საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დაქირავებული პირების ორგანიზებული გადაყვანა N 2539
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში დაქირავებული პირების ორგანიზებული გადაყვანა N 2539
ფაქტობრივი გარემოებები
· საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით პირს, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას, მიეცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება.
· საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
· პირი ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ორგანიზებას უკეთებს დაქირავებულ პირთა სამსახურში გამოცხადებას და მათ სახლებში დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის გადასცემს მგზავრობისთვის საჭირო მიზნობრივ თანხას.
· დაბეგვრის მიზნებისათვის პირმა დაქირავებულების სამსახურში გამოცხადების ორგანიზებასთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობა და მიზნობრივი თანხა არ განიხილა მომსახურების გაწევად და დაქირავებულის ხელფასად.
შეფასება
· საგადახადო კოდექსის 101-ე მუხლის:
- პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი.
- მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დამქირავებლის მიერ საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე ან სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილამდე დაქირავებულის ორგანიზებულად გადაყვანა, თუ ამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით განხორციელება შეუძლებელია ან თუ მგზავრობა დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის დახარჯვას საჭიროებს;
,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 23.03.20წ. N181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.
· იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერდა საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) და დაქირავებულთა ტრანსპორტირების გარეშე შეუძლებელია პირის (დამქირავებლის) ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეჩერების პერიოდში დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.
სიტუაციურ სახელმძღვანელოში მოცემული შეფასება გავრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) მიღებული იქნება გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეჩერების შესახებ.