გადაწყვეტილება №25435/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25435/2/2025
11 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 17.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 9.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25435/2/2025).
დავის საგანი:
1. ბუღალტრულად საქონლის ნაშთებში აღრიცხული და გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტებით განადგურებულად მიჩნეული საქონელის რეალიზებულად განხილვა;
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისას დღგ-ის ნაწილში გამოყენებული შეღავათის გაუქმება და დღგ-ის დარიცხვა შესყიდვის აქტების დაუდასტურებლობის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №006-117 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2025 წლის №13852 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 221 715,11 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 111 780,07
დღგ - 81 743,91
საშემოსავლო გადასახადი - 29 620,3
ქონების გადასახადი - 415,86
ჯარიმა - 58 085,9
საურავი - 51 849,14
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 13.02.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №006-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2025 წლის №13852 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ბუღალტრულად საქონლის ნაშთებში აღრიცხული და გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით განადგურებულად მიჩნეული საქონელის რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სიმინდი, ამონიუმის გვარჯილა, საკვები დანამატები და სხვა) ნაშთი 176 166 ლარის ოდენობით (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე). აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მოცემული საქონელი ფაქტობრივად არ გააჩნია, ვინაიდან განადგურდა ძლიერი ნალექის გამო. გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა მომჩივნის დოკუმენტური ფასნამატი) და დაიბეგრა დღგ-ით. რეალიზაციად განხილული საქონლიდან მიღებული თანხა შემცირდა საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთით (108 771) ლარი, რომლის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 145-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სმფ-ების (სიმინდი, ამონიუმის გვარჯილა, საკვები დანამატები და სხვა) ნაშთი 176 166 ლარის ოდენობით (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე). აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მოცემული საქონელი ფაქტობრივად არ გააჩნია, ვინაიდან განადგურდა ძლიერი ნალექის გამო. გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოცემული სმფ-ების ნაშთი ჩაითვალა გადამხდელის მიერ რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი) და დღგ-ით. რეალიზაციად განხილული საქონლიდან მიღებული თანხა შემცირდა საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთით (108 771 ლარი), რომლის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტშივეა განმარტებული, რომ თვითღირებულება მარაგების არის დღგ-ის გარეშე. აქცენტი გადატანილია იმ ფაქტზე, რომ ჩამოწერა მოხდა თუ არა კანონიერად, თუმცა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები გათვალისწინებული არ არის. გაურკვეველია დღგ-ის დარიცხვა. ფასნამატები გავრცელდა იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც არ ჩაუთვალეს შესყიდვისათვის ვარგის დოკუმენტად. ისედაც დაზარალებულმა ფორსმაჟორში ვერ მიმართა საგადასახადო ორგანოს და ამ დროს უანგარიშებენ ფასნამატით რეალიზებულად, მითუმეტეს ეს ფასი გამოყვანილი იქნა იმ დოკუმენტებიდან, რომლებსაც არ აღიარებს საგადასახადო ორგანო. შესყიდვის აქტები უვარგის დოკუმენტად ჩათვალეს და ხარჯის დასტურად უარყვეს, თუმცა მარაგებში ამ დოკუმენტებით აიყვანეს მარცვლეული, მერე ფასნამატი გაიანგარიშეს, ასევე გაანგარიშდა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. გასაჩივრებული აქტების მიმღებმა პირებმა არ გაითვალისწინეს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა სადავო აქტების მიღებას, მაგალითად: შემოწმების აქტში ლოგიკური წინააღმდეგობაა. კერძოდ, ერთის მხრივ აუდიტორებმა დაადგინეს, რომ არასწორად ჩამოიწერა ის მარცვლეული, რომლის რეალიზაცია არ იბეგრებაო დღგ-ით, თუმცა მეორე მხრივ, სწორედ ასეთ დღგ-ისგან გათავისუფლებულ პროდუქტზე არიცხავენ დღგ-ს. ამდენად, წინააღმდეგობაა ე.წ. თავსართსა და დასკვნას შორის, არაა გონივრული მიზეზშედეგობრივი მსჯელობა სახეზე, არაა დასაბუთება თუ რატომ განაპირობა შესაძლო ფაქტმა მკაცრი სანქციის ტოლფასი ნორმების გამოყენება და დღგ-ით დაბეგვრა. არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი, არასწორად არ ჩათვალეს შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხები ხარჯში, როგორც უკიდურესი ზომა არ იქნა გათვალისწინებული სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, არასწორად იქნა მოთხოვნილი ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც აშკარად ცდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს შემზღუდველ სზაკ-ის 81-ე მუხლის დანაწესს და ეს ყოველივე იმ ფონზე, რომ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 176 166 ლარის ოდენობით (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე). გადასახადის გადამხდელის განმარტებით საქონელი ფაქტობრივად არ გააჩნია, ვინაიდან განადგურდა ძლიერი ნალექის გამო. გადასახადის გადამხდელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების განადგურების თაობაზე საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და ასევე, მომჩივანს არ მიუმართავს საგადასახადო ორგანოსთვის, რათა მიეღო შესაბამისი დადასტურება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის განმარტებით განადგურებულად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისას დღგ-ის ნაწილში გამოყენებული შეღავათის გაუქმება და დღგ-ის დარიცხვა შესყიდვის აქტების დაუდასტურებლობის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია 750 818 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონელის უდიდესი ნაწილი საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შეძენილია სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან, რომლებზეც შედგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნოტარიულად დადასტურება, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილია ნაწილ ფიზიკურ პირებზე, ხოლო ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა ახსნაგანმარტება, რომ მათ არანაირი საქონელი არ მიუწოდებია შპს --- თვის (ს/ნ ---).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია არ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 72-ე, 158-ე, 159-ე, 172-ე და 43- ე მუხლებზე.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია 750 818 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონლის უდიდესი ნაწილი საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შეძენილია სხვადასხვა ფიზიკური პირებიდან, რომლებზეც შედგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნოტარიულად დადასტურება, თუმცა გადამხდელმა წარმოადგინა ნაწილ ფიზიკურ პირებზე აღნიშნული დოკუმენტაცია. ხოლო ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა ახსნაგანმარტება, რომ მათ არანაირი საქონელი არ მიუწოდებიათ შპს ---თვის. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია არ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაიბეგრა დღგ-ით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებისას შესყიდვის ფასი/ხარჯი სადავო არ გამხდარა და არ დაკორექტირებულა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლის, სიმინდის, ქერის, ქატოს და სხვა საქონლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. სადავო აქტების დასაბუთება არსებითად ეყრდნობა აუდიტორთა მხოლოდ ბუნდოვან და წინააღმდეგობრივ განმარტებებს, რომ თითქოს ერთი მხრივ, ვერ დაადასტურა შესყიდვის აქტების სიზუსტე, თუმცა მეორეს მხრივ, ამავე აქტებს ჯერ ამატებს ფასნამატს და ამავე აქტებზე დაყრდნობით აქვს დადგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგები. აუდიტორებმა კომპანიას დაარიცხეს დღგ, მაშინ როცა პროდუქციის რეალიზაცია არ იყო დღგით დასაბეგრი ოპერაცია. სადავო დოკუმენტებში მითითებულია საკანონმდებლო ნორმებზე თუ როგორ უნდა იყოს გამოთვლილი დასარიცხი ოდენობა, თუმცა საკანონმდებლო ნორმების გამოყენების ფაქტობრივ წინაპირობებზე არსებითად არაა საუბარი. აქტებში არ ჩანს, რომ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელებმა ყოველმხრივ, სრულყოფილად და გულმოდგინედ შეისწავლეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კომპანიის საქმიანობა. არ იქნა გათვალისწინებული კანონიერად შედგენილი შესყიდვის აქტები. კანონი არ ითხოვდა ნოტარიულ ფორმას და წერილობითი წარდგენილი იყო. მიუხედავად ამისა წარდგენილი იქნა ძირითადი მომწოდებლების ხელმოწერები. იმ შემთხვევაში თუ შესყიდული იქნებოდა მაგალითად 1 000 კაცისგან, მათ ნოტარიულ ხელმოწერას როგორ წარმოადგენდა? შეუძლებელი და ზედმეტი ტვირთი დააკისრა საგადასახადო ორგანომ. ბაზარზე ან/და სოფელში, სადღაც ველში სიმინდის შეძენისას იქვე ნოტარიუსი სად უნდა იპოვო და მითუმეტეს როცა ეს ადგილი შეიძლება იყოს სხვადასხვა რაიონში ან სოფელში. რომ გარდაცვლილიყო ერთ-ერთი პირი როგორ უნდა გადაწყვეტილიყო დავა?!
საგადასახადო ორგანომ მოითხოვა ის, რაც კანონით არ უნდა მოეთხოვა, წარდგენილი კანონიერი შესყიდვის აქტები უსაფუძვლოდ დაიწუნა, ხოლო შემდეგ მოითხოვა ნოტარიული დადასტურება. ისე გამოვიდა, რომ ხარჯი არ გაუღია ისე შეიძინა (თითქოს) მარცვლეული და „უდოკუმენტოდ“ შეძენილი მარაგში ჩაუთვალა. რომც დაეშვა შესყიდვის აქტების არქონა, მაშინ რატომ არ იქნა გამოყენებული მანუალი?! სიტუაციური სახელმძღვანელო №0256. გაურკვეველია, რატომ არ გავრცელდა დღგ-ისგან გათავისუფლების შეღავათი, მაშინ როცა მსგავსი პროდუქციის რეალიზაცია ითვლება დღგ-ისგან თავისუფალი. დღგ თუ არ ჩაუთვლია, დაბეგვრა არალოგიკურია, აუდიტორები თვითონვე აღნიშნავენ, რომ პროდუქციის შესყიდვისას არ ჩაუთვლია დღგ. დოკუმენტის არქონა რომც დაეშვა რა, ქართული სიმინდი უცხოურად იქცა?! ჯერ იყიდა, შესყიდვის აქტებზე დაუწესეს კანონშეუსაბამო მოთხოვნა, მერე კიდევ დღგ-ით დაუბეგრეს იმ პროდუქტის რეალიზაცია, რომელზეც კანონით ვრცელდება შეღავათი. თუ თვლი რეალიზაციას, მაშინ გამოიყენე კანონის დათქმა, ამ პროდუქტის რეალიზაციისას გამოსაყენებელ შეღავათზე.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
დავა შეეხება სწორედაც, რომ საქართველოში წარმოებულ მარცვლეულს, რომელთა შესყიდვა ხდებოდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებისაგან. კომპანიას დაარიცხეს დღგ, მაშინ როცა პროდუქციის რეალიზაცია არ იყო დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია. გაურკვეველია რატომ არ გავრცელდა დღგ-ისგან გათავისუფლების შეღავათი და რატომ დაარიცხეს დღგ, მაშინ როცა მსგავსი პროდუქციის რეალიზაცია ითვლება დღგ-ისგან გათავისუფლებულად. დღგ თუ არ ჩაუთვლია და დაბეგვრა არალოგიკურია, აუდიტორები თვითონვე აღნიშნავენ, რომ პროდუქციის შესყიდვისას დღგ არ ჩაუთვლია, არადა დღგ-ის ჩათვლას აქცევენ ყურადღებას, როცა მარაგები დაუბეგრეს დღგ-ით, მაგრამ აქ ხომ დღგ ჩათვლილი არ იყო?! მარაგებიდან გამომდინარე დარიცხულია დღგ 34 666 ლარი. სულ კომპანიის დაარსებიდან (26.06.2020 წლიდან) დღემდე მხოლოდ მარცვლეულით ჩაითვალა 52 096 ლარის დღგ. მარცვლეულის გაყიდვით გადახდილი აქვს 23 093 ლარის დღგ. დღგ-ისგან გათავისუფლებული მარცვლეული, წარმოდგენილი შესყიდვის აქტებით, შეძენილია 460 793 ლარის. კომპანიას მარაგებიდან გამომდინარე დაეკისრა დღგ იმიტომ, რომ ის მარცვლეული არ იყო გათავისუფლებული და თანაც დღგ ჩათვლილი ჰქონდა, თუმცა 460 793 ლარის შესყიდვებზე კი დღგ არ ჩაუთვლია, თანაც ადგილობრივ ფერმერებიდან შეიძინა.
შესაბამისად, გაუგებარია დღგ-ის დარიცხვა იმ პროდუქციის რეალიზაციაზე, რომლის შესყიდვისას არ ჩაუთვლია დღგ და მითუმეტეს, ისეთ პროდუქციაზე, რომელიც გაათავისუფლა დღგ-ისგან კანონმდებელმა. სულ რომ დოკუმენტის არქონა დაეშვა რა, ქართული სიმინდი უცხოურად იქცა?! რა დღგ-ით დასაბეგრი გახდა?! შესყიდვის აქტმა ხარჯი აჩვენა, თორემ აქტმა კი არ აქცია მარცვლეული არა ქართულად. შესყიდვის აქტის მიუხედავათ მარცვლეული ქართულია და გადასახადისგან თავისუფალი. კანონმდებელი არ საუბრობს დღგ-ისგან თავისუფლდება შესყიდვის აქტით (მითუმეტეს ნოტარიულით) შესყიდული ქართული მარცვლეულიო, იგი საუბრობს საქართველოში წარმოებულობაზე მხოლოდ.
აუდიტორებმა მოსთხოვეს ნოტარიულად დადასტურება იგივე პირების ხელმოწერისა, ვისგანაც შეიძინა მარცვლეული და რომლებიც ხელს აწერდნენ შესყიდვის აქტებს. მხოლოდ ის შესყიდვის აქტები ჩათვალეს ნამდვილად, რომლებზე ხელმომწერთა ნოტარიული ხელწერილები წარადგინა აუდიტის დეპარტამენტში, ანუ პოსტფაქტუმ შედგენილი ნოტარიული ხელწერილები ჩაუთვალეს. სხვანაირად თუ შესყიდვის აქტის ხელმომწერი შემდგომში იგივეს ნოტარიული ხელწერილით დაადასტურებდა აუდიტორები უთვალისწინებენ ასეთ შესყიდვის აქტს, სხვა დანარჩენს არ უთვლიდნენ და ამ ნაწილში ბეგრავდნენ დღგ-ით. შესყიდვის აქტები იყო 460 793 ლარზე, ასევე შემდგომ წარდგენილი ნოტარიული აქტები აჩვენებს 272 320 ლარის შესყიდვებს. საგადასახადო ორგანომ სწორედ ეს ნოტარიულად წარდგენილი რიცხვი (272 320 ლარი) ჩათვალეს და უგულვებელყვეს დანარჩენი, მხოლოდ იმიტომ, რომ ნოტარიულად არ იყო, ანდა შემდგომ ვერ წარადგინეთო. სხვაობა შესყიდვის აქტებსა და ნოტარიულ ხელწერილებს შორის იყო 460 793-272 320=188 473 ლარი. შესყიდვის აქტების ნაწილში დასაბეგრ თანხად მითითებულია 263 317 ლარი, ხოლო დღგ-ის თანხა 47 397 ლარი. 188 473 ლარის გათვალისწინებით დასაბეგრი უნდა იყოს 263 317-188 473=74 844 ლარი. დღგ-ის თანხაც უნდა იყოს არა 47 397 ლარი, არამედ 74 844-ის 18%, ანუ 13 472 ლარი. განმარტებული იქნა აუდიტორებისთვისაც და საჩივრის ეტაპზეც ზემდგომი ორგანოსთვის, მაგალითად 1 000 კაცისგან რომ ყოფილიყო შესყიდული, მათ ნოტარიულ ხელმოწერას როგორ წარმოადგენდა?! ბაზარზე ანდა სოფელში სადღაც ველში რომ შეიძინოს სიმინდი, იქვე ნოტარიუსი სად უნდა იპოვოს და მითუმეტეს, როცა ეს ადგილი შეიძლება იყოს სხვადასხვა რაიონში ან სოფელში. არადა მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორებმაც ვერ იპოვეს გარკვეული პირები, შესაბამისად ამ კუთხითაც გაურკვეველია, როგორ უნდა იპოვოს კომპანიის ხელმძღვანელობამ ფიზიკური პირები, როცა საჯარო სამსახურისა და სახელმწიფოს რესურსის მქონე საგადასახადო ორგანომ ვერ იპოვა?! თუმცა კეთილსინდისიერი მცდელობით ნაწილი მოძიებულია იმ პირებისა ვინც კომპანიას მიყიდა მარცვლეული და ხელს აწერდა შესყიდვის აქტებს. რომ გარდაცვლილიყო ეს ერთ-ერთი პირი როგორ უნდა გადაწყვეტილიყო დავა?!
სადავო აქტებში არ ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოს წარმომადგენლებმა ყოველმხრივ, სრულყოფილად და გულმოდგინედ შეისწავლეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კომპანიის საქმიანობა. აუდიტორებმა უგულვებელყვეს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი შესყიდვის აქტები, ზედაპირულად და განმცხადებლის საწინააღმდეგოდ განმარტეს კანონმდებლობა. შეუძლებელი და ზედმეტი ტვირთი დააკისრა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. კანონმდებლობის უგულებელყოფაა, როცა კანონის შესაბამისად შედგენილ შესყიდვის აქტებს არაფრად თვლი და არ ითვალისწინებ მასში მოცემულ ინფორმაციას.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერი №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე.
ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. სწორედ რომ კანონმდებლობის ზუსტი დაცვით იყო შედგენილი შესყიდვის აქტები. ისინი ზუსტად შეესაბამებოდა კანონმდებლის მოთხოვნებსა და იმ ფორმით იქნა შედგენილი, რომელსაც საგადასახადო ორგანო ითხოვს გადასახადის გადამხდელისაგან. ამასთან, შესყიდვის აქტების კანონიერებისა, თუ მათი სიყალბის კუთხითაც რაიმე პრეტენზიები არ წარმოდგენილა ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. პირიქით მასში მოყვანილი რიცხვები დაუდო საფუძვლად შემოწმებისას გამოყვანილ რიცხვებს. სწორედ რომ ამ შესყიდვის აქტებში მოცემული რიცხვები გამოიყვანა აუდიტორებმა, როცა რეალიზაციის დათვლა მოახდინეს, თუმცა როცა საქმე მიდგა ამ აქტებში მოყვანილ ინფორმაციის ნამდვილობაზე (ჩვენს სასარგებლოდ გამოსაყენებელ ნაწილში) ორგანომ უგულებელყო ისინი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლი იძლევა გადამოწმების საშუალებას და არა შეუსაბამოდ და შეუძლებლის მოთხოვნას გადასახადის გადამხდელისგან. კაბინეტში მჯდომი საჯარო მოხელისთვის, ადვოკატისთვის, ადვილი სათქმელია წადი და მოიტანე ამ პირის ხელწერილი, თანაც ნოტარიულად დადასტურებული, თითქოს ეს ეხება იქვე გვერდით მეზობელ შენობაში გადასვლას და ყავის დალევას.
საქმე ეხება გლეხს, კანონმდებლის ენაზე ფერმერს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს გადასახადი და ბიუროკრატია. მეზობლის ტრაქტორით გლეხი მოდის შესყიდვის პუნქტში, მზეში, წვიმაში და აბარებს ტომრებით სიმინდს და მიდი ეხლა შენ მეწარმემ საგადასახადო ორგანოს თხოვნით, წადი და ხელახლა მოძებნე ეს პირი და ხელი მოაწერინე ნოტარიულად, თანაც ეს ეხება ძირითადად სოფელს, მოშორებულს ადმინისტრაციულ ცენტრებიდან და რაიონებს, სადაც არიან ნოტარიუსები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ვიღაცა მუშაობს სოფლის ფერმაში დაღამებამდე და სრულად სამუშაო დღეებში. ზოგი სახლში არაა, ზოგის სახლს ვერც აგნებ, ზოგჯერ მისამართი არის რომელიღაც სოფელი და მერე ეს სახლი ამ სოფელში გაურკვეველია სადაა და აშ. გასაჩივრებული აქტების მიმღებმა პირებმა არ გაითვალისწინეს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა სადავო აქტების მიღებას, არ იქნა გათვალისწინებული კანონიერად შედგენილი შესყიდვის აქტები. კანონი არ ითხოვდა ნოტარიულ ფორმას, ორგანომ მოთხოვა ის რაც კანონით არ უნდა მოეთხოვა, წარდგენილი კანონიერი შესყიდვის აქტები უსაფუძვლოთ დაიწუნა, ხოლო შემდეგ უკანონოდ მოითხოვა ნოტარიული დადასტურება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს დეკლარირებული აქვს დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია 750 818 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონელის ნაწილის შეძენაზე საწარმოს ფიზიკურ პირებთან შედგენილი აქვს შესყიდვის აქტები. გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა შესყიდვის აქტების აღნიშნული ფიზიკური პირების ხელმოწერის ნოტარიულად დადასტურება, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტაცია წარმოდგენილია ნაწილ ფიზიკურ პირებზე, ხოლო ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა ახსნაგანმარტება, რომ მათ არანაირი საქონელი არ მიუწოდებია შპს ---თვის (ს/ნ ---). მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ კომპანიას გააჩნდა შედარებით მცირე რაოდენობის იმპორტიც, თუმცა სადავო 750 ათასი ლარის საქონელი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. თუ მიეცემა დოკუმენტაციის წარდგენის გონივრული ვადა, შეძლებს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებზე ხელმოწერის ნამდვილობის ნოტარიულად დადასტურებას და მათ წარდგენას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო შესყიდვის აქტებზე ხელმოწერის ნოტარიულად დადასტურების აქტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2025 წლის №13852 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო შესყიდვის აქტებზე ხელმოწერის ნოტარიულად დადასტურების აქტები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ბუღალტრულად საქონლის ნაშთებში აღრიცხული და გადასახადის გადამხდელის ახსნაგანმარტებით განადგურებულად მიჩნეული საქონელის რეალიზებულად განხილვა;
2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციისას დღგ-ის ნაწილში გამოყენებული შეღავათის გაუქმება და დღგ-ის დარიცხვა შესყიდვის აქტების დაუდასტურებლობის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი ხორბლის, სიმინდის, ქერის, ქატოს და სხვა საქონლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სიმინდი, ამონიუმის გვარჯილა, საკვები დანამატები და სხვა) ნაშთი 176 166 ლარის ოდენობით (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე). აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მოცემული საქონელი ფაქტობრივად არ გააჩნია, ვინაიდან განადგურდა ძლიერი ნალექის გამო. გადამხდელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოცემული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი ჩაითვალა გადამხდელის მიერ რეალიზებულად (სმფ-ის ნაშთზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი) და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. რეალიზაციად განხილული საქონლიდან მიღებული თანხა შემცირდა საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთით (108 771 ლარი), რომლის შედეგად მიღებული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დღგ-საგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის რეალიზაცია 750 818 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონლის უდიდესი ნაწილი საწარმოს სააღრიცხვო პროგრამით შეძენილია სხვადასხვა ფიზიკური პირებიდან, რომლებზეც შედგენილია შესაბამისი შესყიდვის აქტები.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან განხორციელებული ოპერაციების ნოტარიულად დადასტურება, თუმცა გადამხდელის მიერ ნაწილ ფიზიკურ პირებზე მოხდა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ხოლო, ორმა ფიზიკურმა პირმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ არანაირი საქონელი არ მიუწოდებიათ მომჩივნისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ იმ საქონელზე, რომელზეც ვერ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტაცია არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და საქონელი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სადავო შესყიდვის აქტებზე ხელმოწერის ნოტარიულად დადასტურების აქტები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 145 (6); 159 (1); 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1ა); 72 (1); 172 (4, უ).