ბრძანება N 38852-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 27.12.2018
№ დოკუმენტი 38852-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 38852

27/12/2018

შპს -------------------

(მის: -----------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი N100) განიხილა შპს ---------------- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის N006-593 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას“.

გადამხდელი არ ეთანხმება სანიაღვრე ქსელზე დარიცხული ამორტიზაციის ეროთბლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას და სანიაღვრე ქსელის ღირებულების ჩართვას სმფ-ის ნაშთებში და განმარტავს, რომ 2014 წელს და ამჟამადაც, ფაქტორბრივი და დოკუმენტურად დადასტურებული სიტუაცია შემდეგია: შესაბამისი საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით NQN----- 20.03.2014 შპს ----- მიეცა ნებართვა ხაზობრივი ნაგებობის - სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად ქ. -------- მერიის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გაუმჯობესება გადამხდელმა მოაწყო იმ მიზნით, რომ დაეცვა მის საკუთრებაში რიცხული ძირითადი საშუალებები დაზიანებისგან, ანუ გაუმჯობესების შექმნა უკავშირდება შპს ----- ეკონომიკურ საქმიანობას და მოგების მიღების მიზანს.

შესაბამისად, შემოწმებით გაზრდილი იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, ხოლო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაექვემდებარა შემცირებას.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა 2018 წლის 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში დააზუსტა მოთხოვნა დაეთანხმა სანიაღვრე ქსელზე დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება და მიუთითა, რომ ქ. ----------- მერიის სამსახურის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩატარებული სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები წარმოადგენს შპს ----- მიერ უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებას.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ გამართულ განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშრებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ივლისის N17696

ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- საჩივარი, კერძოდ:

1 შპს ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში (1-6) საკითხებთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის აღსრულების შედეგების შესაბამისად, განახორციელოს კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ივლისის N17696 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ----- მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 28 სექტემბერს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 ივლისის N17696 ბრძანებით გამოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა შემმოწმებლის მიერ დარიცხული თანხების კორექტირება, კერძოდ სულ შეუმცირდა 27 943 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 0 ლარისა და ჯარიმა 27 943 ლარის ოდენობით.

 

გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა:

1. სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ პუნქტების თანახმად: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ამასთან საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). სსკ-ის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად: პირველადი დოკუმენტებს (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები) მიეკუთვნება ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. ხოლო, სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად: პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ზუსტად ვერ დგინდება ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებები, ამ ეტაპზე შემოწმების მონაცმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

2. შპს ----- საკუთრებაში არსებულ შენობა ნაგებობაზე გაწეული რემონტის ხარჯები მოგების გადასახადის დეკლარაციიდან გამოქვითული აქვს სრულად. სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად გადამხდელს რემონტის ხარჯების სრულად გამოქვითვის უფლება არ აქვს ისეთ ძირითად საშუალებაზე რომელზეც მანამდე ახორციელებდა ამორტიზაციის ანარიცხების გამოქვითვას სსკ-ის 111-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების მიერ ფაქტიურ (ზემოთ აღწერილ) მდგომარეობაზე და სსკ-ის 112-ე და 115-ე მუხლებზე დაყრდნობით სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას და სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით გამოიქვითა ერთობლივი შემოსავლიდან ამორტიზაციის და რემონტის ხარჯების სახით. ამორტიზაციის თანხა ასევე, დაკორექტირდა გადამხდელის საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით. აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

3. შემოწმების მიერ ფაქტიურ (ზემოთ აღწერილ) მდგომარეობაზე და სსკ-ის 112-ე და 115-ე მუხლებზე დაყრდნობით სარემონტო სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები დაექვემდებარა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას და სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით გამოიქვითა ერთობლივი შემოსავლიდან ამორტიზაციის და რემონტის ხარჯების სახით. აღნიშნული საკითხი გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

4-5. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით აღნიშნული სანიაღვრე ქსელი არ წარმოადგენს გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ძირითად საშუალებას და აღნიშნული სანიაღვრე ქსელი განსაზღვრულია ქ. ---------- მერიის მისაწოდებლად. შემოწმების მიერ აღნიშნული სანიაღვრე მოწყობილობა განხილული იქნა, როგორც შპს ----- სმფ-ს ნაშთები. ფაქტობრივი გარემოება იგივეა, რაც შემოწმების პროცესში. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 145-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

სსკ მე–8 მუხლის 31–ე ნაწილის მიხედვით ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

სსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.

განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან,გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად:

პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად: საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

სსკ-ის 98-ე მუხლის მესამე პრიმა ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები: სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

სსკ-ის მე-100 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:

ბ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ ქ. ------ მერიის 2014 წლის 20 მარტის NQN1200138 გადაწყვეტილებით შპს ---------- მიეცა ნებართვა ხაზობრივი ნაგებობის - სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად ქ. -------- მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. შპს ----- მიერ განხორციელდა სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გაწეული იქნა გარკვეული სახის დანახარჯები. გადამხდელის მიერ აღნიშნული ქსელის მოსაწყობად გაწეული ხარჯები საბუღალტრო მონაცემებში აღრიცხულია, როგორც მისი აქტივი სხვის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე და აქტივის გაუმჯობესებაზე განოხრციელდა ამორტიზაციის დარიცხვა და ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახვა. საბჭო მიუთითებს, რომ ძირითადი საშუალებები არის საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური აქტივები, რომელსაც საწარმო იყენებს, წარმოებაში, მომსახურეობაში, იჯარით გასაცემად, ადმინისტრაციული მიზნებისათვის და გამოიყენება ერთ წელზე მეტი ხნის ვადით.

შესაბამისად, საბჭო მიუთითებს, რომ გადამხდელს ამორტიზაცია დარიცხული აქვს და ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში ჩართული აქვს ისეთ ძირითადი საშუალება, რომელიც არ წარმოადგენს მის ბალანსზე აღრიცხულ ძირითად აქტივს, რაც განსახილვევ შემთვევახაში ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექისთ და ბასს-ით დადგენილ ნორმებს. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ სამეურნეო ოპერაციის (სხვის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა სანიაღვრე ქსელის მოწყობა) ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით განსახილველი ოპერაცია წარმოადგენს მერიისთვის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებას, ვინაიდან შპს ----- მიერ განხორციელდა ქ. --------- მერიის საკუთრებაში რიცხული ქონების გაუმჯობესება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ოპერაცია უნდა შეფასდეს, როგორც უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორეტირება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. აუდიტის დეპარტამენტმა ქ. ---------- მერიის სამსახურის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ჩატარებული სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები განიხილოს შპს ----------- მიერ უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორეტირება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სანიაღვრე ქსელზე დარიცხული ამორტიზაციის გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღებას და სანიაღვრე ქსელის ღირებულების ჩართვას სმფ-ის ნაშთებში.

გადამხდელის წარმომადგენელმა საკითხის განხილვის პროცესში დააზუსტა მოთხოვნა, დაეთანხმა სანიაღვრე ქსელზე დარიცხული ქონების გადასახადის შემცირება და მიუთითა, რომ ჩატარებული სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები წარმოადგენს საწარმოს მიერ უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით საწარმოს მიეცა ნებართვა ქ. თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად. საწარმოოს მიერ გაწეული იქნა გარკვეული სახის დანახარჯები. გადამხდელის მიერ აღნიშნული ხარჯები აღრიცხულია, როგორც მისი აქტივი სხვის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე და აქტივის გაუმჯობესებაზე განოხრციელდა ამორტიზაციის დარიცხვა და ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახვა.

შემოწმების მიერ აღნიშნული სანიაღვრე მოწყობილობა განხილული იქნა, როგორც სმფ-ს ნაშთები. დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველი ოპერაცია წარმოადგენს მერიისთვის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორეტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(31); 73(9); 100(4,,ბ“); 105; 145