ბრძანება N 31485
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31485
14 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---) (მის.: ---) 2023 წლის 3 ნოემბრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №84649/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ოქტომბრის №041-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კერძოდ, ფასნამატს და საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშებაში აღებული რიცხვები არ დასტურდება დოკუმენტაციით, ასევე, შეცდომებია დაშვებული ფასნამატის დაანგარიშებისას. კერძოდ, ცალკეულ საქონელზე იდენტიფიცირებულია გაყიდული საქონლის ფასები, რაც არ არის შეპირისპირებული შესყიდული საქონლის ფასებთან და იწვევს არასწორ ფასნამატს. შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული სმფ-ების ნაშთი, რომელიც საწარმოს გააჩნია და შემოწმებით რეალიზებულად არის ჩათვლილი. მიუთითებს, რომ კომპანიას გააჩნდა საბითუმო რეალიზაცია, რაზეც დოკუმენტი არ არის გამოწერილი, მაგრამ მიღებული შემოსავალი ფიქსირდება პორტალზე და საბანკო ამონაწერში. აცხადებს, რომ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამისად, მოხდა საცალოდ რეალიზებული საქონლის ორმაგად დაბეგვრა, რაც არამართლზომიერია. ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების მათ შორის, სანქციის კორექტირებას.
2. არ ეთანხმება იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას და 10%-იანი ფასნამატის გავრცელებას. ასევე არ ეთანხმება შეძენილი საწვავის მიწოდებად განხილვას. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საწვავი იხარჯებოდა მიზნობრივად, კერძოდ, კომპანია აღნიშნულ საწვავს იყენებდა ტერიტორიის კეთილმოსაწყობად და შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებისთვის. ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების მათ შორის, სანქციის კორექტირებას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებას. აცხადებს, რომ საწარმოს არ უფიქსირდება სესხის აღება და შესაბამისად, საქონლის შეძენა ვერ მოხდებოდა კაპიტალში შენატანის გარეშე. ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების მათ შორის, სანქციის კორექტირებას.
4. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №18420 და 20 სექტემბრის №23134 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 31 მარტიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24624 ბრძანება და ამავე თარიღის №041-74 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 191 852 ლარი, მათ შორის, გადასახადი 123 660 ლარი, ჯარიმა 61 763 ლარი, საურავი 6 429 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, პირის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, შავი და ფერადი ლითონებით და საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელით და თამბაქოს ნაწარმით, ხოლო დოკუმენტური დამუშავებისა და გადამხდელის ახსნა-განმარტების შედეგად დგინდება ავტონაწილებით ვაჭრობაც.
საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. პირს არ უფიქსირდება ბიუჯეტში გადახდები. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს არ გააჩნია სმფები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების მიხედვით, მოხდა შეძენილი საქონლის დაყოფა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა აუდირებული ფასნამატი და გადანაწილებულ იქნა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, ხოლო ცალკეული კატეგორიის საქონელზე მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. ამასთან, პირს შეძენილი აქვს შავი ლითონის ჯართი, რომლის რეალიზაცია არ უფიქსირდება. შემოწმებით მოხდა შეძენილ თანხაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება 25%-ის ოდენობით. მიღებული თანხა გათვალისწინებულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. შემოწმების პერიოდში შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, სასაქონლო პროგრამა, ექსელის ცხრილები, ახსნა-განმარტების სახით მოწოდებული ინფორმაცია.
ფულის მოძრაობის ანალიზისთვის გათვალისწინებული იქნა საბანკო ამონაწერები, გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არსებული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები, გაწეული ხარჯი/გადახდები (მ.შ. ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები არ ფიქსირდება). ანალიზის მიხედვით, მიღებული განკარგვადი თანხა, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახდის გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. საიჯარო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეიჯარის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის გახარჯული იქნა სამშენებლო მასალა (ცემენტისა და ქვიშა-ღორღის გარდა) 93 633 ლარის ოდენობით დღგ-ის გარეშე, რაც დასტურდება დოკუმენტურადაც. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, საწარმო 8 თვეა აღარ საქმიანობს, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმიანობას ეწევა სხვა პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 1601 მუხლის თანახმად, ფორმა-შინაარსიდან გამომდინარე, იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობაზე/მშენებლობაზე გაწეული ხარჯები, საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის მომენტში ჩაითვალა სამშენებლო მომსახურების მიწოდებად. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 135 550 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საწვავი, რაზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმო აღნიშნულ საწვავს იყენებდა ტერიტორიის კეთილმოსაწყობად, ნაწილს - შეძენილი საქონლის ტრანსპორტირებისთვის. საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება სატრანსპორტო საშუალება, ასევე არ ფიქსირდება იჯარით აღების ან ქირავნობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 1601 მუხლების თანახმად, აღნიშნული საწვავი ჩაითვალა მიწოდებულად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, შემოწმებამ ზემოაღნიშნული თანხა მიიჩნია დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, მომსახურების გაწევად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შედეგად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შეძენილი საქონლის თვითღირებულება განისაზღვრა პირის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადების დამუშავების შედეგად. კერძოდ, შეძენილი საქონელი დაიყო შესაბამისი კატეგორიებისა და პერიოდების მიხედვით, რაზეც შემდგომ გავრცელდა ფასნამატი და გადანაწილებულ იქნა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად. ამასთან, შემოწმებისას პირის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, საწარმომ მოახდინა ვადაგასული საქონლის გადაყრა და ცალკეული კატეგორიის საქონლის საცხოვრებელ სახლში წაღება. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით, სმფ-ების ნაშთი დადგინდა ნული.
გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს მხრიდან წარმოდგენილი იყო არასაკმარისი ინფორმაცია, ვერ მოხდა საბითუმო და საცალო საქონლის გამიჯვნა. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრის განხილვისას გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ სამშენებლო მასალაზე შემოწმებით განსაზღვრულია საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, რაც დოკუმენტების სიმცირის გამო წარმოადგენს არასწორ ფასნამატს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სამშენებლო მასალაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საწარმოს მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია იჯარით აღებულ ტერიტორიაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების და საწვავის გახარჯვის შესახებ. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც პირის ინფორმაციით, იჯარით აღებული ტერიტორიის კეთილმოსაწყობად იყო გამოყენებული, არ წარმოადგენს საწარმოს საკუთრებას. შედეგად, აღნიშნული საწვავი ჩაითვალა მიწოდებულად და დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, შეძენილი საწვავის მიწოდებად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება სატრანსპორტო საშუალება, ასევე არ უფიქსირდება იჯარით აღების ან ქირავნობის ფაქტი, საწვავის მიწოდებად განხილვა და გადასახადებით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრასთან მიმართებით, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ იჯარით აღებული ფართის კეთილმოსაწყობად საწარმომ გასწია ხარჯი, რის შემდგომ ვეღარ მოახერხა საქმიანობის გაგრძელება. ასევე, მიუთითებს, რომ მეიჯარე და მოიჯარე პირები არ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ოპერაციის დღგით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა მართლზომიერია, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომსახურების მიწოდებად განხილული იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის/მშენებლობის ღირებულება, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის, განსაზღვროს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებით (თვითღირებულებით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოახდინოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ფულის მოძრაობის ანალიზისთვის გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ, ასევე გაწეული ხარჯი/გადახდები, რის საფუძველზეც მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს შემოწმებისთვის არ წარუდგენია კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, გადამხდელის აპელირება განკარგვადი თანხის კაპიტალის შემცირებად მიჩნევასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს განმარტავს, რომ განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სამშენებლო მასალაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომსახურების მიწოდებად განხილული იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის/მშენებლობის ღირებულება, დღგით დაბეგვრის მიზნებისთვის, განსაზღვროს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებით (თვითღირებულებით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოახდინოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება;
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. არ ეთანხმება იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას და 10%-იანი ფასნამატის გავრცელებას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილული განკარგვადი თანხის კაპიტალის შემცირებად დაკვალიფიცირებას.
4. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ოქტომბრის №24624 ბრძანება და ამავე თარიღის №041-74 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 191 852 ლარი, მათ შორის, გადასახადი 123 660 ლარი, ჯარიმა 61 763 ლარი, საურავი 6 429 ლარი.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სამშენებლო მასალაზე გაავრცელოს აუდირებული ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომსახურების მიწოდებად განხილული იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის/მშენებლობის ღირებულება, დღგით დაბეგვრის მიზნებისთვის, განსაზღვროს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებით (თვითღირებულებით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, მოახდინოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება;
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სალაროს განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 101; 154; 159; 163; 164; 160; 1601; 269 (7).