გადაწყვეტილება №20050/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20050/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------22.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20050/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №159-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13079 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 76 632 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 38 843
დღგ - 7 335
საშემოსავლო გადასახადი - 30 940
ქონების გადასახადი - 568
ჯარიმა - 17 875
საურავი - 19 914
ფაქტების აღწერა
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით, რომლის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №31297 ბრძანება და ამავე თარიღის №159-3 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 13.06.2023 წლის №13079 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილებით, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებით, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №31297 ბრძანებასა და ამავე თარიღის №159-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, არ ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და სადავო დოკუმენტების გაცნობისთანავე მოხდა მისი გასაჩივრება. ამ პერიოდში მას არ ჩაბარებია არც წერილობით და არც ელექტრონულად შემოწმების მასალები. გასაჩივრება მოხდა გაცნობიდან 30 დღის ვადაში. მომჩივანი ითხოვს აღდგენილ იქნას გასაჩივრების ვადა და მოხდეს ხელახლა განხილვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №65353-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს 5.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №31297 ბრძანება და №159-3 საგადასახადო მოთხოვნას ადრესატი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია, ასევე აღნიშნული აქტები გაეგზავნა ადრესატს, 20.12.2022 წელს და 12.01.2023 წელს იურიდიულ მისამართზე (ქ. -----------), ხოლო 7.02.2023 წელს ფაქტობრივ მისამართზე (ქ. -----------), თუმცა დოკუმენტების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
აღნიშნული დოკუმენტები 20.03.2023 წელს გავრცელდა საჯაროდ და ჩაბარებულად ჩაითვალა 9.04.2023 წელს. მომჩივანი გასაჩივრებულ აქტებს ელექტრონულად გაეცნო 15.05.2023 წელს.
მომჩივანმა აღნიშნულ აქტებზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 17.05.2023 წელს.
ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.
ამდენად, მიუხედავად იმისა რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტების ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №159-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ განუხილველად დატოვება არამართლზომიერია.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
ამდენად, შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13079 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13079 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოცემული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 13.06.2023 წლის №13079 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;299(4);44(10);
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის