2017 წლამდე შეზღუდულად გამოქვითვადი ხარჯების დაბეგვრა N 2604
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
2017 წლამდე შეზღუდულად გამოქვითვადი ხარჯების დაბეგვრა N 2604
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X" დაფუძნდა 2016 წელს. ამავე წელს საწარმოს ფინანსურმა და ერთობლივმა შემოსავალმა შეადგინა 1 000 000 ლარი, ხოლო ფინანსურმა ხარჯმა - 900 000 ლარი, მათ შორის, ხელფასის ხარჯმა - 500 000 ლარი, რომლიდანაც მიმდინარე წლის დასრულებამდე ანაზღაურებული იყო მხოლოდ 400 000 ლარი. საწარმომ 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე მოგების გადასახადი დაირიცხა 200 000 ლარიდან 30 000 ლარი ((1 000 000- 800 000)*15%=30 000). საწარმომ 2016 წელს დარჩენილი ხელფასის დავალიანება თანამშრომლებს აუნაზღაურა 2017 წლის იანვრის თვეში და იანვრის თვეშივე დაბეგრა გადახდის წყაროსთან. 2017 წლის მაისის თვეში საწარმომ ფიზიკურ პირებზე გაანაწილა 2016 წელს მიღებული წმინდა მოგება 100 000 ლარის ოდენობით, რომელზეც წინა წელს გადახდილი მოგების გადასახადიდან ჩაითვალა 17 647 ლარი.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა. ამავე კოდექსის 981 მუხლის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. სსკ-ის 98-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
· ზემოაღნიშნული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს მოგების გადასახადი გადახდილი აქვს 30 000 ლარი, მას შეუძლია 2017 წელს განაწილებულ მოგებაზე ჩაითვალოს მხოლოდ 100 000 ლარზე წინა წელს გადახდილი მოგების გადასახადის თანხა 17 647 ლარი. ამასთან, 2017 წლის იანვრის თვეში გაცემული ხელფასი არ ექვემდებარება დამატებით მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ღონისძიებები
· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
იგივე მიდგომა გავრცელდება სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 2017 წლამდე დაანგარიშებული ხარჯების გამოქვითვაზე