ბრძანება N 16045
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16045
05 ივლისი 2023
ფ/პ ---ის (პ/ნ ---)
(---) 2022 წლის 14 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ---ს (პ/ნ ---) 2022 წლის 14 ნოემბრის №206125/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №081-131 საგადასახადო მოთხოვნასთან, 2022 წლის 21 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანებასთან და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არასაცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2022 წლის 19 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, სადაც მიუთითა, რომ 2021 წლის 12 მარტს ქალაქ ---ში, --- N---ში მდებარე უძრავი ნივთი გასხვისებულ იქნა ---ზე, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა მიმართა საგამოძიებო სამსახურს. ამავე წლის 29 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურიდან, განცხადების საფუძველზე გადმოგზავნილ იქნა გასაჩივრებული ბრძანებები და კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რა დროსაც გახდა ცნობილი აღნიშნული დოკუმენტების არსებობის თაობაზე. გადამხდელს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეში უგულვებელყოფით. ასევე, აცხადებს, რომ საგადასახადო კამერალური შემოწმება ჩატარდა უკანონოდ და უსაფუძვლოდ, შესაბამისი აქტიც და დარიცხვა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რის გამოც ზემოაღნიშნული აქტიც და დოკუმენტაცია თანმდევი შედეგებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისს №15735 ბრძანების და 2022 წლის 19 ივლისის №19167 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ---ს (პ/ნ ---) კამერალური საგადასახადო შემოწმება მის მიერ 2021 წლის 12 მარტს ქ. ---ში ---ს ქ. №----ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: --- კვ.მ) მიღებიდან და ფ/პ „---“ (პ/ნ ---) მიწოდებიდან გამომდინარე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 ივლისის №19491 ბრძანება და ამავე თარიღის №081-131 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 730 828 ლარი, მათ შორის, გადასახადი 474 463 ლარი, ჯარიმა 202 239 ლარი, საურავი 54 125 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე 2022 წლის 21 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 21 დეკემბრის №32146 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №32146 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 მარტის №18610/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის №18610/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, 21.07.2022 წლის №081-131 საგადასახადო მოთხოვნის, 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანების და კამერალური საგადასახადო შემოწმების 21.06.2022 წლის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სადავო აქტების ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა დაცულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32146 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ --- არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემების მიხედვით 2021 წლის 12 მარტს ფ/პ ---მა ფ/პ ---ს 310 000 აშშ დოლარად (1 032 255 ლარი) მიყიდა ქალაქ --- მდებარე 179 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (საკადასტრო კოდი: ---). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 165-ე მუხლების და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელის მიერ უძრავი ქონების რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით, გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის 5 პროცენტის ოდენობით.
ფ/პ ---ის მიერ არ არის წარმოდგენილი 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ ---მ საჯარო რეესტრში ქონებაზე საკუთრების უფლების გადაფორმების მიზნით 2021 წლის 11 მარტს ---თან შექმნა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ფ/პ ---ს წარმომადგენლის სახელით ---ს მიყიდა 310 000 აშშ დოლარად და 11 მარტს გადაუფორმა საკუთრების უფლება. საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით ფიქტიურად გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის გადახდა რეალურად არ მომხდარა. ასევე, საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 1 585 000 ლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 82-ე, მე-100, 101-ე და 103-ე მუხლებით, რის საფუძველზეც, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ფ/პ ---ის მიერ მიღებული სარგებელი 1 585 000 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2022 წლის 21 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანებასთან და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისს №15735 ბრძანების და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ ---ს კამერალური საგადასახადო შემოწმება მის მიერ 2021 წლის 12 მარტს ქ. --- ქ. №----ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი:--- კვ.მ) მიღებიდან და ფ/პ „---ზე“ მიწოდებიდან გამომდინარე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2022 წლის 21 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივნისს №15735 ბრძანების და 2022 წლის 19 ივლისის №19167 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 ივლისის №19491 ბრძანება.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, ასევე 2022 წლის 21 ივნისის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება და 2022 წლის 19 ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ №19167 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 21 დეკემბრის №32146 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №32146 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 მარტის №18610/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 306 (2); 73 (9, ბ); 79; 80; 100; 103 (2); 101 (2); 102; 158; 165; 159; 163; 160; 164; 168; 43; 51; 262; 263.