გადაწყვეტილება №18783/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18783/2/2023
7.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- -------ი (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- -----ის 3.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18783/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის ID11937198 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1561 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს -------------------------ამ (ს/ნ --------------) განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, ამასთან განმცხადებლმა წარადგინა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პირობითი გრაფიკი დასარიცხი საურავის ჩათვლით და თავდების, შპს ------------------------ის (ს/ნ --------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (№----------) მიმართ შპს -------ის და შეფასების სახლის 2020 წლის 16 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 281 455 ლარს).
„აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 7 აპრილის №006-2020-2790 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ------ -------ას (ს/ნ -------------) 2020 წლის 17 მარტის განცხადება და 2020 წლის 7 აპრილის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების, 179 835.19 ლარის, გადახდევინება გადავადდა 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.
ამავე ბრძანების მე-4 ნაწილის თანახმად, დაევალა საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს მარეგისტრირებელ ორგანოში თავდების ქონებაზე საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 239-ე, 249-ე მუხლების და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 7 აპრილის №006-2020-2790 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის №-------------საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
ანალიტიკურ დეპარტამენტსა და შპს ----- ---------ას (ს/ნ ---------) შორის გაფორმებული 2020 წლის 7 აპრილის №2020-1323 და 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ანალიტიკური დეპარტამენტის 7.08.2020 წლის №006-2020-7419 და 23.09.2020 წლის №06-2020-8968 ბრძანებებით, გაუქმდა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 7 აპრილის №006- 2020-2790 და 2020 წლის 25 აგვისტოს №006-2020-8009 ბრძანებები და 2020 წლის 7 აპრილის №2020-1323 და 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110 ხელშეკრულებები.
მომჩივანმა 2022 წლის 6 დეკემბერს №221758/21 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების თაობაზე, რაზეც ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №21-17/113121 წერილით განემარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების საფუძველზე, თავდებობის შესახებ №2020-1323.1, 7.04.2020 და შემდეგ №2020-4110, 25.08.2020 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულებებით შპს ---- -------ს (ს/ნ ------------) ნაკისრი აქვს ვალდებულება გადაიხადოს შპს ----- -------ას (ს/ნ ------------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ან/და საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შპს --------- ---------ზე (ს/ნ ----------) რიცხული საგადასახადო დავალიანების გაუქმების/დაფარვის შემთხვევაში“.
იმავე მოთხოვნით მომჩივანმა განმეორებით წარადგინა ელექტრონული განცხადება, რაზეც გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის ID ---------- პასუხი.
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ივლისის №1166 განკარგულების საფუძველზე, შპს ---- -------ას (ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის, გაფორმდა 2021 წლის 17 აგვისტოს Nა/490-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 126 151.71 ლარით. საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
შპს ---- ---------ას (ს/ნ -------------) მიერ საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 თებერვლის №2867 ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა შპს ---- -------ას და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული საგადასახადო აქტი და გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10% სულ 12,615.17 ლარი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 16 აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ № -------------------- მესაკუთრე არის შპს ---- ---------ი (ს/ნ -------------) (2020 წლიდან ახალი სახელწოდებით შპს ---- ---------ს (ს/ნ -------------)) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 30 აგვისტო. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 30.08.2019 წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ამავე ამონაწერის თანახმად №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფიქსირდება შპს -------- ---------ის (ს/ნ -----------------) (2020 წლამდე სახელწოდებით შპს ---- ---------ი (ს/ნ -------------)) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №---------------- ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება შპს ---- ---------ი (ს/ნ -------------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 25 ოქტომბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შეთანხმება ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, დამოწმების თარიღი: 22.10.2021 წელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის ID------------ გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.02.2023 წლის №1561 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 249-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 265-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 7 აპრილს შპს ---- ---------ას (ს/ნ -------------) დაუმტკიცდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (ID:----------- გადაწყვეტილება).
ამავდროულად, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს ------ ---------ს შორის გაფორმებულ იქნა №2020-1323.1 ხელშეკრულება თავდებობის შესახებ, რომლითაც თავდებმა, შპს -------- -------მა იკისრა შპს ---- ---------ას საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე, დადგენილ ვადაში, არ გადაიხდიდა დაკისრებულ თანხას/სანქციას.
თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 215 333.27 ლარით. შპს ---- ---------ამ დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმება, თუმცა 2020 წლის 25 აგვისტოს ID:---------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მას მეორედ გაუფორმდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე შეთანხმება. ამ უკანასკნელის ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოამზადა ახალი თავდებობის ხელშეკრულება, 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110.1 შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს, არა შპს ------ -------ის, არამედ შპს ---- --------ას წარმომადგენელი ---- --------ი. საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის პირველი სექტემბრის მინდობილობითაც დგინდება, რომ ------ ---------ს მხოლოდ შპს ---- ------ას სახელით მოქმედების უფლება ჰქონდა მინიჭებული. მოგვიანებით, შპს ------ ----------ამ აღნიშნული შეთანხმებაც დაარღვია. თუმცა 2021 წლის 17 აგვისტოს შპს --- ---------ას და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ივლისის №1166 განკარგულების საფუძველზე, გაფორმებულ იქნა საგადასახადო შეთანხმება №ა/490-21, რომლითაც დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 126 151.71 ლარით. თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დაეკისრებოდა არამხოლოდ სრული დავალიანების დაფარვა, არამედ საკმაოდ სოლიდური სანქცია. რაც შეეხება შპს ----- ------ის ნებას, მოცემული ხელშეკრულების გაფორმებისას, ისევე როგორც წინამორბედი 2020 წლის 25 აგვისტოს თვის თავდებობის შეთანხმების შემთხვევაში, არ ყოფილა გამოხატული. ამდენად, შპს ----- -----ის თანხმობა, შპს -- --------ას დავალიანების გადახდის თაობაზე, გამოხატული იქნა მხოლოდ 2020 წლის 7 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროს. ამ მომენტიდან გასულია თითქმის სამი წელი და ამ სამი წლის განმავლობაში შპს ----ს -----ის ინფორმირება და მისი პოზიციის დაფიქსირება, შპს ---- -----ას საქმიანობის, დავალიანების ოდენობის, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და პირობების, სანქციების, საურავების და სხვათა თაობაზე, არავის მოუხდენია. 2022 წლის 27 დეკემბერს შპს ---- -----იმ მიმართა შემოსავლების სამსახურს ID:--------განცხადებით და მოითხოვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის მოხსნა №------------ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ 2022 წლის 28 დეკემბრის ID:---------- გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ყოველგვარი განმარტების გარეშე. აღნიშნული აქტი წარმოდგენილია ზუსტად სამი სიტყვით, დასაბუთებაზე საუბარიც ზედმეტია.
მომჩივანმა, 2022 წლის 29 დეკემბერს №77702/1/2022 საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ID:--------- გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება შპს ------ს ----------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის პირველი თებერვლის №1561 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა 2022 წლის 29 დეკემბრის №77702/1/2022 საჩივარი და ძალაში დარჩა სადავო აქტი. შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ თავდები სოლიდარულად არის პასუხისმგებელი მოვალის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან მიმართებით და შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, დატოვოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკაში №------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და გაატაროს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 დეკემბრის ID:----------- გადაწყვეტილება, ისევე როგორც ამავე სამსახურის 2023 წლის პირველი თებერვლის №1561 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე კოდექსის 239–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
შპს ------ ------ი მოცემულ შემთხვევაში და მოცემულ დავალიანებასთან მიმართებით გადასახადის გადამხდელი არ არის, გამოდის, რომ შემოსავლების სამსახურის პოზიციით, იგი ვალდებული პირია და ეს ვალდებულება მომდინარეობს თავდებობის ხელშეკრულებიდან. როგორც უკვე აღინიშნა, თავდებობის ხელშეკრულება შპს ----- ------სა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2020 წლის 7 აპრილს, შპს ---- -------სა და ამავე სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
აღნიშნული შეთანხმება დაირღვა კომპანიის მიერ, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა კვლავ გააფორმა შპს ---- ------სთან დავალიანების გადავადების თაობაზე ხელშეკრულება, ასევე გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებაც. 2020 წლის 7 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება გაუქმდა სწორედ ახალი 2020 წლის 25 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულებით, რომლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება შპს ---- -----ს აღარ უკისრია, მისი ნება ამ შეთანხმების გაფორმების დროს არ გამოხატულა. ამასთან, ეს ნება აუცილებელი იყო, რათა შპს ---- -----ი თავდებად მიჩნეულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახური არ მოამზადებდა თავდებობის თაობაზე შეთანხმებას და არც ------ -------ს წარუდგენდა ხელმოსაწერად, რომელიც შპს ---- -----------ას წარმომადგენელი იყო და არა შპს ----- ------ის. ამდენად, ერთხელ ნების გამოხატვა თავდებობაზე, რომ სამუდამო თანხმობას არ ნიშნავს, ეს შემოსავლების სამსახურისთვის ცნობილია და სადავო არ არის. სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ შპს ----- ------ის თანხმობა განმეორებითაც მოეპოვებინა, როდესაც ახალ, 2020 წლის 25 აგვისტოს ხელშკრულებას აფორმებდა. სამსახურმა ვერ გაითვალისწინა მხოლოდ ის, რომ შპს ---- ------ას წარმომადგენლის თანხმობა შპს --- -----ის თანხმობას არ ნიშნავს და 2020 წლის 25 აგვისტოს თავდებობის ხელშეკრულება ფაქტობრივად, ხელმოუწერელია. 2020 წლის 7 აპრილს თუ პირი თანახმა იყო, სხვის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა და ამ მიზნით უძრავი ქონებაც დაატვირთინა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს თვის თავდებობის ხელშეკრულებისა და 2021 წლის 17 აგვისტოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა და უპირობოდ იწონებს ამ შეთანხმებების დეტალებს. თუ ადმინისტრაციული ორგანო, გაუქმებული თავდებობის ხელშკრულების მიუხედავად, მაინც თავდებად მიიჩნევდა შპს ---- -----ს, 2021 წლის 17 აგვისტოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისას, მისი პოზიციით მაინც უნდა დაინტერესებულიყო. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა უზრუნველეყო ე.წ. „თავდების“ ინფორმირება იმის თაობაზე, რომ შპს --- ------ამ თითქმის ნახევარი მილიონის გადახდა იკისრა, თუკი დავალიანებას 2022 წლის 31 დეკემბრამდე ვერ დაფარავდა. მარტივად, რომ განვმარტოთ, საგადასახადო ორგანომ არც კი ჩააყენა საქმის კურსში იურიდიული პირი, რომელსაც სოლიდარულად თითქმის ნახევარი მილიონი უნდა გადაეხადა, თუკი შპს --- ----ა 4 თვეში ვერ დაფარავდა 126 151 ლარს. თუკი მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, შპს --- ------ი მაინც თავდები იყო (რაც რა თქმა უნდა, ასე არ ყოფილა), შესაძლოა მას მზადყოფნაც კი გამოეხატა მითითებული თანხის დასაფარად 2021 წლის ბოლომდე, რათა შემდგომ არ წარმოშობოდა სამჯერ მეტი თანხის გადახდის ვალდებულება, როგორც თავდებს. მისთვის, არც შეუთავაზებიათ ამ თანხის გადახდა, შესაბამისად, თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, შპს --------------ი არ წარმოადგენს სხვა პირის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს №------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში,პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.
საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მომჩივნის განმარტებით შპს ---- ------სა და ვალის მართვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110 აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე ხელშეკრულებითა და 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110.1 თავდებობის ხელშეკრულებით ავტომატურად გაუქმდა შპს ----- ------ის მიერ 2020 წლის 7 აპრილის №2020-1323.1 თავდებობის ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო რაც შეეხება 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110.1 თავდებობის ხელშეკრულებას, მასზე შპს ---- -------ს ნება აღარ გამოუხატავს. კერძოდ, ზემოაღნიშნულ თავდებობის ხელშეკრულებაზე არსებობს ------- -------------ის ხელმოწერა, რომელიც არათუ შპს ---- -------ის, არამედ შპს ------ --------ას წარმომადგენელი იყო.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულია 1.09.2020 წლით დათარიღებული მინდობილობა, რომელიც გაცემულია შპს ---- --------------ის მიერ --------- -----------ზე (პ/ნ ------------). აღნიშნული მინდობილობით შპს ------ --------ი უფლებამოსილებას ანიჭებს --------- -----------ს (პ/ნ ------------), მასზედ, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში შპს ----- ------ის სახელით მიიღოს ან ჩაიბაროს საბუთები, მის მაგივრად მოაწეროს ხელი საბუთზე და განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე და ორგანიზაციის სახელით.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110.1 თავდებობის ხელშეკრულებაზე 2.09.2020 წელს დაფიქსირებულია --------- -----------ს (პ/ნ ------------) ხელმოწერა. ამასთან, --------- -----------ს (პ/ნ ------------) მიერ აღნიშნული ხელშკრულების ჩაბარება მოხდა 2.09.2020 წელს (ხელშკრულებაზე დაფიქსირებულია შემდეგი ტექსტი „ჩავიბარე 2.09. 2020 წ“).
მომჩივნის არგუმენტი, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110.1 თავდებობის ხელშეკრულებაზე შპს ----- ------ის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა არ ფიქსირდება, ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან აღნიშნულ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირზე --------- -----------ი (პ/ნ ------------) 1.09.2020 წელს გაცემულია შესაბამისი მინდობილობა, ხოლო მისივე ხელმოწერა განხორციელებულია 2.09.2020 წელს.
ამგვარად, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი (--------- -----------ს (პ/ნ ------------), ხელმოწერის მომენტში იყო უფლებამოსილი პირი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.