გადაწყვეტილება №18506/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18506/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------------ (ს/ნ -------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------------- 22.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18506/2/2022).
დავის საგანი:
პროცენტის სახით მიღებული სარგებლის დაბეგვრა და უძრავი ქონების მესამე პირზე განხორციელებული რეალიზაციის ჩათვლა ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №006-393 საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31413 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
418 803 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 254 673
დღგ - 174 233
საშემოსავლო გადასახადი - 80 440
ჯარიმა - 84 245
საურავი - 79 885
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა 2019-2021 წლებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების, ასევე სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად მიღებული შემოსავლის და ბიუჯეტთან განხორციელებული ანგარიშსწორების სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 31.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით ირკვევა, რომ მომჩივანი, 2015 წლიდან როგორც იპოთეკარი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, ახორციელებდა სხვადასხვა ოდენობის თანხების გასესხებას პროცენტის დარიცხვით, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. სესხის უზრუნველყოფისათვის კი, იპოთეკით ტვირთავდა მსესხებლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს, თუმცა შემდგომ წლებში, ნაცვლად, იპოთეკის ხელშეკრულებისა, მსესხებლებთან დებდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რაც რეალურად წარმოადგენდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საჯარო რეესტრში არსებული ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ უმეტესი ნაწილი არის იდენტური შინაარსის: მომჩივანი მოხსენიებულია, როგორც „მყიდველი“, ხოლო ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლისგანაც ხელშეკრულების საგანს იძენს - „გამყიდველი“. გარიგების შედეგად ------------ს, ნახსენებ უძრავ ქონებებზე წარმოეშობა შეზღუდული საკუთრების უფლება. ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია შესყიდვის ღირებულება, თარიღი, რომლის განმავლობაში „გამყიდველმა“ ქონება უკან უნდა გამოისყიდოს, თუ „გამყიდველი“ დათქმულ დროში ხელშეკრულების საგანს ვერ გამოისყიდის, მყიდველი ხდება უფლებამოსილი სურვილისამებრ განკარგოს ქონება. შესაბამისად, როდესაც მყიდველს ვადის გასვლის შემდეგ თანხა არ უბრუნდება და მხარეები არ დებენ ვადის გაგრძელების ხელშეკრულებას, იგი მიმართავს საჯარო რეესტრს ვალდებულების მოხსნის მოთხოვნით და შემდგომ ახორციელებს აღნიშნული უძრავი ქონების მესამე პირებზე მიყიდვას. აღნიშნულ საქმიანობას იგი ახორციელებდა მეწარმე სუბიექტად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები წარდგენილი არ აქვს.
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით, კერძოდ, შესწავლილია სესხის გაცემისა და დაბრუნების (შეწყვეტის) პერიოდები, გასესხებული და დაბრუნებული თანხების ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციები გადახდილი პროცენტების (სარგებლის) შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 6 864 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 2 288 ლარი.
-----------ის მიერ ხსენებული უძრავი ქონებების მესამე პირებზე განხორციელებული რეალიზაცია (რეგისტირებული საჯარო რეესტრში) ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, რაზეც გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანს დაერიცხა დღგ 174 233 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით 48 397 ლარი.
აღნიშნული ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა იმ უძრავი ქონებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი, რომელთა ფლობიდან არ იყო გასული 2 წლიანი ვადა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები რეალურად წარმოადგენდა სასესხო ხელშეკრულებებს, ასევე, თავად მომჩივნის ახსნა-განმარტებით გაცემული სესხების ნაწილი არ იყო სარგებლიანი. 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, 2019-2020 წლებში გაცემულ სესხზე მიღებული/მისაღები საპროცენტო შემოსავალი გაანგარიშდა დარიცხვის მეთოდით, კერძოდ, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა საგამოძიებო სამსახურის მიერ 3 მიწოდებული მასალებით და დარიცხვის პერიოდი განისაზღვრა სესხის გაცემისა და ქონების უკან გამოსყიდვის და ვალდებულების ცალმხრივად გაუქმების თარიღების გათვალისწინებით, მათ შორის, გაცემული სესხების ნაწილი, რომელიც მომჩივნის განმარტებით არ იყო სარგებლიანი, ჩაითვალა მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად და ასევე განხორციელდა პროცენტის დარიცხვა. უცხოურ ვალუტაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და მსესხებლის მიერ უკან გამოსყიდვის შემთხვევებში, შემოწმებით დაანგარიშდა კურსთა შორის სხვაობები, მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სარგებელი, ასევე, გათვალისწინებულია კურსთა შორის სხვაობიდან მიღებული ზარალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საშემოსავლო გადასახადში დაერიცხა გადასახადი 75 500 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 36 250 ლარი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 7.09.2022 წლის №23187 ბრძანება და 8.09.2022 წლის №006-393 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 6.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.12.2022 წლის №31413 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, კერძოდ, ფ/პ ----- -------ს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის გათვალისწინებულია მის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციები და არა საპროცენტო სარგებელი, რომელიც მიღებულია სესხის გაცემიდან. შემოწმების მიერ, დღგ-ის რეგისტრაციის მიზნებისთვის, გამოყენებულია შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლი, ასევე დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ (რეგისტრაციის მიზნებისთვის უწყვეტი 12 თვის პერიოდში) რეალიზებულია ოთხ ბინაზე მეტი. შესაბამისად, მომჩივანის მიერ განხორციელებული რეალიზაციის ოპერაციები ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. დადგენილია, რომ სესხის გამცემი დასაბეგრი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაკუთრებული აქტივების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების) მიწოდება ხორციელდება მისი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე (საქონლის მიწოდება ხორციელდება რეგულარული/არაერთჯერადი საქმიანობის ფარგლებში). შესაბამისად, აღნიშნული მიწოდებები (როგორც საცხოვრებელი ისე არასაცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდება) განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის შემოწმება მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებზე განხორციელდა საპროცენტო სარგებლის დარიცხვა დარიცხვის მეთოდის გამოყენებით და 2019-2020 წლებში მიღებული/მისაღები საპროცენტო სარგებელი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, იმ ქონებების რეალიზაციის შედეგად მიღებული სარგებელი, რომელთა შეძენიდან არ იყო გასული 2 წელზე მეტი და არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის პირობებს, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივნის პოზიციასთან, სს „------ ბანკი--თვის“ გადახდილი პროცენტების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში სრულად აქვს დეკლარირებული სს „„------ ბანკი--თვის“ გადახდილი პროცენტები და შემოწმების მიერ აღნიშნული დეკლარირებული ხარჯის გაუქმება არ მომხდარა.
გადამხდელის პოზიციასთან, ფ/პ ---- -------სთან შეთანხმებით მესამე პირზე რეალიზებული ქონების ნასყიდობის თანხის 40 000 აშშ დოლარის ნაცვლად მხოლოდ 30 000 აშშ დოლარის მიღებასთან (გადამხდელის განმარტებით, კონკრეტული ქონების რეალიზაციით არანაირი სარგებელი არ მიუღია) დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არც შემოწმების და არც დავის მიმდინარეობის პროცესში მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი არანაირი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა 10 000 აშშ დოლარის (40 000-30 000) ----- -----ას მიერ მიღებას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 138-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტავს, რომ ვინაიდან მის მიერ გაცემული სესხების ნაწილი არ იყო სარგებლიანი, ანუ რეალურად არ იღებდა სარგებელს ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ამიტომ ამ ნაწილში შემოსავლების აღიარება და გადასახადების დარიცხვა უსაფუძვლო და უსამართლოა. შესაბამისად, უნდა მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-8 ნაწილით (რომელიც ამოღებულია 1.01.2021 წლიდან) განსაზღვრული იყო, რომ: დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოიყენოს აღრიცხვის დარიცხვის მეთოდი. ზემოხსენებული ჩანაწერის საგადასახადო კოდექსიდან ამოღებაც თავისთავად მიუთითებს აღნიშნული ნორმის წინა პერიოდებში გამოყენების არაერთგვაროვნებაზე. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ერთის მხრივ, თავისი საქმიანობის ფარგლებში არც იყო რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად (რეგისტრირებულად ჩაითვალა მიმდინარე საგადასახადო შემოწმების ფარგლებში) და მეორეს მხრივ სესხის გაცემა და მასზე დარიცხული სარგებელი (პროცენტი) თავის მხრივ არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს და შესაბამისად არც ექვემდებარებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას, რადგან საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე ფაქტორინგი.
მომჩივანი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის და 157-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ სს „----- ბანკი---საგან“ 2016- წლის -- აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში (კრედიტის გაცემის ვადა - 84 თვე) აღებულ სესხზე დარიცხული და გადახდილი პროცენტები.
მომჩივანს უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიაჩნია უძრავი ქონებების მესამე პირებზე განხორციელებული რეალიზაციების (რეგისტრირებული საჯარო რეესტრში) ჩათვლა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა, რადგანაც მისი საქმიანობის საგანს არ წარმოადგენს უძრავი ქონების ყიდვაგაყიდვა. მისი ერთადერთი ინტერესი ამ შემთხვევაში გამოიხატება მის მიერ გაცემული სესხის ძირი თანხის და დარიცხული სარგებლის მიღებაში. მიაჩნია, რომ ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლით განსაზღვრული ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაარსის გათვალისწინებით, ფორმის სწორად შერჩევისას, უძრავი ქონების მესაკუთრეები მისი თანხმობით თავად მოახდენდნენ უძრავი ქონების რეალიზაციას და ვალდებულებების დაფარვას. უმეტეს შემთხვევაში ქონების მესაკუთრეები არ დაიბეგრებოდნენ არც უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებულ ნამეტზე საშემოსავლო გადასახადით (რომელთა ფლობიდან გასული იყო 2 წლიანი ვადა) და არც დამატებული ღირებულების გადასახადით (საცხოვრებელი სახლის/ბინის რეალიზაციის ნაწილში და 100000,00 ლარამდე ღირებულების კომერციული ფართების ნაწილში).
მომჩივანი ითხოვს ისარგებლოს „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის უზრუნველსაყოფად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად მოხდეს განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების კვალიფიკაციის ცვლილება.
გარდა ამისა, მიაჩნია რომ შემმოწმებლის მიერ გარკვეული სახის შეცდომებია დაშვებული საშემოსავლო და დღგ-ით დასაბეგრი ბაზების გაანგარიშების პროცესში. მაგალითად:
10.------.2020 წელს ----- ------ას (პ/ნ --------, „გამყიდველი“) და -----------------------ს („მყიდველი“) შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის (ს/კ ---------) ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობებით, უძრავი ნივთის გამოსყიდვის ვადა განისაზღვრებოდა 10.--.2021 წლამდე. აღნიშნული ქონება გამოსყიდვის ვადის გასვლამდე - 13.---.2021 წელს ------- ----------სთან შეთანხმებით, მისივე დავალებით გაიყიდა მესამე მხარეზე და ნასყიდობის თანხიდან 40 000 აშშ დოლარიდან ------ ------მა მიიღო მხოლოდ 30 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 10 000 აშშ დოლარი დაიტოვა თავად ----- --------ამ. შესაბამისად აღნიშნული თანხის ------- --------ს დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ჩართვა უსაფუძვლო და უსამართლოა. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „არც შემოწმების და არც დავის მიმდინარეობის პროცესში მომჩივნის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა 10 000 აშშ დოლარის (40 000-30 000) --- -----ს მიერ მიღებას“. საჩივარს დანართის სახით ერთვის ფ/პ ----- ------ს 6.---.2022 წლის ცნობა, სადაც ის ცალსახად მიუთითებს შემდეგს: „აღნიშნული ქონება გამოსყიდვის ვადის გასვლამდე - 13.---.2021 წელს ჩემთან შეთანხმებით, ჩემივე დავალებით გაიყიდა მესამე მხარეზე და ნასყიდობის თანხიდან 30 000 აშშ დოლარი გადავეცი ----- -----ს, ხოლო 10 000 აშშ დოლარი დავიტოვე პირადი საჭიროებისათვის“. აღნიშნული ცნობის წარდგენა გადამხდელის მიერ იგეგმებოდა დავების განხილვისას, მაგრამ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის დასწრების გარეშე.
აღსანიშნავია რომ საგადასახადო შემოწმებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილები და დადგენილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 12.06.2022 წლის თემატური რევიზიის აქტში მითითებულია შემდეგი:
„გამოძიებით დადგინდა რომ იპოთეკარი, ------- ---------ი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, მეწარმე სუბიექტად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოქალაქეებზე სესხის სახით გასცემს სხვადასხვა ოდენობით თანხებს, სესხის თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით იღებს დიდი ოდენობით შემოსავალს და არ იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი“.
თემატური რევიზიის აქტში ასევე მითითებულია, რომ „1.----.2016 წლიდან მოყოლებული პერიოდზე, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში, ------ ---------ს მიერ მიღებულმა შემოსავალმა სარგებლის სახით შეადგინა 182 500.01 ლარი (მ.შ 2017 წელს 13 354.47 ლარი, 2018 წელს 12 750.62 ლარი, 2019 წელს 41 205 ლარი, 2020 წელს 39 054,91 ლარი, 2021 წელს 76 135 ლარი). ხოლო ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის ხელშეკრულებების ფარგლებში ----- ------ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სარგებლის სახით შეადგინა 43 142.17 ლარი (მ.შ 2016 წელს 2 413.69 ლარი, 2018 წელს 2 251.20 ლარი, 2019 წელს 6 731.17 ლარი, 2021 წელს 16 168.90 ლარი, 2022 წელს 15 577.21 ლარი)“. ზემოხსენებულ მოცემულობას ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი ინსპექტორი -------- 14.----.2022 წლის მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში ანუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 12.----.2022 წლის თემატური რევიზიის აქტიდან გამოდის, რომ ----- -------ს მიერ მიღებულმა შემოსავალმა სარგებლის სახით 2019-2022 წწ. პერიოდზე ჯამურად შეადგინა 194 902.19 ლარი. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებთან, რომლითაც 2019-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი განსაზღვრულია 477 566 ლარი, ხოლო დარიცხულ საშემოსავლო გადასახადი გაანგარიშებულია 71 693 ლარი.
ასევე, ფაქტია რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 13.-.2022 წლის თემატური რევიზიის აქტიდან ნათლად ჩანს, რომ ერთადერთი ინტერესი გამოიხატება მის მიერ გაცემული სესხის ძირი თანხის და დარიცხული სარგებლის მიღებაში და არანაირად არ არის დადგენილი, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. შესაბამისად, უსამართლო და უსაფუძვლოა ----- -----ის მიერ სესხის უზრუნველყოფის ფარგლებში, უძრავის ქონებების მესამე პირებზე განხორციელებული რეალიზაციების ჩათვლა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებად და შესაბამისად როგორც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა, ასევე ე.წ. ნამეტი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ხაზგასასმელია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 5.----.2022 წლის „განრიდების შეთავაზების ოქმის“ საფუძველზე 7.----.2022 წელს გამოცემულია დადგენილება ----- -----ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ითხოვს სადავო აქტებს ბათილობას, მისი არგუმენტების შესწავლა-გათვალისწინებით შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლმა განმარტა, რომ მომჩივანი ეწეოდა ე.წ. მევახშეობას, რის გამოც საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა აღნიშნული საქმიანობით და მის მიმართ აღიძრა საქმე, როგორც უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე, დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში მომჩივანს არ გააჩნდა და არ აქვს ნაწარმოები სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რაც საფუძველი უნდა გამხდარიყო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების. საგამოძიებო სამსახური ადგენს, რომ მომჩივანი ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემდა ფულად სახსრებს საპროცენტო სარგებლისათვის. არანაირად არ არის დადგენილი, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. შესაბამისად, უსამართლო და უსაფუძვლოა სესხის უზრუნველყოფის ფარგლებში, უძრავის ქონებების მესამე პირებზე განხორციელებული რეალიზაციების ჩათვლა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებად და შესაბამისად როგორც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა, ასევე ე.წ. ნამეტი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
საბჭო მიუთითებს, სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 (13.12.2022 წლის №124704-21-15) სხდომის ოქმზე და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ოქმის გათვალისწინებით არ შეუფასებია სადავო გარემოებები.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სიტუაციური სახელმძღვანელოებისა და საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით სხვა საკითხების განმხილველი საბჭოს 7.12.2022 წლის №21 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31413 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31413 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.