N 353 - 23/10/2013 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 23.10.2013
№ დოკუმენტი 353
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №353

2013 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03.01.2011წ. სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 56-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 56. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში - კსაფ) გამოიყენება დღგ-ის იმ გადამხდელებთან მიმართებაში, რომლებიც თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაციის ბუღალტრულ აღრიცხვას ახდენენ კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამების გამოყენებით და რომელთა მიერ მომსახურების გაწევა ან ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კსაფ-ის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში, ხოლო გადამხდელებთან არსებული ეგზემპლარები საგადასახადო ორგანოს კონტროლის მიზნით წარედგინება მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში.“;

დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახული კსაფ-ების მონაცემების მიხედვით განახორციელოს ჩათვლებზე მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად.“;

ვ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადამხდელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას კსაფ-ების გამოყენებაზე, რისთვისაც საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.“;

თ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) კსაფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული კსაფ-ების შესახებ ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური