გადაწყვეტილება №26930/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.05.2026
№ დოკუმენტი 26930/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26930/2/2026

18 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 01.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 18.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 26930/2/2026).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის N 002-230 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის N 4686 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 191 474,75 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 103 477,57 ლარი;

ჯარიმა - 49 703,92 ლარი;

საურავი - 38 293,26 ლარი;.

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები. 2021 წლის პირველი ივლისიდან რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 30 დეკემბრის 28962 ბრძანება და N 002-230 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 27 თებერვლის N 4686 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა:

ფაქტების აღწერა:

გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად შემოწმების დაწყების მომენტისათვის რეგისტრირებული არ იყო. საქმიანობს მისამართზე: ქ. ----- სადაც რეგისტრირებულია სალარო აპარატი N DY ----- და განლაგებულია რესტორანი „-----“. თანამშრომლობდა შემოწმებასთან და წარმოადგინა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია.

შემოწმების შედეგად, სალარო აპარატის, საბანკო ტერმინალის და ბანკის ამონაწერის მიხედვით დაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 7 ივლისი, შესაბამისად 07.07.2022 - 01.09.2025 წლებში ჩეკში ამორტყმული თანხები და საბანკო ანგარიშზე შემოსული რეალიზაციის თანხებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე. 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1651 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

იჯარით აღებულ შენობაში ეწევა სარესტორნო საქმიანობას. შემოწმების დაწყების მომენტიდან, მის მიერ სრულყოფილად იქნა მიწოდებული შემოწმებისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად, მათ შორის პირადი საბანკო ანგარიშების ამონაწერები როგორც -----, ისე ----- ბანკიდან. ასევე, მის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული იქნა ახსნა - განმარტება, რის მიხედვითაც პირად საბანკო ანგარიშებზე შემოსული ყველა თანხა იქნა გაშიფრული შესაბამისი კომენტარებით, კერძოდ: ანაბარი/პროცენტი; იჯარაქვეიჯარით გაცემული ფართიდან მიღებული შემოსავალი; რესტორანი - სარესტორნე საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; პირადი ჩარიცხვა გაშიფრული - ისეთი პირადი შემოსავლები, რომლის გადმომრიცხავის იდენტიფიცირება და მასთან პირადი კავშირი მითითებულია (და, დისშვილი, ნათესავი, მრევლი და ა.შ); პირადი თანხის უკან დაბრუნება - პირადი სარგებლობისთვის შეძენილი საქონლის უკან დაბრუნება; პირადი ჩარიცხვა გაუშიფრავი - ისეთი პირადი შემოსავლები, რომლის გადმომრიცხავის იდენტიფიცირება და მასთან პირადი კავშირი შემოწმების ეტაპზე ვერ აღადგინეს.

სწორედ მის მიერ მიწოდებული მონაცემების მიხედვით განხორციელდა დამატებით დარიცხული თანხების დარიცხვა. შემოწმება შეეხო 01.01.2022 წლიდან 01.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდს, ანუ 45 თვის ----- და ----- ბანკების საბანკო ამონაწერების დამუშავება და შემოსავლის ნაწილში კონკრეტული გადმომრიცხავის იდენტიფიცირება საჭიროებდა დიდ დროს და რესურს. დიდი სამუშაოდან გამომდინარე, სრულყოფილად ვერ განახორციელდა გაუშიფრავი შემოსავლის გამიჯვნა სარესტორნე და პირადი შემოსავლისგან.

შემოწმების დასრულების შემდგომ, ხელახლა იქნა დამუშავებული პირადი საბანკო ამონაწერები და დამატებით იდენტიფიცირებული იქნა ოჯახთან დაკავშირებული 52 პირი, რომლების მიერ 2022 - 2025 წლებში მართლაც პირადი მიზნებისთვის ჩარიცხული ჰქონდათ ჩემს საბანკო ანგარიშებზე თანხა სულ 32 385 ლარი (სიას წარმოადგენს დანართის სახით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გულდასმით იქნას განხილული და არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ დამატებით წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინება და დამატებით დარიცხული თანხების შემცირება. ასევე, სსკ-ის 269-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული, განთავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

მომჩივნის განმარტებით, შემოწმების დაწყების მომენტიდან, საგადასახადო ორგანოს სრულყოფილად მიაწოდა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, პირად საბანკო ანგარიშებზე შემოსული ყველა თანხა გაშიფრა შესაბამისი კომენტარებით, ასევე ისეთი პირადი შემოსავლები, რომლის გადმომრიცხავის იდენტიფიცირება და მასთან პირადი კავშირი შემოწმების ეტაპზე ვერ აღადგინა. ამასთან, მის მიერ შემოწმების დასრულების შემდგომ, ხელახლა იქნა დამუშავებული პირადი საბანკო ამონაწერები და დამატებით იდენტიფიცირებულ იქნა ოჯახთან დაკავშირებული 52 პირი, რომლების მიერ 2022 - 2025 წლებში მართლაც პირადი მიზნებისთვის ჩარიცხული ჰქონდათ ჩემს საბანკო ანგარიშებზე თანხა სულ 32 385 ლარი.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, პირადი სახის ჩარიცხვები შემოწმების მიერ სრულად იქნა დაიდენტიფიცირებული და აღნიშნული არ არის ჩართული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტებს/მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია სწორად, არ არსებობს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

ფაქტების აღწერა:

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის N 002-230 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 49 703,92 ლარი და დაეკისრა საურავი - 38 293,26 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა ი/მ კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, რის შედეგადაც გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 160; 282(1); 269(7);.