გადაწყვეტილება №21012/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 21012/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21012/2/2023

27 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ს 9.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21012/2/2023).

 

დავის საგანი:

დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №006-369 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №22977 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 125 318 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 71 452

დღგ - 27 430

საშემოსავლო გადასახადი - 44 022

ჯარიმა - 32 643

საურავი - 21 223

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში, რისთვისაც ძირითადად იყენებს მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №3129 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს როგორც საშემოსავლო გადასახადის წლიური, ისე დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები. მათი მონაცემების შედარებისას ირკვევა, რომ 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვებზე, რაც თავის მხრივ ძირითადად შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან. დღგ-ის დეკლარაციებთან გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- მომჩივანმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. ამ გარემოების საფუძველზე, გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილება და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. ამისათვის ანალიზი ჩაუტარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მ.შ. მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. შედარებისას გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტებოდა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. საბანკო ანგარიშის ანალიზის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე გადახდა, რომელიც ასევე არ შეესაბამებოდა დოკუმენტურად გაფორმებულ მომსახურებებს. იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ეყრდნობოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც მეწარმეს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად, დეკლარირებულ მონაცემებშიც. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა იმავე პერიოდებში გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- საგადასახადო შემოწმება დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის მიმართვის საფუძველზე. რევიზიის დანიშვნის დადგენილებაში მითითებულია მეწარმეზე გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესახებ. კერძოდ, გადამხდელს შპს „-----გან“ (ს/ნ -----) მიღებული აქვს ანგარიშფაქტურები: ეა------, ეა----- და ეა-----, სადაც მითითებულია 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში სულ 44 190 ლარის ღირებულების მომსახურების (სატვირთო მანქანის და მისაბმელის ტენტის შეკეთება, ზეთის შეცვლის მომსახურება და რემონტი) გაწევაზე. გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა და ვერც საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შინაარსით დასტურდებოდა ამ მნიშვნელოვანი ხარჯების (რომლის ღირებულება გაცილებით მეტია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაზე) გაწევის გარემოებები და მიზნობრიობა. შესაბამისი ჩათვლები (6 740.84 ლარი) გადამხდელის მიერ სრულად იყო გამოყენებული. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს ჩაითვალოს შეძენისას გადახდილი/გადასახდელი დღგ, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისათვის. გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა და შეუძლებელი გახდა აღნიშნული მომსახურების დასაბეგრ ოპერაციებში და საერთოდ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას.

- გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია შესაბამისი გამოქვითვების შესახებ. გადამხდელმა არ წარადგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება. მ.შ.: 1) გამოქვითვას არ დაექვემდებარა შპს „------გან“ მიღებული შეძენები, ვინაიდან არ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება; 2) გამოქვითვიდან გამოირიცხა 2022 წლის დეკლარაციით ნაჩვენები საპროცენტო ხარჯები, ვინაიდან მათი არსებობა და მიზნობრიობა სხვადასხვა მონაცემებით, მ.შ. საბანკო ანგარიშებით, არ დასტურდება; 3) გამოქვითვას დაექვემდებარა ბანკის მომსახურების ხარჯები (საბანკო ანგარიშის საფუძველზე); 4) გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული და შემდგომ პერიოდებში გადატანილი ზარალი, რაც შემოწმების მიხედვით არ დადასტურდა. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- გადასახადის გადამხდელმა, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. წარდგენილი ფრაგმენტული მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45 ლ 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, ექვემდებარება ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას ექვემდებარება სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №17539 ბრძანება და №006-369 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 125 318 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 19 სექტემბრის №22977 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 79- ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 106-ე, 107-ე, 121-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლის და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ასევე გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 61-ე, 73-ე, 105-ე, 106-ე, მე-2, 173-ე, 174-ე 175-ე, 176-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებული „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ პირველ მუხლზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ვერ დადასტურდა შეძენილი საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, მართლზომიერად განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის შემცირება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმე ეწევა გადაზიდვით მომსახურებებს და ახდენს ყველა შემოსავლის და ხარჯის სრულად აღრიცხვას. შესაბამისად, დეკლარირებით დასტურდება ყველა შემოსავალი. იწერება შესაბამისი პირველადი დოკუმენტები და ხდება აღრიცხვა. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის №006-369 საგადასახადო მოთხოვნა.

18.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც აღნიშნულია:

სადავო საკითხი №1 - ნაწილობრივ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით მიღებული შემოსავლები ნამდვილად განსხვავდება მეწარმის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამავე პერიოდში მიღებული შემოსავლებისგან, თუმცა მაინც განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული სხვაობისგან. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მოახდინოს აღნიშნული სადავო საკითხით გამოწვეული დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.

სადავო საკითხი №2 - ტვირთების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით. მაღალი დატვირთვის პირობებში, გაიზარდა სატვირთო მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. იმისათვის რომ კლიენტებთან ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო (ამ სფეროში მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორობა), უწევდა სხვა სატვირთოების ქირაობა. უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებს ქირაობდა თავისი ოჯახის წევრებისგან. ასეთ შემთხვევებში ანგარიშსწორება ცხადია საბაზრო ფასით ხდებოდა, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი სარგებლობდნენ მომჩივნის მომსახურებით. ასეთ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებში გამოჩნდებოდნენ სხვა პირები, მისი ოჯახის წევრების კლიენტები. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით გაზარდა საგადასახადო ორგანომ დასაბეგრი ბრუნვები, როგორც დღგ-ის ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. სულ ჯამში დედაზე - ------ზე და დაზე - ------ზე გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება (ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით) შეადგენს დაახლოებით 25 000 ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე აღნიშნული თანხის ოდენობით უნდა შემცირდეს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მოახდინოს აღნიშნული სადავო საკითხით გამოწვეული დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება.

სადავო საკითხი №3 - უცნობია თუ ვის გამოკითხვებზეა საუბარი საგადასახადო შემოწმების აქტში, მოცემულ მომენტამდე არ გადასცემია მასალები. თუმცა, როდესაც საგადასახადო ორგანო ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხარჯი დაუსაბუთებლად ბევრია და ავტომობილის ღირებულებასაც კი აღემატება, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ ავტომობილი არის 2005 წელს გამოშვებული. ამ წლოვანების სატვირთო ავტომობილის ფასი მართლაც არ არის მაღალი და ამის მთავარი მიზეზი სწორედაც რომ მაღალი საექსპლოატაციო ხარჯებია. იყო ფაქტები, როდესაც ძვირადღირებული დეტალები გამოსულა მწყობრიდან (ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ა.შ.), ასევე სამგზავრო ავტომობილზე ბევრად ძვირი ღირს ცვეთადი ნაწილები და საპოხი მასალები, საერთო ჯამში ავტომობილის საექსპლოატაციო ხარჯებმა 2020-2023 წლებში მართლა ბევრად გადააჭარბა მის ღირებულებას, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნა, ეს სავსებით ბუნებრივია. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა დღგ-ის ჩათვლების გაუქმება. ასევე, ითხოვს დაევალოს, მოახდინოს მსგავსი საქმიანობით დაკავებული პირების სატვირთო ავტომობილების ხარჯების ანალიზი, რაც საშუალებას მისცემს, რომ დარწმუნდნენ მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებში.

სადავო საკითხი №4 - რაც შეეხება გამოქვითულ სესხის პროცენტებს, აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს სასესხო ხელშეკრულებებს. შპს „-----გან“ შეძენილი მომსახურების ღირებულებით ხარჯების ნაწილში მოთხოვნა იგივე აქვს, რაც მე-3 სადავო საკითხში, ხოლო რაც შეეხება სესხის პროცენტების გამოქვითვას, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლონ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მასალები.

სადავო საკითხი №5 - საგადასახადო შემოწმების მიერ საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მანძილის მიხედვით. აღნიშნული მიდგომით შეუძლებელია სრული სურათის აღდგენა, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტირების საწყის ადგილამდე მისვლის მანძილი. მაგალითად, ტრანსპორტირება დაიწყო 2021 წლის 1 ივნისს ქ. ------, -----ს ქ. №---დან და დასრულდა ქ. ------ში, ------ს ქ. №---ში. 2021 წლის 2 ივნისს ამავე სატვირთო ავტომობილით შესრულებულია რეისი ქ. ------დან, -----დან ქ. -----ში, -----ს ქ. №---ში. მოცემულ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გაანგარიშებული ქ. ----, ----ს ქ. №---დან ქ. -----ში, -----მდე გავლილი მანძილი. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ხელახლა მოხდეს სადავო საკითხის შესწავლა. მზად არის გაანგარიშებები წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს და აუდიტორებთან ერთად მოხდეს მათი ანალიზი.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.

საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანებით დამტკიცებული „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა) გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესის“ პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

2. გადასახადის გადამხდელი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულია სრულად აღრიცხოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო ოპერაცია.

3. ერთობლივი შემოსავლიდან საწვავის ხარჯის გამოსაქვითად აუცილებელი პირობაა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფილ იქნეს ქვემოთ მოყვანილი პირობების დაცვა და მისი დოკუმენტურად დადასტურება, კერძოდ:

ა) საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა;

ბ) საწვავის შესაბამის ძირითად საშუალებაზე გაცემის დადასტურება;

გ) შეძენილი და გახარჯული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №104822-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად:

1) გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს როგორც საშემოსავლო გადასახადის წლიური, ისე დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები. მათი მონაცემების შედარებისას გაირკვა, რომ 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია შესაბამისი პერიოდების (თვეების) დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვებზე (რაც თავის მხრივ ძირითადად შესაბამისობაში იყო მეწარმის მიერ ამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პარამეტრებთან). გამოვლენილი სხვაობის მიხედვით შესაბამისი წლების ერთობლივი შემოსავლები დაექვემდებარა გაზრდას.

2) გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება საქართველოში, რისთვისაც ძირითადად იყენებდა მის საკუთრებაში არსებულ სატვირთო ავტომობილს. მომჩივანმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. შესაბამისად, გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსი 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ამისათვის ანალიზი ჩაუტარდა ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებს, მ.შ. მის საკუთრებაში არსებული ავტომობილის (------) მეშვეობით სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ გადაზიდვებს. გამოვლინდა ისეთი გადაზიდვები, რომლებიც ვერ განიმარტებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული კონკრეტული გადაზიდვების მიხედვით ამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. წარდგენილი საბანკო ანგარიშის შესწავლით გამოვლინდა რამდენიმე გადახდა, რომელიც ასევე არ შეესაბამებოდა დოკუმენტურად გაფორმებულ მომსახურებებს. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ დღგ-ში დეკლარირებული მონაცემები ეყრდნობოდა გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, დადასტურდა ისეთი გადაზიდვების არსებობა, რაც გადასახადის გადამხდელს ასახული არ ჰქონდა გამოწერილ დოკუმენტებში და შესაბამისად დეკლარირებულ მონაცემებშიც. აღურიცხავი სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა იმავე პერიოდებში მეწარმის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული ფასები გადაზიდვის დისტანციების მიხედვით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა.

3) საგადასახადო შემოწმება დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის მიმართვის საფუძველზე. რევიზიის დანიშვნის დადგენილებაში მითითებულია გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესახებ. კერძოდ, მომჩივანს შპს „-----გან“ (ს/ნ ------) მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები: ეა------, ეა----- და ეა------, სადაც მითითებულია 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში 44 190 ლარის ღირებულების მომსახურების (სატვირთო მანქანის და მისაბმელის ტენტის შეკეთება, ზეთის შეცვლის მომსახურება და რემონტი) გაწევაზე. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა და ვერც საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შინაარსით დასტურდებოდა ამ მნიშვნელოვანი ხარჯების (რომლის ღირებულება გაცილებით მეტია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაზე) გაწევის გარემოებები და მიზნობრიობა. შესაბამისი ჩათვლები (6 740.84 ლარი) გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად იყო გამოყენებული. მომჩივანი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა და შეუძლებელი გახდა აღნიშნული მომსახურების დასაბეგრ ოპერაციებში და საერთოდ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დადასტურება. შემოწმების მიერ ზემოთაღნიშნული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას.

4) გადასახადის გადამხდელს წარდგენილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია შესაბამისი გამოქვითვების შესახებ. მეწარმემ შემოწმებისას არ წარადგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება. მათ შორის:

1. გამოქვითვას არ დაუქვემდებარა შპს „----გან“ მიღებული შეძენები, ვინაიდან არ დადასტურდა მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება;

2. გამოქვითვიდან გამოირიცხა 2022 წლის დეკლარაციით ნაჩვენები საპროცენტო ხარჯები, ვინაიდან მათი არსებობა და მიზნობრიობა სხვადასხვა მონაცემებით, მ.შ. საბანკო ანგარიშებით, არ დადასტურდა;

3. გამოქვითვას დაექვემდებარა ბანკის მომსახურების ხარჯები (საბანკო ანგარიშის მიხედვით);

4. გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარირებული და შემდგომ პერიოდებში გადატანილი ზარალი, რაც შემოწმების მიხედვით არ დადასტურდა.

5. მომჩივანმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარმოუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. წარდგენილი ფრაგმენტული მონაცემებით ცნობილი გახდა მხოლოდ გამოყენებული საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ (45 ლ 100 კმ-ზე). ამ და სხვა (მ.შ. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული სატრანსპორტო გადაზიდვების დისტანციების შესახებ) მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება. საწვავის შეძენაზე გაწეული ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დადასტურდა, დაექვემდებარა ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას დაექვემდებარა სპეც. ანგარიშფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა არგუმენტირებული დასაბუთება შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, მომჩივანი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში დავის განხილვისას.

18.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა დავების განხილვის საბჭოში წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც გამოყოფს 5 სადავო საკითხს და წარმოადგენს თავის პოზიციას დარიცხვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პოზიცია/არგუმენტაცია საჭიროებს შეფასებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №22977 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

- გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს როგორც საშემოსავლო გადასახადის წლიური, ისე დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები. მათი მონაცემების შედარებისას ირკვევა, რომ 2020 და 2021 წლების ერთობლივი შემოსავალი ნაკლებია შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებულ დასაბეგრ ბრუნვებზე, რაც თავის მხრივ ძირითადად შესაბამისობაშია გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან. დღგ-ის დეკლარაციებთან გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

- მომჩივანმა, ორგზის მოთხოვნის მიუხედავად, საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტების შეფასება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. შესაბამის პერიოდებში მოხდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და ერთობლივი შემოსავლების გაზრდა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

- საგადასახადო შემოწმება დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის მიმართვის საფუძველზე. რევიზიის დანიშვნის დადგენილებაში მითითებულია მეწარმეზე გამოწერილი რამდენიმე საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესახებ. სადაც მითითებულია 2022 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში სულ 44 190 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევაზე. გადამხდელმა შემოწმებასთან არ ითანამშრომლა და ვერც საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შინაარსით დასტურდებოდა ამ მნიშვნელოვანი ხარჯების (რომლის ღირებულება გაცილებით მეტია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაზე) გაწევის გარემოებები და მიზნობრიობა. შესაბამისი ჩათვლები (6 740.84 ლარი) გადამხდელის მიერ სრულად იყო გამოყენებული. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული ჩათვლები დაექვემდებარა გაუქმებას.

- გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, სადაც მითითებულია შესაბამისი გამოქვითვების შესახებ. გადამხდელმა არ წარადგინა გამოქვითვების დეტალური გაშიფვრა. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული დოკუმენტური შეძენების და სხვა ცნობილი მონაცემების საფუძველზე მოახდინა გამოქვითვების კორექტირება. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

- გადასახადის გადამხდელმა, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, შემოწმებას არ წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დაადასტურა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მ.შ. ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, ექვემდებარება ამოღებას შესაბამისი პერიოდების გამოქვითვებიდან. გარდა ამისა, შესაბამის შემცირებას ექვემდებარება სპეც. ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა")(9"ბ"), 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2), 106"ა", 107(1), 121(3), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 174, 175(1"ა"), 176(1"ა").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 173(1), 174(1"ა")(2"ა.ა").

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის N 230 ბრძანება.