმედ საბაჟო კანონმდებლობას, არამედ ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
საბაჟო შეტყობინების თანახმად, კომპანიისთვის მისი გაგზავნა მოხდა შეტყობინებაშივე მოხსენიებული საბაჟო კოდექსის 103-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს დეკლარანტისთვის, დეკლარანტი კი საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, განიმარტება როგორც პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება. აღნიშნული განმარტების თანახმად, აუცილებელია, რომ პირს ან თავად როგორც ტვირთის მფლობელს და პოტენციურ მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს ეს უფლებამოსილება, ან ეს უფლებამოსილება მისი სახელით მინიჭებული უნდა ჰქონდეს სხვა პირს ამავე კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებით დადგენილი წესით, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. ასევე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტვირთის ზოგად დეკლარირებას ახორციელებს საქონლის მესაკუთრე/მიმღები ან მისი წარმომადგენელი.
შპს „----------“ (ს/ნ ----------) არ წარმოადგენს დეკლარანტს, ვინაიდან ის არ წარმოადგენს არც ტვირთის პოტენციურ მესაკუთრეს/ტვირთმფლობელს და არც მინდობილ პირს. არ წარმოადგენს აღნიშნული ტვირთის მიმღებს, იგი, როგორც ექსპედიტორი, წარმოადგენს მხოლოდ კონტეინერის მიმღებს, ხოლო უშუალოდ ტვირთის ტვირთმიმღებს და მის დეკლარირებაზე უფლებამოსილ და ვალდებულ პირს წარმოადგენს „----------“. კომპანიას არ ჰქონდა ტვირთის შესყიდვის კომერციული დოკუმენტაცია: შეფუთვის ფურცელი და ინვოისი, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენს დეკლარირებისთვის და რომლის გარეშეც დეკლარირება ვერ განხორციელდება. №257 ბრძანებით დამტკიცებული მე-19 დანართის (დეკლარირების კლასიფიკატორი) მე-10 მუხლის თანახმად, საბაჟო გაფორმებისთვის სავალდებულო წარსადგენ დოკუმენტებს შორის არის შესყიდვის დოკუმენტაცია და მინდობილობა, როცა დეკლარირება დეკლარანტის/ტვირთმიმღების ნაცვლად ხორციელდება სხვა პირის მიერ.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ კომპანიისთვის შეტყობინების გაგზავნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად არ შეიძლება იყოს შესაბამისი იურიდიული შედეგის წინაპირობა. კერძოდ, უსაფუძვლოა, რომ არაუფლებამოსილი პირისთვის შეტყობინების გაგზავნის შემდგომ 30.06.2022 წლის №17011 ბრძანების საფუძველზე მოხდა ხსენებული ტვირთის მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში და ამ ბრძანების თანახმად, მოხდა შპს „----------“-ს კუთვნილი ტვირთის ჩამორთმევა, მაშინ როცა გადაზიდვის დოკუმენტების თანახმად, აშკარაა, რომ ტვირთმიმღებს და დეკლარირებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს არა შპს „----------“, არამედ „----------“. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაამართლებდა „----------“-ის კუთვნილი ქონების ჩამორთმევას შპს „----------“-თვის.
კომპანია წარმოადგენს ექსპედიტორს/გადამზიდველს, რომლის მოვალეობა ტვირთის ექსპედიტირება და დანიშნულების ადგილზე ტვირთმიმღებისთვის გადაცემა იყო, ხოლო ტვირთთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელების უფლება გადამზიდავს (ექსპედიტორს) მხოლოდ ტვირთმიმღების/დეკლარანტის დავალების და სპეციალური მინდობილობის საფუძველზე აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს შეიძლება ჰქონდეს, რაც განსახილველ შემთხვევაში კომპანიას არ ჰქონია. ის ამ პროცესში წარმოადგენდა გადამზიდავს (ექსპედიტორს) საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად და ევალებოდა ამავე კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დარღვეულა, ხოლო დეკლარირებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს გადამზიდავი ან ნებისმიერი სხვა პირი ახორციელებს ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე. მინდობილობის არსებობის შემთხვევაშიც კი პასუხისმგებელი პირი და როგორც ჯარიმის, ასევე შეტყობინების და ბრძანების ადრესატი უნდა ყოფილიყო ტვირთმიმღები „----------“. შექმნილ ვითარებაში კი, სადავო ბრძანება გაუმართლებლად ხელყოფს როგორც ტვირთმიმღების უფლებებს, ისე შპს „----------“-ს, როგორც ექსპედიტორის ინტერესებს, რომელიც ვერ ახერხებს კლიენტისთვის ტვირთის გადაცემას.
ზემოაღნიშნული საბაჟო რეგულაციების გვერდის ავლით, შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაში მთელ მსჯელობას აგებს დეკლარანტის მიერ ვალდებულებების დარღვევაზე და მის შედეგებზე, თუმცა ზემოხსენებული ნორმების გვერდის ავლით არასწორად განმარტავს, თუ ვინ არის განსახილველ საქმეში დეკლარანტი, ტვირთმიმღები და შესაბამისად ვის ეკისრება დეკლარანტის ვალდებულებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა. გასაჩივრებული ბრძანებით ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, რომელიც მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში უშვებს მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას. განსახილველ შემთხვევაში კი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით კომპანიას ჩამოერთვა საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის, ის „----------“-ის საკუთრებაა, რომელსაც საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევით არ გაეგზავნა შეტყობინება, არც ბრძანება და არ მისცემია აღნიშნული დოკუმენტების გასაჩივრების საშუალება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შპს „----------“ არ წარმოადგენს არც ტვირთმიმღებს, არც დეკლარანტს და არც დეკლარანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც ევალებოდა ტვირთის დეკლარირება და შესაბამისად, სამართლებრივად გაუმართლებელია კომპანიისთვის ქონების ჩამორთმევა და გადაცემა სახელმწიფოსთვის იმ ქონების, რომელზე უფლებები გადამზიდავს/ექსპედიტორს არ ეკუთვნის, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 30.06.2022 წლის №17011 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22022 ბრძანება და მიეცეს საშუალება მესაკუთრეს „----------“-ს განახორციელოს საბაჟო პროცედურები მის კუთვნილ ტვირთზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განმარტებულია, რომ:
ე) ზოგადი დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ;
ზ) საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;
კ) დეკლარანტი არის პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება;
ლ) საბაჟო პროცედურა არის ნებისმიერი პროცედურა, რომელშიც შეიძლება მოექცეს საქონელი ამ კოდექსის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ადგენს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან საქონლის განადგურებას.
საქმის გარემოებებით ირკვევა, რომ მომჩიცნის მიერ საქართველოში შემოტანილი და შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დეკლარირება არ განხორციელდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნულ საქონელზე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა ან საქონლის განკარგვის ღონისძიება არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოს მხრიდან მომჩივნის წერილობით გაფრთილების შემდეგაც.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა არასწორად განმარტა, თუ ვინ არის განსახილველ საქმეში დეკლარანტი, ტვირთმიმღები და შესაბამისად ვის ეკისრება დეკლარანტის ვალდებულებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა. გასაჩივრებული ბრძანებით ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, რომელიც მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში უშვებს მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას. განსახილველ შემთხვევაში კი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით კომპანიას ჩამოერთვა საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის, ის „----------“-ის საკუთრებაა, რომელსაც საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევით არ გაეგზავნა შეტყობინება, არც ბრძანება და არ მისცემია აღნიშნული დოკუმენტების გასაჩივრების საშუალება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს მომჩივნის მონაწილეობით დამატებით შესწავლას. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22022 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.