საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/2471-17

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.11.2022
№ დოკუმენტი N 3/2471-17
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №3/2471-17

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2022 წელი,თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო თალაკვაძე

 

მოსარჩელე – -------

წარმომადგენელი – -------

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ---------

 

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ---------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, N13059/2/16 საჩივარზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ნოემბერს, ---ის ფიზიკური პირების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია (საიდენტიფიკაციო ნომერი - 777777777), 2015 წლის საანგარიშო პერიოდზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილ იქნა საგადასახადო ორგანოში. მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების ნაწილში მითითებულია 4 უძრავი ქონება, შემდეგი ფართობებით (ჰა; კვ.მ): 59; 80.4001; 314.7001; 78.1. ქონების გადასახადი ლარებში დაანგარიშებულია ჯამში 46301.42 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია საიდენტიფიკაციო ნომერი 777777777 (ტ.II, ს.ფ. 103-106).

 

4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 ნოემბრის N 049–17550 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ----ს 2015 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით, მიწაზე ქონების გადასახადის სახით დაერიცხა ძირითადი თანხა - 46301.42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 ნოემბრის N 049-17550 საგადასახადო მოთხოვნა (ტ.II, ს.ფ. 102).

 

4.3. 2015 წლის 25 ნოემბრის N 049-17550 საგადასახადო მოთხოვნა ---ს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც მხარე არ გასცნობია.

მითითებული საგადასახადო მოთხოვნა, 2016 წლის 26 ივნისს ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა ---თან, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2016 წლის 29 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.08.2016 წლის N 103103-21-05 წერილი (ტ.II, ს.ფ. 94),- ელექტრონული ბაზის მონაცემი (ტ.II, ს.ფ. 97);

-07.07.2016 წლის N 85545-21-05 წერილი (ტ.II, ს.ფ.110);

- საქართველოს ფოსტის წერილი (ტ.II, ფ.107).

 

4.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტის თანახმად, ---ს, 02.01. 2016 წლიდან 31.05.2016 წლამდე პერიოდში, ერიცხებოდა საგადასახადო დავალება ძირითადი გადასახადის სახით - 46301 ლარი და საურავის სახით - 4329.15 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი (ტ.I, ს.ფ.183).

 

4.5. საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის განხორციელების მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის N049-73 ბრძანებით, ყადაღა დაედო ----ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას.

აღნიშნული ბრძანება ---ს დედას - ----ს ჩაბარდა ხელზე, 2016 წლის 24 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 22 მარტის N 049-73 ბრძანება (ტ.I, ს.ფ.181).

 

4.6. 2016 წლის 22 მარტს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N1 აქტი, რომლითაც აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა ---ის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთები, მდებარე: --- რაიონი, სოფელი ---, ---, საკადასტრო კოდებით - N---.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N1 აქტი ---ის დედას ---ს ჩაბარდა ხელზე, 2016 წლის 24 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 მარტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N1 აქტი (ტ.I, ს.ფ.185).

 

4.7. 2016 წლის 10 მაისს, ---მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, მიწაზე ქონების გადასახადში განხორციელებული დარიცხვას და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2016 წლის 22 მარტის N 049-73 ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N17096 ბრძანებით ---ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მომსახურების დეპარტამენტს დაევალა მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხული საურავის გადაანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა, მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები განეხორციელებინა მხოლოდ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N17096 ბრძანება (ტ.II, ს.ფ. 84- 86).

 

4.8. 2016 წლის 14 ივლისს, ---მა N133009/01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმათა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N 17096 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.07.2016 წლის N 133009/01 საჩივარი (ტ.II, ს.ფ. 137-145).

 

4.9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N 13059/2/16) ---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება (საჩივარი N13059/2/16 ) (ტ.II, ს.ფ. 73-81).

 

4.10. დადგენილია ასევე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, ---ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, მდებარე: ---ს რაიონი, სოფელი ---, ---, საკადასტრო კოდებით N---; N---; N---; N--- დანიშნულება განსაზღვრულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრის ელექტრონული პროგრამიდან -http://bs.napr.gov.ge

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ---ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებას. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ქონების გადასახადის გადამხდელია: ფიზიკური პირი:

გ.ა) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იანტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებზე;

გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;

გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის მე-203 მუხლი განსაზღვრავს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტთა სახეებს, კერძოდ მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ---ის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები მდებარე: ---ს რაიონი, სოფელი ---, ----, საკადასტრო კოდებით N---.

 

7.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საუძველია:

ა) საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ;

გ) საგადასახადო შემოწმების აქტი;

დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ;

ე) საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.

 

ამავე კოდექსის 205-ე მუხლი შეეხება ქონების გამოანგარიშებისა და გადახდის წესს, რომლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.

ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არ წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;

ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებული (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

მე-131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო მოთხოვნა განმარტებულია, როგორც საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა;

ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

გ) ამ კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება.

 

დადგენილია, რომ ----ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საგადასახადო ორგანოში გადაგზავნილ იქნა ფიზიკური პირების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია (საიდენტიფიკაციო ნომერი - 777777777), 2015 წლის საანგარიშო პერიოდზე. ქონების გადასახადი ლარებში დაანგარიშდა 46301.42 ლარის ოდენობით. მიწაზე ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვაზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 ნოემბრის N 049–17550 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ---ს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც მხარე არ გასცნობია. მითითებული საგადასახადო მოთხოვნა, 2016 წლის 26 ივნისს ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა ---თან, რომელიც ჩაბარდა - ---ის დედას - 2016 წლის 29 ივნისს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტით დასტურდება, რომ ---ს, 02.01.2016 წლიდან 31.05.2016 წლამდე პერიოდში, ერიცხებოდა საგადასახადო დავალება ძირითადი გადასახადის სახით - 46301 ლარი და საურავის სახით - 4329.15 ლარი. საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2015 წელს ფიზიკური პირების ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვის გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის შედეგად.

 

7.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლი აწესრიგებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიების - ქონებაზე ყადაღის დადების წესსა და საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას,აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

 

ხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, ქონებაზე ყადაღის დადების უპირველესი წინაპირობაა აღიარებული საგადასახადო მოთხოვნა. ამ უკანასკნელის ლეგალურ დეფინიციას საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილი შეიცავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, აღიარებული საგადასახადო მოთხოვნა შესაძლოა წარმოიშვას შემდეგ შემთხვევებში:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული ქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

დადგენილია, რომ ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 22 მარტს ---ს მიმართ გამოცემულია „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N 049-73 ბრძანება (საგადასახადო დავალიანება ძირითადი გადასახადის სახით 46301 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 4329.15 ლარი). აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ N 1 აქტი, რომლის მიხედვითაც აღწერას და დაყადაღებას დაექვემდებარა ---ს საკუთრებაში არსებული ქონება.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარი შეეხება საგადასახადო დავას, რომელიც აწესრიგებს საგადასახადო დავის წარმოების და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავის განმხილველი ორგანო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი შეეხება საგადასახადო დავის დაწყების საფუძვლებს, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

 

მითითებული კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. ამავე კოდექსის 304-ე მუხლის თანახმად კი, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია:

ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;

ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;

გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;

დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი;

ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებში მითითებული შინაარსების გაერთიანებით.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 10 მაისს, --- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2016 წლის 22 მარტის N 049-73 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N 17096 ბრძანებით ---ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მომსახურების დეპარტამენტს დაევალა მიწაზე ქონების გადასახადში დარიცხული საურავის გადაანგარიშება და კორექტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით; ადმინისტრაციულ დეპარტამენტს დაევალა, მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები განეხორციელებინა მხოლოდ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ფარგლებში.

 

დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 14 ივლისს, ---მა N 133009/01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმათა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N 17096 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N 13059/2/16) ---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, საკითხი განხილულ იქნა დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 თებერვლის სხდომაზე, სადაც განმცხადებელმა ასევე განაცხადა, რომ წარადგენდა დოკუმენტაციას სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით. 2017 წლის 6 მარტს, ---მა წარადგინა 2007– 2008 წლების დოკუმენტაცია, კერძოდ მიმოწერა შემოსავლების სამსახურს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და სსიპ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის, რომელიც შეეხებოდა ასათვისებელი მიწის კატეგორიის განსაზღვრის საკითხს. ასევე წარდგენილ იქნა სსიპ ვაზის და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტის“ მიერ საფერავის ჯიშის ვენახის ჩანაცვლების კომპენსაციის გაცემის თაობაზე მოქალაქესთან გაფორმებული ხელშეკრულება. საბჭომ მიიჩნია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია გავლენას ვერ მოახდენდა დარიცხული თანხების კორექტირებაზე, ვინაიდან გადამხდელის საკუთრებაში ირიცხება სახნავი კატეგორიის მიწა, ხოლო ახალასათვისებელი მიწის კატეგორიის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი ---ს არ წარუდგენია. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული კორექტირების გათვალისწინებით, სადავო დარიცხვის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ, განხორციელებული კორექტირების გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმებაზე უარის თქმა, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის მონაცემებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ---ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების, მდებარე: ---ს რაიონი, სოფელი ---, ---, საკადასტრო კოდებით N ---, დანიშნულება განსაზღვრულია, როგორც სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა. შესაბამისად, აღნიშნულ ქონებაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დეკლარაცია წარმოადგენდა უკვე აღიარებულ საგადასახადო მოთხოვნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად (დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია). ამდენად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის განმარტებას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული კორექტირების გათვალისწინებით, სადავო დარიცხვის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც მის მიმართ განსხვავებული შედეგის დადგომის საფუძველი გახდებოდა.

 

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ---ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადაიხდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით, გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ---ის სარჩელი არ დაკაყოფილდეს;

2. მოსარჩელე ---ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N 7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N 64) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნათია ბუსკაძე