დღგ-ს ჩათვლა უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე N 11119
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ს ჩათვლა უსასყიდლოდ მიღებულ საქონელზე N 11119
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უსასყიდლოდ მიაწოდა საქონელი, შესაბამისად კომპენსაციის თანხა განსაზღვრული არ არის
· მიმწოდებლის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც საქონლის საბაზრო ფასის მიხედვით ასახული დღგ სრულად იქნა ჩათვლილი საქონლის მიმღების მიერ
შეფასება
· სსკ-ის: -161-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის მე- 2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე. -175-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა, როდესაც თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით) საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. - 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს რეკლამის მიზნით, უსასყიდლოდ გავრცელებულ, დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა, თუ ამ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა
· ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ს გადამხდელებს შორის საქონლის მიწოდების შემთხვევაში, ამ ოპერაციის მიხედვით მათ შორის ანგარიშსწორების მიუხედავად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და მასში ასახული დღგ-ს ჩათვლა, სსკ-ით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მართლზომიერია
ღონისძიებები
· პირთა ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და საგადასახასდო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
იგივე მიდგომა გავრცელდება მომსახურების გაწევის შემთხვევაში.
სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება მხოლოდ დღგ-ის საგადასახადო ვალდებულებებზე.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით