გადაწყვეტილება №22805/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22805/2/2024
18 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს“ 8.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22805/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №047-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6005 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 74 971 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 49 607
ჯარიმა - 24 804
საურავი - 560
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №453 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 30 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2023 წლის ნოემბრის და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება წინა საანგარიშო პერიოდებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებები (დღგ-ის ჩათვლების შემცირება), რომლებიც არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- საწარმოს შპს „---დან“ უფიქსირდება ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიღება (ავ----), რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციით. მომწოდებლის მიერ აღნიშნულ ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში გამოიწერა მიწოდების საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ეა----). აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა სრულად მოახდინა მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახვა. შესაბამისად, ჩათვლა განახორციელა დუბლირებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) კომპანიის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სახეა სარემონტო სამუშაოების შესრულება. გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები) და წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს 2023 წლის დეკემბერის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში არ ადეკლარირებს 18%-იან დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, თუმცა ამავე პერიოდში უფიქსირდება შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგადასახადო კოდექსის 156-ე, 158-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 თებერვლის №2682 ბრძანება და №047-1 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 74 971 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 8 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 20 მარტის №6005 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 160-ე, 1601 , 163-ე, 164-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 179-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ნოემბრის და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება წინა საანგარიშო პერიოდებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებები (დღგ-ის ჩათვლების შემცირება), რომლებიც არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, უფიქსირდება ჩათვლის მიღება დუბლირებულად.
ასევე, საწარმო 2023 წლის დეკემბერის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში არ ადეკლარირებს 18%- იან დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, თუმცა ამავე პერიოდში უფიქსირდება შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, ვინაიდან დღგ-ში დარიცხული თანხა არასწორად არის დაანგარიშებული და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ნოემბრის და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება წინა საანგარიშო პერიოდებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებები (დღგ-ის ჩათვლების შემცირება), რომლებიც არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, უფიქსირდება ჩათვლის მიღება დუბლირებულად. ასევე, საწარმო 2023 წლის დეკემბერის საანგარიშო პერიოდის დღგის დეკლარაციაში არ ადეკლარირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, თუმცა ამავე პერიოდში უფიქსირდება შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ დარიცხული თანხა არასწორად არის დაანგარიშებული, თუმცა არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტირებულ დასაბუთებას, რაც შეიძლება გამხდარიყო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ნოემბრის და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება წინა საანგარიშო პერიოდებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებები (დღგ-ის ჩათვლების შემცირება), რომლებიც არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, უფიქსირდება ჩათვლის მიღება დუბლირებულად. ასევე, საწარმო 2023 წლის დეკემბერის საანგარიშო პერიოდის დღგის დეკლარაციაში არ ადეკლარირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, თუმცა ამავე პერიოდში უფიქსირდება შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 174; 176; 179.