N 355 - 18/11/2026 - „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №355
2026 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ჩგდ). ჩგდ-ის გამოყენება ასევე დასაშვებია ტურისტული გიდის მიერ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, აგრეთვე ამ წესის მე-20 მუხლის 33 და 235 მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;
ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. პირი ვალდებულია გამოყენებული, გაუქმებული, დაკარგული და დაზიანებული ჩგდ-ების შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ წესის დანართი №135 ფორმით, არაუგვიანეს მათი გამოყენების, გაუქმების, დაკარგვის ან დაზიანების თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.“.
2. დანართი №134 შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №135.
3. 84-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. პირი ვალდებულია 2026 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული გამოუყენებელი ჩგდ-ების ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 დეკემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე