გადაწყვეტილება №20233/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 20233/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20233/2/2023

02 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 11.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20233/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 27.12.2019 წლის №047-4624 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14188 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „---“-ის (ს/ნ ---) მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 დეკემბრის №047-4624 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2022 წლის 14 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების (ს/კ №---) ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2020 წლის 18 დეკემბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით, (დამოწმების თარიღი 2020 წლის 14 დეკემბერი). საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ქონების ახალ მფლობელზე, შეძენილ ქონებასთან მიმართებით, კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №14188 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს „---“-ის (ს/ნ---) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა 2019 წლის 27 დეკემბრის №047-4624 შეტყობინების საფუძველზე, ხოლო შპს „---“-ის (ს/ნ ---) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე (ს/კ №---) ი/მ ---ის (ს/ნ ---) საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2020 წლის 18 დეკემბერს, ამასთან, 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით შპს „---“-ს (ს/ნ ---) ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს „---“-ის (ს/ნ ---) საგადასახადო დავალიანების გამო ი/მ ---ის (ს/ნ ---) ქონებაზე (ს/კ №---) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ ფულადი მოთხოვნა შპს „---“-ის მიმართ უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე შპს „---“-ს, სასამართლოს განჩინებით საკუთრებაში გადაეცემოდა, ქ.----ში მდებარე მშენებარე უძრავი ქონება, შესაბამისად მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ 2022 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებით დარეგისტრირდა არ წარმოადგენს მის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს. ამასთან, მას არ გააჩნია ვალდებულება, არც პირადი და არც შპს „---“-ის ვალდებულების აღებაზე არანაირი შეთანხმება არ დადებულა. განმარტავს, რომ წარმოადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქონება ნივთობრივად და უფლებრივად იყო უნაკლო, გარდა იპოთეკისა, რომელიც მისი განცხადებით ამჟამად უკვე შეწყვეტილია. აღნიშნავს, რომ მისთვის სათანადოდ, რომ ყოფილიყო ცნობილი აღნიშნული ვალდებულების თაობაზე, ასეთ ქონებას არც კი შეიძენდა.

შემოსავლების სამსახურმა საჩივარში მითითებული არგუმენტები პრაქტიკულად მისი დასწრების გარეშე, ისე განიხილა, რომ მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერი გამოიყენა. არ მოახდინა ზეპირი სხდომის დანიშვნა და მისი მოსმენა, ასევე სრულყოფილად არც კი შეისწავლა ის საკითხი, კერძოდ თუ როდიდან არსებობდა მის მიმართ ვალდებულება შპს „---“-ის მხრიდან და რა დავალიანების საფუძველზე მოხდა მის სახელზე ქონების გადაცემა. შესაბამისად თვლის, რომ მისი საჩივარი იყო საფუძვლიანი და სრულყოფილი, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, მიღებული იქნებოდა განსხვავებული და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. მომჩივანი ითხოვს, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №---) გავრცელებული საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მოხსნას და შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14188 ბრძანების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.

აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2022 წლის 14 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების (ს/კ №---) ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი, საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2020 წლის 18 დეკემბერი და საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ქონების ახალ მფლობელზე, შეძენილ ქონებასთან მიმართებით, გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. მომჩივნის არგუმენტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების (გადახდის განვადებით) დადების დროს მისთვის უცნობი იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რადგან 18.12.2020 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქონება დატვირთული იყო, როგორც სს საქართველოს ბანკის იპოთეკით, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. ამჟამად, სს საქართველოს ბანკის იპოთეკა შეწყვეტილია. ვინაიდან, მომჩივანი უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა აღნიშნულ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შემდეგ, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების არსებობის და თანმდევი რისკების შესახებ.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ შეძენილ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ქონების ახალ მფლობელზე - მომჩივანზე, შეძენილ ქონებასთან მიმართებით, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №14188 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ შეძენილ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 239; 241; 242.