გადაწყვეტილება №20810/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20810/2/2023
06 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20810/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების განხორციელების მართლზომიერება;
2. სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4737 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8112 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა;
4. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №188461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
5. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11407 ბრძანება;
6. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20223 ბრძანება;
7. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21457 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა - 210 944 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 135 485
დღგ - 33 781
საშემოსავლო გადასახადი - 101 315
ქონების გადასახადი - 389
ჯარიმა - 60 105
საურავი - 15 354
22.06.2023 წლის №188461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი - 400 ლარი.
ჯარიმა - 400
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4737 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელშიც შეტანილია ცვლილება ამავე დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8112 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2023 წლის №11407 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 8.09.2023 წლის №20249/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, მომჩივანს, აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №188461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20223 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21457 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11407, 16.08.2023 წლის №20223, 31.08.2023 წლის №21457 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების განხორციელების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4737 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8112 ბრძანებით შეტანილია ცვლილება ამავე დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4737 ბრძანებაში, კერძოდ, ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შემოწმების ჩატარება დაევალოთ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების №5 სამმართველოს მთავარ აუდიტორებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 12.07.2023 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11407 ბრძანება, მითითებულ სადავო საკითხზე (საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების განხორციელების მართლზომიერება), რაზეც მიღებულია საბჭოს 8.09.2023 წლის №20249/2/2023 გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიმართ იმავე სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №21-14/---------- წერილით, მომჩივანს ეთხოვა ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის გაშიფვრა და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული ფიზიკური პირების იდენტიფიცირება. ასევე, ახსნა-განმარტებების წარმოდგენა, სადაც როგორც მიმღები - თავად მომჩივანი, ასევე თანხის გადმომრიცხავი ფიზიკური პირები დაადასტურებდნენ თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობას. ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა 5 სამუშაო დღის ვადაში.
აუდიტის დეპარტამენტის 6.05.2023 წლის №21-14/---------- წერილი მომჩივანს საფოსტო დაწესებულების საშუალებით ჩაბარდა ხელზე 12.06.2023 წელს, მაგრამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარუდგენია, რაზეც მომჩივანს 22.06.2023 წლის №188461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №----------21-04 წერილიდან ირკვევა, რომ 16.08.2023 წლის №20223 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 16.08.2023 წელს და გაცნობა ფიქსირდება 19.08.2023 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20223 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 8.09.2023 წელი. ხოლო, საჩივარი მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილია შემოსავლების სამსახურში 11.09.2023 წელს (№---------- და №---------- კორესპონდენცია), რაც 13.09.2023 წლის №----------21-04 წერილით გამოგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (საჩივრის რეგისტრაციის №20810/2/2023).
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20223 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებამ მოიცვა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.20223 წლამდე პერიოდი, წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის 2020, 2021, 2022 წლის საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის განისაზღვრა 31.03.2023 წლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 ნაწილებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი 29.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 10.07.2023 წლის №16624 ბრძანებას და ამავე თარიღის №041-53 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 12.07.2023 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 14.08.2023 წელს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივრებში არ აქვს მითითებული არგუმენტები საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შესახებ.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
11.09.2023 წელს №---------- და №---------- კორესპონდენციით წარმოდგენილ საჩივრებში მომჩივანი აღნიშნულ დავის საგანთან დაკავშირებით მიუთითებდა, რომ 14.08.2023 წელს, ორშაბათს, წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21457 ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩივრების ვადის დაუცველობის გამო.
აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №16624 ბრძანებას და აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის შემოწმების აქტს გადასახადის გადამხდელი გაეცნო 12.07.2023 წელს 15:07:58 საათზე.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან (13.07.2023 წელს).
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე (13.07.2023) ემთხვევა არასამუშაო დღეს (13.07.2023 წელი იყო კვირა), მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის (14.08.2023) დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
რა საფუძვლით ცნო დაუშვებლად შემოსავლების სამსახურმა 14.08.2023 წელს შეტანილი საჩივარი გაუგებარია, თუმცა ლოგიკურ ჯაჭვში ჯდება სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგების გაუფორმებლობასთან, მისტიურ და გასაიდუმლოებულ აქტთან, 54%-იანი ფასნამატის დაწესებაზე ე.წ „გადასახურ თანხაზე“ მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ასევე მამის ვალების გასტუმრებაზე შვილის მიმართ მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ასევე მიუღებელ მოთხოვნაზე 400 ლარიანი ჯარიმით და სხვა გარემოებებით.
ასევე, ნიშანდობლივია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის 14.08.2023 წლის (ორშაბათი), საჩივარი შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის № 21457 ბრძანებით განუხილველად იქნა დატოვებული, გასაჩივრების ვადის დაუცველობის გამო. თუმცა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №16624 ბრძანებით და აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის შემოწმების აქტით დარიცხული თანხა აღიარებულად იქნა კვალიფიცირებული ჯერ კიდევ 30.08.2023 წელს და ამავე დღეს დილის 8 საათზე გამოცემულ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის 30.08.2023 წლის №024-2023-138474 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ანუ შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21457 ბრძანება იყო ფიქცია და მომჩივნის ბედი ყოველგვარი განხილვის გარეშე იყო გადაწყვეტილი.
მომჩივანმა 5.10.2023 წლის №---------- კორესპონდენციით წარმოადგინა დამატებითი ახსნა-განმარტება, სადაც შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21457 ბრძანებით საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, 44-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge) დაუდგენელმა პირმა შეტყობინება გახსნა 12 ივლისს, რომელიც არის საქართველოში უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული პეტრე-პავლობა, ხოლო შემდეგი დღე არის ასევე საქართველოში უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული წმინდა თორმეტ მოციქულთა ხსენების დღე - სვეტიცხოვლობა. პირები, რომელსაც წვდომა აქვთ ---------- ტერიტორიაზე ---------- „კლასტერების“ rs.ge-ის ელექტრონულ გვერდებთან, როგორც წესი არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომელთაც შეტყობინება უნდა გადაეცათ მომჩივნისთვის და ასევე, განემარტათ მისი მნიშვნელობა (რადგან მომჩივანი ჯეროვნად არ ფლობს ქართულ ენას). პირებს, რომელთაც წვდომა აქვთ ---------- ტერიტორიაზე ---------- „კლასტერების“ rs.ge-ის ელექტრონულ გვერდებთან, როგორც წესი, წვდომა აქვთ საშუალოდ 100 პირის rs.ge-ის ელექტრონულ გვერდთან. შემოსავლების სამსახურის ვერსიით მომჩივანმა შეტყობინება 12 ივლისს ჩაიბარა და შესაბამისად გასაჩივრების ვადა 11 აგვისტოს, პარასკევს ამოიწურა და შესაბამისად დასვენების დღეების შემდეგ პირველ დღეს 14 აგვისტოს შეტანილი საჩივარი არის ვადაგადაცილებული.
გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge) დაუდგენელმა პირმა შეტყობინება გახსნა 12 ივლისს 15:30 საათზე, როდესაც ---------- ბაზრობა აშლილია, იქ მყოფი ნომინალურად მართლმადიდებლები პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო არიან გადასული ქეიფის რეჟიმში, ხოლო მომჩივნისთვის, რომელიც თვითონ არ არის მოვაჭრე და არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და ასევე არის შიიტური ისლამის მიმდევარი და არ მოიხმარს ალკოჰოლს, „საბირჟაო პერიოდი’’ გასულია და სავარაუდოდ აღარ იმყოფება ---------- ტერიტორიაზე, ხოლო „კლასტერმენეჯერი“, რომელსაც მომჩივნის მსგავსი ასამდე პირი ჰყავს, მომჩივანთან იმავე დღეს ---------- არ გაიქცეოდა (თან პეტრეპავლობას, და თან 15 რიცხვის წინა დღეებში, როცა სავარაუდოდ აგზავნის/ამზადებს მრავალრიცხოვანი „კლასტერის“ საგადასახადო დეკლარაციებს). შესაბამისად, თეორიულადაც კი გამოირიცხება გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე 12 ივლისს 15:30 საათზე გახსნილი შეტყობინების მომჩივნისთვის ჩაბარება, იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანმა შეტყობინება მიიღო თუნდაც 13 ივლისს (რაც ასევე საეჭვოა), 30-ე დღე უკვე 12 აგვისტო, შაბათია და შესაბამისად ორშაბათს 14 აგვისტოს, პირველ სამუშაო დღეს შეტანილი საჩივრები არის შეტანილი კანონიერ ვადაში.
აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4737 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8112 ბრძანება, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის შემოწმების აქტი და შესაბამისად 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა და 10.07.2023 წლის №16624 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული იყო, შემოსავლების სამსახურმა 23.05.2023 წლის №11407 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა მომჩივანმა იგი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა და საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4737 ბრძანებასა და აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8112 ბრძანებაზე (რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის შემოწმების აქტი და შესაბამისად 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა და 10.07.2023 წლის №16624 ბრძანება) 12.07.2023 წლიდან 13.09.2023 წლამდე იმყოფებოდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს წარმოებაში.
მომჩივანი 17.07.2023 წლიდან 31.07.2023 წლამდე არ იმყოფებოდა საქართველოში, აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს მტკიცებულება.
26.04.2023 წლის №----------/21; 26.04.2023 წლის №----------/21; 26.04.2023 წლის №----------/21-14; 26.04.2023 წლის №----------/21-14; 14.05.2023 წლის №----------/21; 31.07.2023 წლის №----------/21; 31.07.2023 წლის №----------/21; 31.07.2023 წლის №----------/21; 2.08.2023 №----------/21-12; 2.08.2023 წლის №----------/21; 2.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21-14; 3.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21; 3.08.2023 წლის №----------/21-14; 3.08.2023 წლის №----------/21-14; 3.08.2023 წლის ID:№---------- რეგ. №----------/21-14; 3.08.2023 წლის №----------/2114; 3.08.2023 წლის №----------/21-14 განცხადებების მიუხედავად ვერ მოიპოვა კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოდ გადმოსაცემი მასალები, რომელთა გადმოცემა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლითა და მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი, ასევე ეს ვალდებულება დეტალურად არის გაშიფრული 2012 წლის აუდიტის დეპარტამენტის მეთოდურ მითითებაში, რომელსაც ხელს აწერს იმჟამინდელი უფლებამოსილი პირი ----------. ვერ მიიღო ვერანაირი დოკუმენტი, მათ შორის და არა მხოლოდ: შემოწმების აქტში არსებული გაანგარიშებების EXCELL-ის ფაილები, მასში შეტანილი მონაცემებით და კონკრეტულ გამოანგარიშებაზე შეტანილი ფორმულების იდენტიფიცირებით. ვერ მიიღო ვერც მასალები, ვერც შემაჯამებელი აქტი და ვერც აუდიტორის მიერ ნახსენები მისტიური ბრძანება, მომჩივნის მამის ი/მ ---------- პ/ნ ---------- გარდაცვალების შემდეგ, ნათესავების და ახლობლების ნაწილის მიერ მომჩივნის ანგარიშზე ჩარიცხული ე.წ. ,,გადასახური თანხის’’ 54%-იანი ფასნამატით დაბეგვრის თაობაზე. აუდიტის დეპარტამენტის ქმედება, გარდა დისციპლინური დარღვევისა, წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ საპატიო საფუძველს (მომჩივნის არყოფნასთან ერთად), იმ შემთხვევაში, თუ იგნორირებული იქნება საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნები და გასაჩივრების ვადა 11.08.2023 წლის, ნაცვლად მინიმუმ 12.08.2023 წელს ამოიწურება.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. იმ შემთხვევაში, თუ ახლა არ იქნება დაშვებული საჩივარი განსახილველად, თუნდაც წლების შემდეგ, როდესაც მოხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით, მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი და 2012 წლის აუდიტის დეპარტამენტის მეთოდურ მითითებით მისაღები მასალების მიღება, შემოსავლების სამსახურს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად მაინც მოუწევს განხილვის დაწყება.
საქართველოს უზენაესი სასამართლო აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის შემოწმების აქტს და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნას და ამავე დეპარატამენტის 10.07.2023 წლის №16624 ბრძანებას გადასახადის გადამხდელისათვის ჩაბარებულადაც არ მიიჩნევს, 2012 წლის აუდიტის დეპარტამენტის მეთოდური მითითების შესრულებამდე, რაც საერთოდ გამორიცხავს ვადის გაშვების გამო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 6.10.2016 წლის საქმე №ბს-770-762(კ-15) შესაბამისად გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია აქტის შინაარსის შესახებ. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება რა გახდა აქტის გამოცემის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას (სუს 10.10.2013 წ. ბს-854-836(კ-12) გადაწყვეტილება). იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, უხეშად არღვევს პირის უფლებას საჩივარზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი და საჩივრის განხილვის გამართული პროცედურა ასეთი მექანიზმის არსებობის, ადმინისტრირების მაღლი ხარისხის დადასტურება უნდა იყოს. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, დავის დაწყება დასაშვებია, თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მომჩივნისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გადასახადების დარიცხვის შესახებ ბრძანების ჩაბარებად ვერ ჩაითვლება ინდ. მეწარმის მიერ შემოწმების აქტის გაცნობა.
საგადასახადო წარმოება შედგება ოთხი ეტაპისგან:
საგადასახადო გამოძიება (გამოიცემა საგადასახადო შემოწმების აქტი);
საქმის განხილვა (შემოწმების აქტის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება);
გადაწყვეტილების აღსრულება (საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა);
გადაწყვეტილების გადასინჯვა.
ვინაიდან გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით დადგენილი მოთხოვნები, უკეთუ საგადასახადო კანონმდებლობით არ არის დადგენილი განსხვავებული, სპეციალური რეგულაცია. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველია გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება. საგადასახადო მოთხოვნა შეიცავს მითითებას გადასახდელი თანხის შესახებ, ხოლო ბრძანება იძლევა საგადასახადო მოთხოვნაში ასახული, გადასახდელად დარიცხული თანხების სისწორის, დავალიანების წარმოშობის გარკვევის დადგენის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნისაგან განსხვავებით, მოიცავს დანართს, რომელშიც დეტალურად არის ასახული გადასახადის გადამხდელის მოგების/წლიური საშემოსავლო გადასახადის, დღგ-ს, მიმდინარე გადასახდელები და სხვ. მონაცემები. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნას უგზავნის გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე ან საგადასახადო შემოწმების მასალებზე თანხების დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნა წარედგინა საგადასახადო კოდექსის 64.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, რაც ითვალისწინებს საგადასახადო მოთხოვნის წარდგენას გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცემისა და გადამხდელისათვის გადაცემის წესს განსაზღვრავს კოდექსის 268ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად „საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად“. აღნიშნულის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში თანხის დარიცხვის შესახებ ბრძანება გადამხდელს გაეგზავნა 06.08.13წ., საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის (30.07.13წ.) შემდეგ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნის გაცნობიდან გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის დაცვის (საგადასახადო მოთხოვნის და გადაწყვეტილების ასლის ერთად წარდგენის) შემთხვევაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გადასახადის გადამხდელისათვის აქტების ერთად წარდგენის დანაწესი მიზნად ისახავს დარიცხული გადასახადის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფას, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვას. აღნიშნული ნორმა საგადასახადო ორგანოს არ აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის რიგითობა, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამ კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადებში გადასცენ (გაუგზავნონ) გადასახადის გადამხდელს ან მის წარმომადგენელს საგადასახადო შემოწმების აქტები, აგრეთვე საგადასახადო ორგანოთა სხვა გადაწყვეტილებები და შეტყობინებები. საგადასახადო ორგანოსათვის დარიცხვების შესახებ გადაწყვეტილებისა და საგადასახადო მოთხოვნის ერთობლივად გადაცემის ვალდებულების დაკისრება ემსახურება გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გარანტიას (41.2 მუხ.), საჩივრის უფლების სრულყოფილი რეალიზების საშუალებას. აღნიშნულის მიუხედავად, განსახილველ შემთხვევაში გადამხდელს თავდაპირველად გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო შემდგომ ბრძანება გადასახადის დაკისრების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის გათავისუფლებას სანქციისაგან, უკეთუ დარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. კოდექსი ანალოგიური შინაარსის დანაწესს არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მიმართ გადასახადის ადმინისტრირებისას მის მიერ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის ადმინისტრირებას საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით და ამ პროცესში მონაწილე უფლებამოსილი პირები საგადასახადო ორგანოს სახელით ასრულებენ შესაბამის საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, რომლის კანონის სრული დაცვითა და კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულებას მათ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 28-ე მუხლი აკისრებთ.
ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს დაცული აქვს ამ აქტის ადრესატისათვის წარდგენის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20223 ბრძანებასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილია წერილის მომჩივნისთვის ჩაბარების საფოსტო უკუგზავნილი და ასევე წერილი რომელიც თითქოსდა იდო კონვერტში, რომელსაც აწერია - დანართი EXCELL-ის ფაილი, კარგი იქნებოდა ჯარიმის ავტორს განემარტა, როგორ ჩადო EXCELL-ის ფაილი მატერიალურ კონვერტში და გააგზავნა ფოსტის საშუალებით (არანაირი მითითება ელექტრონულ მატარებელზე არაა, ესაა სტანდარტული წერილი, რომელიც ელექტრონულ გვერდზე rs.ge იგზავნება).
სადავო დარიცხვა შეეხება და აგებულია ერთადერთ ეპიზოდზე: მომჩივანს ჰქონდა პირადი ანგარიში, სადაც ნათესავები და ოჯახის წევრები ურიცხავდნენ თანხას. მომჩივნის მამის ი/მ ---------- (პ/ნ ----------) გარდაცვალების შემდეგ, ნათესავების და ახლობლების ნაწილმა მომჩივნის ანგარიშზე ჩარიცხა ე.წ. „გადასახური თანხა“, გარდა ამისა მომჩივნის მამის ი/მ ---------- (პ/ნ ----------) გარდაცვალების შემდეგ, ი/მ ---------- (პ/ნ ----------) კონტრაგენტებმა/დებიტორებმა შვილის ანგარიშზე ჩარიცხეს გარდაცვლილის კუთვნილი თანხები, რადგან გარდაცვლილის ვალის დატოვება რელიგიური მოსაზრებებით არ იყო მიზანშეწონილი, ხოლო თანხას ი/მ ---------- (პ/ნ ----------) პირადად ვერ მიაწვდიდნენ.
მომჩივანს არანაირი საქმიანობა არ უწარმოებია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა დაადგინა დანაკლისის არარსებობა, მისი საბანკო ანგარიშების ბრუნვა 0-ს შეადგენს, ასევე სალარო აპარატის ბრუნვა 0-ს შეადგენს, ვინაიდან შემოწმებით არ დგინდებოდა დასარიცხი გადასახადი, შემმოწმებლებმა მომჩივანს მოტყუებით გამოსძალეს საოჯახო ანგარიში, ფიზიკური პირის ანგარიში, რომლის გახსნისას პირი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ეს ანგარიში არ იქნება გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში.
ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11407, 16.08.2023 წლის №20223, 31.08.2023 წლის №21457 ბრძანებები, აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნა, ამავე დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №16624 ბრძანება და 29.06.2023 წლის შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №188461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დაბეგვრის ბარათებიდან გაუქმდეს და სრულად მოიხსნას, მომჩივანზე უსაფუძვლოდ დარიცხული 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნის ჯამური თანხა 210 944,87 ლარი, საგადასახადო დავის პერიოდში პროგრამულად აღრიცხულ საურავებთან ერთად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №----------21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 10.07.2023 წლის №16624 ბრძანებას და 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 12.07.2023 წელს.
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2023 წლის №041-53 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 11.08.2023 წელი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სერვისის მეშვეობით (www.my.gov.ge) 14.08.2023 წელს, სადავო აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივნის არგუმენტი, რომ გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge) 12 ივლისს დაუდგენელმა პირმა გახსნა შეტყობინება და გასაჩივრების ვადის ათვლა არ უნდა დაიწყოს ამ თარიღიდან, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ე.წ. ელექტრონულ პორტალზე) კომუნიკაციის შემთხვევაში მომჩივანი სარგებლობს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებითა და პაროლით, რომელიც უნიკალურია და ცნობილია მხოლოდ მისთვის. თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
მომჩივნის წარმომადგენელი გასაჩივრების ვადის დარღვევის ერთ-ერთ მიზეზად ასევე მიუთითებს მომჩივნის მხრიდან ქართული ენის არაჯეროვან ცოდნაზე, რაც ვერ გახდება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ადმინისტრაციული წარმოების ენა ქართულია. აქედან გამომდინარე, საქართველოში ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტები ან/და სხვა სახის ურთიერთობება ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელმწიფო ენაზე ეჭვქვეშ ვერ დადგება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომჩივანმა არ იცის სახელმწიფო ენა.
ის გარემოება, რომ მომჩივანი 17.07.2023 წლიდან 31.07.2023 წლამდე არ იმყოფებოდა საქართველოში, არ არის საჩივრის დადგენილ ვადაში წარდგენისთვის დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 11.08.2023 წელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომჩივანს ჰქონდა საკმარისი დრო საჩივრის ვადაში წარსადგენად.
ამგვარად, მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას. მომჩივანი არ მიუთითებს რაიმე გარემოებებზე/მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება აღნიშნული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21457 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი (საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში ცვლილების განხორციელების მართლზომიერება) და მე-2 (სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა) დავის საგნების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.