ბრძანება N 10288

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.05.2026
№ დოკუმენტი 10288
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10288

08 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 17 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი N 35) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 101806/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის N 5939 ბრძანებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ბრძანებას და განმარტავს, რომ კანმდებლობის შესაბამისად აქვს შევსებული საბაჟო დეკლარაცია. მომჩივანი მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისიწინებს ამ სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით იმპორტის გადასახადს, აქედან გამომდინარე გაურკვეველია რატომ გამოიცა სადავო ბრძანება, თუმცა პრეტენზიას არ გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქონელი ექვემდებარება იმპორტის გადასახადით დაბეგვრას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 16 იანვარს რეგისტრირებული N -----/----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით, საქონლის მიმღების – შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისი ----- ) საფუძველზე, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) დეკლარირებულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე N ----- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი – პროვიტამინების კომპლექტი (სეს ესნ-ის კოდით 2936, საბაჟო ღირებულებით 31510.26 ლარი, რაოდენობით 358 ცალი). ვინაიდან შპს „-----“ მიერ განსაზღვრულ/დეკლარირებულ სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტი იბეგრება მხოლოდ დღგ-ით, დეკლარირებულ საქონელს დაერიცხა მხოლოდ დღგ 5671.9 ლარის ოდენობით.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის შეირჩა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი დაექვემდებარა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებით გაფორმებას, თუმცა, საბაჟო კონტროლის განხორციელებისას წარმოიშვა ეჭვი დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორესთან დაკავშირებით და, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით, საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“.

საქონლის დათვალიერებისა და სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელების შედეგად გამოვლინდა, რომ N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს მრავალკომპონენტიან საკვებ დანამატს (მარკირებულია როგორც „Dietary Supplement“), შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მცენარეულ კომპონენტებს და განკუთვნილია ადამიანის ორგანიზმის საერთო მხარდაჭერისთვის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N 21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 29-ე ჯგუფის 1-ლი შენიშვნის თანახმად, აღნიშნულ ჯგუფში კლასიფიცირდება მხოლოდ ქიმიურად სუფთა ინდივიდუალური ნაერთები. ვინაიდან დეკლარირებული საქონელი არის ნივთიერებათა ნარევი, წარმოდგენილი დოზირებული ფორმით საბოლოო მომხმარებლისთვის, მისი კლასიფიკაცია სეს ესნ-ის 29-ე ჯგუფით გამოირიცხება და, სეს ესნ-ის მე-3 მუხლით განსაზღვრული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის პირითადი წესების“ გათვალისწინებით, ჩართვა უნდა განხორციელდეს სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა N ----- /2026, 06.02.2026). რადგანაც სეს ესნ-ის 2106 90 980 09 კოდში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დღგ-ითა და იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, N ------ / ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით დარიცხული 5671.9 ლარის ნაცვლად, იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობამ შეადგინა 10133.69 ლარი (დღგ – 6352.46 ლარი და იმპორტის გადასახადი – 3781.23 ლარი).

საქმის მასალები, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილი N -----; 13/02/2026).

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2026 წლის 6 მარტის N ----- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.

დადგინდა, რომ შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში 31510.26 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 4461.79 ლარით შემცირებას და რადგან პირს აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2026 წლის 18 მარტს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის N 5939 ბრძანება, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4461.79 ლარის (საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ განსაზღვრულ/დეკლარირებულ სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტი იბეგრება მხოლოდ დღგ-ით, დეკლარირებულ საქონელს დაერიცხა მხოლოდ დღგ 5671.9 ლარის ოდენობით. დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისა და სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელების შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს მრავალკომპონენტიან საკვებ დანამატს (მარკირებულია როგორც „Dietary Supplement“), შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მცენარეულ კომპონენტებს და განკუთვნილია ადამიანის ორგანიზმის საერთო მხარდაჭერისთვის. „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის პირითადი წესების“ გათვალისწინებით, მოცემული პროდუქტი კლასიფიცირდება სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, რომლის იმპორტი იბეგრება დღგ-ით და იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ ( ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

კომპანიამ საბაჟოზე ვიტამინებისა და დანამატების პროდუქცია არასწორი სასაქონლო კოდით გააფორმა, რის შედეგადაც დაერიცხა ნაკლები გადასახადი. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ საქონელი სხვა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და დამატებითი გადასახადი უნდა გადახდილიყო. საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის წესით საქმე არ დაიწყო.

კომპანიას დაეკისრა ჯარიმა შემცირებული გადასახადის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 164; 167;.