გადაწყვეტილება №24842/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2025
№ დოკუმენტი 24842/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24842/2/2025

26 მარტი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ - ის 1.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24842/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

2. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილი ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №039-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2193 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 924 546,64 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 551 399

დღგ - 209 784

საშემოსავლო გადასახადი - 341 615

ჯარიმა - 291 349

საურავი - 81 798,61

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა ლილო მოლის ტერიტორიაზე. საწარმოს ადგილობრივი შეძენები არ უფიქსირდება და შესყიდვების 100% შედგება იმპორტირებული საქონლისგან.

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.02.2023 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2024 წლის №039-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2193 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. საწარმოს რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად შედგება ნაღდი ანგარიშსწორებისგან, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს ბრუნვის არაუმეტეს 1%-ს. შემოწმების პროცესში საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №16988 ბრძანების აღსრულების დროს ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა. შესაბამისად, გადამხდელის წარმოდგენილი საბოლოო ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი (58%), როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე, ასევე, ნაშთად არსებულ მარაგებთან დაკავშირებით. ასევე, გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებდა ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. საწარმოს რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად შედგებოდა ნაღდი ანგარიშსწორებისგან, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენდა ბრუნვის არაუმეტეს 1%-ს. შემოწმების მიმდინარეობისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 18.07.2024 წლის ბრძანების აღსრულების დროს ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა, შესაბამისად, გადამხდელის წარდგენილი საბოლოო ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, შემოწმების მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზაციასა და ნაშთად არსებულ მარაგებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა გადასახადები, სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მათი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია არასწორია.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელს არ ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა მათი შემოსავალი. ასევე მომჩივანი აღნიშნავს, რომ პარალელურად ჩატარდა შპს "---------"--ის საგადასახადო შემოწმება, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით და შემოწმებაც ჩატარებულია მსგავს პერიოდზე. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე 58,6%- იანი ფასნამატი? ასევე ანალოგიურ საკითხზე არსებობს ფინანსთა სამინისტროს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც ფინანსთა სამინისტრომ არ მიიჩნია მართლზომიერად შემოწმების მიერ გამოყენებული გაუგებარი აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ასევე გაუგებარია თუ რატომ საერთოდ არ გაითვალისწინა შემოწმებამ საწარმოს დოკუმენტალური ფასნამატი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით, შპს „--------“ -ის (ს/ნ „--------“ ) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით საცალო ვაჭრობას ლილო მოლის ტერიტორიაზე. საწარმოს შესყიდვების 100% შედგება იმპორტირებული საქონლისაგან. საწარმოს რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად შედგება ნაღდი ანგარიშსწორებისგან, დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს ბრუნვის არაუმეტეს 1%-ს, ხოლო დოკუმენტური ფასნამატი - 2%- ს. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ 18.07.2024 წლის №16988 ბრძანების აღსრულების დროს ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა, შესაბამისად გადამხდელის წარმოდგენილი საბოლოო ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი 58%-ის ოდენობით. შემოწმებისას არ მოხდა გადასახადის გადამხდელის პოზიციის გაზიარება საბითუმო ვაჭრობასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ ჩაითვალა არადოკუმენტური რპთ საცალოდ რეალიზებულად, რამდენადაც არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც მოხდება მეორე მხარის იდენტიფიცირება და იმაში დარწმუნება, რომ პროდუქცია საბითუმოდაა რეალიზებული, ასევე ადგილი აქვს მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას და ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა 18.07.2024 წლის №16988 ბრძანების აღსრულების დროს, რასაც შეეძლო შემოწმებისთვის განსხვავებული სურათის ჩვენება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და სრულად არ არის აღრიცხული საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილი ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა ჩინურ კომპანიაზე. აღნიშნული თანხა გადამხდელის ახსნა-განმარტებით უნდა ჩარიცხვოდა ჰონგ-კონგში (შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანა) რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეალურად წარმოადგენდა საქონლის მომწოდებელს. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია ვერ აწვდიდა ქართულ კომპანიას ინვოისს, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ანაზღაურება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, რაზეც გადასახადის გადამხდელს არ შეუსრულებია საგადასახადო ვალდებულება. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა აღნიშნული კომპანიიდან საქონლის მიღებას, რაზეც გადამხდელს მიეცა გადასახადის ჩათვლის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-8 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა ჩინურ კომპანიაზე. აღნიშნული თანხა გადამხდელის ახსნა-განმარტებით უნდა ჩარიცხვოდა ჰონგ-კონგში (შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანა) რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეალურად წარმოადგენდა საქონლის მომწოდებელს. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა აღნიშნული კომპანიიდან საქონლის მიღებას, რაზეც გადამხდელს მიეცა გადასახადის ჩათვლის უფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები და აღნიშნულზე შეფარდებული ჯარიმა შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია მოგების გადასახადში დარიცხული თანხები, აღნიშნულ ნაწილში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ავანსად თანხის გადახდა ჩინურ კომპანიაზე, აღნიშნული თანხა გადამხდელის ახსნა-განმარტებით უნდა ჩარიცხვოდა ჰონგ-კონგში (შეღავათიანი დაბეგვრის მქონე) რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეალურად არის საქონლის მომწოდებელი. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია ვერ აწვდიდა ქართულ კომპანიას ინვოისს, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ანაზღაურება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს წარმოეშვება საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, რაზეც გადამხდელს არ შეუსრულებია საგადასახადო ვალდებულება. შესამოწმებელ პერიოდში აგრეთვე ადგილი ჰქონდა აღნიშნული კომპანიიდან საქონლის მიღებას, რაზეც საგადასახადო კოდექსის იმავე მუხლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს წარმოეშვება გადახდილი გადასახადის ჩათვლის უფლება.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.გადამხდელისთვის გაუგებარია მოგების გადასახადში დარიცხული თანხები, აღნიშნულ ნაწილში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული პროგრამის საშუალებით. საწარმოს რეალიზაციებიდან მიღებული შემოსავალი სრულად შედგება ნაღდი ანგარიშსწორებისგან, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს ბრუნვის არაუმეტეს 1%-ს. შემოწმების პროცესში საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.07.2024 წლის №16988 ბრძანების აღსრულების დროს ვერ მოხერხდა ობიექტის პოვნა.გადამხდელის წარმოდგენილი საბოლოო ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი, როგორც დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე, ასევე, ნაშთად არსებულ მარაგებთან დაკავშირებით. ასევე, გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ავანსად თანხის გადახდა ჩინურ კომპანიაზე. აღნიშნული თანხა გადამხდელის ახსნა-განმარტებით უნდა ჩარიცხვოდა ჰონგ-კონგში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეალურად წარმოადგენდა საქონლის მომწოდებელს. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ჰონგ-კონგში რეგისტრირებული კომპანია ვერ აწვდიდა ქართულ კომპანიას ინვოისს, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ანაზღაურება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩაითვალა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში გადახდილ ავანსად. შესაბამისად, გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მოგების გადასახადის ნაწილში სსკ-ის 98-ე მუხლის მიხედვით, რაზეც გადამხდელს არ შეუსრულებია საგადასახადო ვალდებულება. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ადგილი ჰქონდა აღნიშნული კომპანიიდან საქონლის მიღებას, რაზეც გადამხდელს მიეცა გადასახადის ჩათვლის უფლება.გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატის გამოყენებით და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა მართებულია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),101,154,97,982,158,159.