ბრძანება N 8209
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8209
07 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: -----)
2026 წლის 17 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი N 27) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 43450/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის პირველი მარტის N EL309480 და N EL309482 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ცვლის ოპერატორი სამართალდარღვევის გამომწვევ მიზეზად ასახელებს „ინტერნეტის შეწყვეტას“, რამაც შეიყვანა შეცდომაში. ფაქტის გამოვლენის შემდგომ კი ტვირთის სტატუსი მყისიერად იქნა შეცვლილი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის პირველ მარტს დაახლოებით 07:10 საათზე ----- საზღვაო ნავსადგურში შევიდა პლასტმასით დატვირთული ორი კონტეინერი (N -----; N -----), რომლებსაც სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 222) მინიჭებული ჰქონდათ სტატუსი „რეგისტრირებულია“. დადგინდა, რომ აღნიშნული კონტეინერები გამოვიდნენ შპს „-----“ საბაჟო საწყობიდან და საწყობიდან გამოსვლისას არ ჰქონდათ მინიჭებული სტატუსი „გაშვებულია“.
N ----- კონტეინერს სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 222) სტატუსი „გაშვებულია“ მიენიჭა 2026 წლის პირველ მარტს 07:29 საათზე, ხოლო N ----- კონტეინერს – 2026 წლის პირველ მარტს 07:30 საათზე, მას შემდეგ რაც კონტეინერები შეყვანილ იქნა ----- საზღვაო ნავსადგურში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მოქმედი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შპს „-----“ საბაჟო საწყობიდან ----- საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით N ----- და N ----- კონტეინერების გადაადგილება განხორციელდა საბაჟო კონტროლისა და აღრიცხვისთვის აუცილებელი და სავალდებულო საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე, შესაბამისად, შპს „-----“ საბაჟო საწყობის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევას.
ვინაიდან შპს „-----“ (ს/ნ -----) იგივე სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმებულია 2026 წლის 6 თებერვალს (N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი), საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევის ფაქტებზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის პირველ მარტს შედგენილ იქნა N EL309480 და N EL309482 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 6 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) მე-3 მუხლის მე-17 პუნქტის მიხედვით, ----- საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“/„-----“ საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.
ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.
ამავე პუნქტით არის განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები: აღრიცხვის მოწმობის გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა ----- საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ----- საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული “ საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
. დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;
. ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის მიხედვით, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას. მე-9 ნაწილი კი მიუთითებს, რომ საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით მრავალჯერ აქვს გადაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე კანონმდებლობით დადგენილი ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163; 176(2);.