ბრძანება N 11779

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2023
№ დოკუმენტი 11779
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11779

30.05.2023

სს „------------“ (ს/ნ -----------)

(მის: -------------------)

2023 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა

სს „------------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 25 იანვრის №12828/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №081-294 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვას და გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. მიიჩნევს რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნა საქმის ირგვლივ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე. აცხადებს, რომ უცნობია რა არგუმენტაციაზე, მეთოდოლოგიასა და საფუძვლებზე დაყრდნობით განისაზღვრა ფიზიკური პირების რეზიდენტობა და რა პრინციპით იანგარიშა შემმოწმებელმა საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე, სრულად იქნა უგულებელყოფილი ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობა. აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მტკიცებულებების მოძიება, რომელთაც წარმოადგენს დავის მიმდინარეობს პროცესში. ასევე, მიუთითებს, ის ფაქტი, რომ პირები იბეგრებოდნენ 20%-იანი განაკვეთით, ცნობილი გახდა საგადასახადო შემოწმების შედეგებით, აღნიშნული ვერ იქნება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი, ვინაიდან შეცდომით განხორციელდა პირების 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის N18281 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „-----------ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა 2021 წლის 22 თებერვლის N4446 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32675 ბრძანება და ამავე თარიღის №081-294 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 154 770 ლარი, მათ შორის გადასახადი 95 511 ლარი, ჯარიმა 26 793 ლარი და საურავი 32 466 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

სს „------------“ (ს/ნ---------) შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს მომსახურება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან, რომლებსაც განიხილავს არარეზიდენტ პირებად და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას ბეგრავს საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით.

შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საბუღალტრო პროგრამის მონაცემები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში სს „------------“ (ს/ნ ----------) უწევენ სამშენებლო/სამონტაჟო მომსახურებას და შესრულებული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან მათზე გაცემულია დროებითი ცხოვრების ნებართვები და მინიჭებული აქვთ პირადი ნომრები. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთები და დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიზე მათი ყოფნის პერიოდი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აღემატება 183 დღეს. ამასთან, გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში იგივე ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებას ბეგრავს 20%-იანი განაკვეთით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებისას აღნიშნული პირების მიერ გაწეული მომსახურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად განხილულ იქნა საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

2. საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მიუხედავად ამ ყოფნის ხანგრძლივობისა.

8. რეზიდენტის ან არარეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო პერიოდისათვის. ამასთანავე, ის დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად, არ გაითვალისწინება მომდევნო საგადასახადო პერიოდში რეზიდენტობის დადგენისას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს მომსახურება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან, რომლებსაც განიხილავს არარეზიდენტ პირებად და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას ბეგრავს საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული პირები ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათზე გაცემულია დროებითი ცხოვრების ნებართვები და მინიჭებული აქვთ პირადი ნომრები. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთები და დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აღემატება 183 დღეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება განხილულ იქნა საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის გათვალისწინებით, მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებად განხილვა და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა კანონშესაბამისია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს „-----------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებად განხილვას და გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს მომსახურება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული ფიზიკური პირებისგან, რომლებსაც განიხილავს არარეზიდენტ პირებად და მათ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას ბეგრავს საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული პირები ხანგრძლივი დროით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათზე გაცემულია დროებითი ცხოვრების ნებართვები და მინიჭებული აქვთ პირადი ნომრები. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთები და დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აღემატება 183 დღეს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება განხილულ იქნა საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურებად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9ბ).34;100(1);101(1ა);154(1დ);81;43(4)