ბრძანება N 6140

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2026
№ დოკუმენტი 6140
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6140

20 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. ---) 2026 წლის 10 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №26877/2/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 6 მარტის №CB1880119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები რეალურად არსებობდა, თუმცა მისი ელექტრონულად გამოწერა განხორციელდა დაახლოებით 20 წუთით გვიან, რაც გამოწვეული იყო ინტერნეტის ტექნიკური შეფერხებით. შეფერხების აღმოფხვრისთანავე ზედნადები დაუყოვნებლივ იქნა გამოწერილი და რეგისტრირებული სისტემაში. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ საქონლის წარმოშობა და გადაადგილება სრულად დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტაციით. დარღვევა არ ყოფილა განზრახ გამოწვეული და იყო ტექნიკური მიზეზით. კომპანიას სახელმწიფოსთვის ან ბიუჯეტისთვის რაიმე სახის ზიანი არ მიუყენებია, ზედნადები ფაქტობრივად არსებობს და მხოლოდ მცირე დროით დაგვიანებით იქნა გამოწერილი. ამასთან, დამკვეთს უნაღდო ანგარიშსწორებით ჰქონდა საქონლის საფასური გადახდილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას ან/და კანონით შესაძლო მინიმალურ ოდენობამდე შემცირებას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ 2026 წლის 6 მარტს 11:05 საათზე ქ. ---ში, ----ს და ---ის ქუჩების კვეთაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტომანქანა სახ. ნომრით: ----. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ --- (პ/ნ ---) ახორციელებდა შპს „----ს“ (ს/ნ ----) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 570 ლარის ღირებულების საქონლის (ჰაერის გამწოვი მილის კომპლექტი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. გასაუბრების დროს, ---- (პ/ნ ----) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს განუმარტა, რომ საქონელი განკუთვნილი იყო შპს „----ის“ (ს/ნ ---) სამეწარმეო საქმიანობისათვის.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზით (ORACLE) გადამოწმებისას დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ საქონელზე შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 6 მარტს შედგენილ იქნა №CB1880119 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განხორციელების პროცესში (კონტროლის პროცედურა დაიწყო 2026 წლის 6 მარტს 11:05 საათზე) გადასახადის გადამხდელის მიერ ტრანსპორტირებულ საქონელზე (2026 წლის 6 მარტს 11:22 საათზე) გამოიწერა № ---- სასაქონლო ზედნადები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი.

ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.

გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, სანქციის სახით გამოყენებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას, ამდენად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას ან/და კანონით შესაძლო მინიმალურ ოდენობამდე შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, მომჩივანი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 570 ლარის ღირებულების საქონლის (ჰაერის გამწოვი მილის კომპლექტი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. მომჩივანმა გასაუბრების დროს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს განუმარტა, რომ საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის.

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზით გადამოწმებისას დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ საქონელზე მომჩივნის მიერ ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (1, 2).