გადაწყვეტილება №20202/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.08.2023
№ დოკუმენტი 20202/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20202/2/2023

03 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------ 8.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20202/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №086-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №15072 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 332 599.49 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 210 324

დღგ - 177 994

საშემოსავლო გადასახადი - 30 715

ქონების გადასახადი - 1 615

ჯარიმა - 98 211

საურავი - 24 064,49

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2483, 15 მარტის №5011 და 23 მარტის №5758 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 23 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №8272 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №086-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15072 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში მომჩივანმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და შესყიდვის აქტები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი ჰქონდა 1 130 685 ლარის საქონელი, ხოლო რეალიზებული - 331 587 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 თებერვლის N2941 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და ფაქტობრივი ნაშთის ღირებულებამ შეადგინა 478 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ იყო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილ საქონელზე დასახელებებისა და პერიოდების გათვალისწინებით გავრცელდა დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად) ფასნამატი. შემოწმებით, დღგ-ის ბრუნვამ შეადგინა 1 290 416 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების, ხოლო ჯარიმა 275-ე მუხლის საფუძველზე. მიღებული შემოსავლით დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლზე და აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველ რიგში აცხადებს, რომ არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო საჩივრის განხილვის პროცესში, მიუხედავათ იმისა, რომ ითხოვდნენ აღნიშნულს. ასევე გაურკვეველია რის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა საჩივარი. ის ადგილი საიდანაც ახორციელებს მეწარმე ვაჭრობას, მოკლებულია შესაძლებლობა მოხდეს უვარგისი და ვადაგასული პროდუქციის შეგროვება, რის გამოც ვერ ხერხდება კანონმდებლობის შესაბამისად სმფ- ების ჩამოწერა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის ბრძანება №15072-ს და ითხოვს, რომ შემოწმების პროცესში გათვალისწინებული იქნას ის გონივრული და ლოგიკური დანაკარგი რაც მსგავს ობიექტზე არსებობს. ასევე გათვალისწინებული იქნას მეწარმის არ ცოდნა და გაურკვევლობა ბუღალტრულ საკითხებისადმი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად: დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილ საქონელზე დასახელებებისა და პერიოდების გათვალისწინებით გავრცელდა დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად) ფასნამატი. შედეგად გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაიზარდა მომჩივნის წლიური ერთობლივი შემოსავალი.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან გაფუჭებული საქონლის დანაკარგის ოდენობის გათვალისწინებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურისათვის არ მიუმართავს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ჩამოწერის შესახებ და შესაბამისად არ მომხდარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა სათანადო წესით.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანი მოწვეული იყო საბჭოს სხდომაზე, თუმცა მას საჩივრის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არ წარმოუდგენია მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რითაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2023 წლის №086-24 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 98 211 ლარის ოდენობით და დაერიცხა საურავი - 24 064,49 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმე საერთოდ ვერ ერკვევა ბუღალტრულ საკითხებში, რაც მინდობილი ჰქონდა ოჯახის ახლობელზე, რომლიც არაკომპეტენტურობამაც გამოიწვია მსგავსი სიტუაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. სანქციებისგან გათავისუფლება

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შეძენილ საქონელზე დასახელებებისა და პერიოდების გათვალისწინებით გავრცელდა დოკუმენტური (სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად) ფასნამატი. შედეგად გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაიზარდა მომჩივნის წლიური ერთობლივი შემოსავალი. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან გაფუჭებული საქონლის დანაკარგის ოდენობის გათვალისწინებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურისათვის არ მიუმართავს ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ჩამოწერის შესახებ და შესაბამისად არ მომხდარა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა სათანადო წესით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5); 159(1ა);163(1);100(3ბ);269(7);