ბრძანება N 28973

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2026
№ დოკუმენტი 28973
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28973

30 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----------------ის (პ/ნ --------------)

(ფაქტ.მის: -------------------------)

2025 წლის 5 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა ----------------ის (პ/ნ --------------) №------/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 4 დეკემბრის №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 4 დეკემბერს მის სახელზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----ში“, რა დროსაც ერთმა თანამშრომელმა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მოახდინა მისი სატვირთოს გახსნა და ტენტის დაზიანება, რის შემდეგაც გადაუღო ფოტოები და მოახდინა მისი დაჯარიმება.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 4 დეკემბერს გეზ „----ის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა -----ის მართვის ქვეშ მყოფი დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალება №-----. საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაირკვა, რომ 2025 წლის 3 დეკემბერს სგპ „---ის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომლებშიც განთავსებული იყო შპს „----ს“ (ს/ნ ----) კუთვნილი №---/--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ დანიშნულებით.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის რეალური რაოდენობა სრულად შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გეზ „----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 4 დეკემბერს შედგენილი №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით -----ს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს და ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება. მე-7 ნაწილის მიხედვით, კი დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის თანახმად კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება,ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მხრიდან არ შესრულდა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ვინაიდან, სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საქონლის რეალური რაოდენობა სრულად შეესაბამებოდა აღრიცხვის მოწმობის თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულს, ამასთან იგივე ქმედების ჩადენისთვის პირს დაკისრებული ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და იგივე ქმედება ჩადენილი იყო წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში (განმეორებით), მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----------------ის (პ/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 4 დეკემბერს გეზ-ის კონტროლის ზონაში გამოცხადდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალება . საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაირკვა, რომ 2025 წლის 3 დეკემბერს სგპ-ის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომლებშიც განთავსებული იყო კომპანიის კუთვნილი საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციას მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“ და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით, სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის რეალური რაოდენობა სრულად შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გეზ-ის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 4 დეკემბერს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ გადახდილ იქნა იმავე დღეს და ავტოსატრანსპორტო საშუალებამ დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1.9); 166(1.2);